“ვფიქრობ, მეუფე იოანე იძულებულია, სარკაზმული განცხადებები გააკეთოს”, – ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მამა ანდრია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„მეუფე იოანემ თქვა, მამა ანდრიას სიტყვა და საქმე არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს, სტუდენტობიდან ვიცნობდიო. მეუფე იოანეს საპასუხოდ ასეთ რამეს ვიტყოდი – მასთან სულ 3-ჯერ მქონდა შეხვედრა, როგორც სხვები მიცნობენ, ისე მიცნობს ისიც, რამე განსაკუთრებული ურთიერთობა მასთან არ მქონია. 2012 წელს, როცა სასულიერო აკდემიაში პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნა, სტუდენტებმა ხელმოწერები შეაგროვეს, პრობლემური საკითხები დასვეს, მაშინ მეუფე იოანე გაგდებული იყო აკადემიიდან. გააგდეს, მაგრამ განათლების სფერო ჩააბარეს. ჩვენ მივედით მასთან და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა სტუდენტებს, თქვენ მართლები ხართ და მამა გიორგი ზვიადაძე არის ამ საქმეში მტყუანიო, ანუ მამა გიორგი რექტორი არ უნდა იყოსო. ჩვენ დაგვეთანხმა, წერილიც მიიღო, პატრიარქთანაც მიიტანა და, შესაბამისად, სიტყვა და საქმე ემთხვეოდა ერთმანეთს. თუ მას რამე ჰქონდა ისეთი, რომ ჩვენი სიტყვა საქმეს არ ემთხვეოდა, მინიმუმ ხომ უნდა ეთქვა ჩვენთვის, რომ არ ხართ მართლებიო? ბოლო შეხვედრა გვქონდა 2017 წელს, მაშინ უკვე მღვდელი ვიყავი, ვისაუბრეთ იმავე თემებზე, მეუფე იოანემ უფრო მეტი ინფორმაცია მომაწოდა, რასაც, უბრალოდ, აღარ ვიტყვი, პრივატული საუბარი იყო. იქაც დამიდასტურა იგივე, რაც 2012 წელს იყო. მის გონებაში არაფერი შეცვლილა. ერთ აზრზე ვიდექით მაშინაც, პროტოპრესვიტერთან მიმართებით.
ახლა დღეს რომ ამას აცხადებს, ვფიქრობ, იძულებულია სარკაზმული განცხადებები გააკეთოს და ეს არ მოდის მისი გულიდან. როგორც უფალი ამბობს, ყოველი სიტყვისთვის განისჯებიო, ვიტყოდი, რომ მეუფე იოანე თითოეული სიტყვისთვის ღვთის წინაშე აუცილებლად აგებს პასუხს“, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
ცნობისთვის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე მამა ანდრია სარიას მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
„მამა ანდრიას მე ვიცნობ სტუდენტობიდან და ახლაც ვიცნობ მისი საქმეებით, ვიცნობ სიტყვით. მისი სიტყვა და საქმე ბევრჯერ არ ემთხვევა, ეს მისი პრობლემაა. ახალი რამე განცხადება თუ გააკეთა, არ ვიცი. მე არ მომისმენია ჩანაწერები.
1983 წლიდან მე ვარ პატრიარქის გვერდით. არც მინახავს, არც გამიგია და არც მსმენია ვინმესგან და სარია რატომ აკეთებს ამას, თვითონ აგოს პასუხი თავის სიტყვებზე. მე არ ვიცი, ვინ რისთვის იბრძვის. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს
“, – განაცხადა მეუფე იოანემ.
ცნობისთვის, მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიხედვით, შევიწროება საპატრიარქოში მოხდა.
,,სოდომის ვირუსი სულისმკვლელია, პატრიარქო და მისგან თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. კორონავირუსი სხეულს კლავს, ის კი სულის წარწყმედას უწყობს ხელს… ეს რომ შეინანოთ და ღვთისმშობელი გაახაროთ, მაგაზე ვლოცულობთ“, – დაწერა მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში.
თამუნა შეყილაძე
ნანახია: (1688)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას