ლელა ჩხარტიშვილი
ხინკალი, ხაჭაპური და სტალინი!
ჯერ არ იყო კორონას კარანტინი დაწყებული, რომ ლესელიძის ქუჩაზე გავიარე....საეკლესიო წიგნების მაღაზიების დათვალიერება მინდოდა... ეკლესიების წინ, მაღაზიებში და საერთოდ ამ ქუჩაზე ძალიან ბევრ მაღაზიაში ძირითადად სუვენირები (საჩუქრები) იყიდება...გამვლელ-გამომვლელი ტურისტების თვალს რომ მოხვდება და ჩვენს ქვეყანას რომ დაამახსოვრებინებს...
ფართო პლანით არის გამოფენილი და თითქმის ყველგან თვალში მეჩხირებოდა სტატუეტები, რომლებიც ეროვნულ სიმბოლოებს წარმოადგენენ. მაგალითად, ხინკლების, ხაჭაპურების, კახურ ქუდჩამოფხატებული, ღიპიან-ულვაშებიანი ბიძების, ხელში ყანწებით და რაც ყველაზე მთავარია....ნაირ-ნაირი ფერებით და მასალით დამზადებული სტალინის სტატუეტები..ასევე მატროშკები, დოქები, ჩანთები, თეფშები, თასები, ქუდები და ათასი სხვა რამ ნივთი, მისი გამოსახულებებით აჭრელებული...
და მე დამებადა კითხვა.. ნუთუ ჩვენი სამშობლო უცხოელის თვალში მხოლოდ სტალინთან და ხინკალთან ასოცირდება?...ნუთუ სხვა ცნობილი მსოფლიო გლობალური მოღვაწე არ გვყავს?...თუმცა ის ღირებულებები, რითაც ჩვენი ერი, წესით, თავს უნდა იწონებდეს, სამყაროს ალბათ უკვე აღარ აინტერესებს...
თუკი ჩადიან ვარშავაში, როგორც შოპენის სამშობლოში..(და ის მათი, ასე ვთქვათ, „სავიზიტო ბარათია“)... აქაც რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ, როგორც რუსთაველის ქვეყანაში?...თუმცა რა რუსთაველი? ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ იმჟამად არსებული რუსთაველის ინსტიტუტი პარადოქსია, მაგრამ ფაქტია...რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი რუსთაველს და მის „ვეფხისტყაოსანს“ ებრძოდა ...
ეს იქეთ იყოს...ერთი ახლობელი მყავს.. რომელსაც წინაპრები სტალინმა გადაუსახლა, დაუხვრიტა და ამანაც, როგორც რეპრესირებულთა შვილიშვილმა თავის თავზედაც ბევრწილად იწვნია ობოლი მშობლების ტრაგიკული ხვედრი...
პედაგოგის პროფესიით შემოსული თანხა მის ოჯახს რადგანაც არ ჰყოფნის, ქუდებს ქსოვს და მაღაზიებში აბარებს, დამატებითი შემოსავალი რომ მიაშველოს ოჯახს.
ჰოდა, ახლა მეუბნებოდა...რადგანაც კომერციული თვალსაზრისით მომგებიანია, აბა, ისე ეს ქუდები არ იყიდება. ავდგები და ზედ სტალინის სახეს დავაქარგავო - რა დროს პრინციპებია, ერთი ორი კაპიკით მეტი შემოსავალი ოჯახს არ აწყენდაო...
მართლაც, მეგობრებო...აბა რა დროს პრინციპებია?...(პრინციპები ვჭამოთ?)...ხინკალი, ხაჭაპური, სტალინი და მისი ჯანი!
ნანახია: (1130)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას