logo.png

ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა

                                                                               (აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა)

                                                                 
9 თებერვალს (ძვ. სტ. 09.02) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს აღმოყვანებას ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (438). მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი - იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს.
იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმიდა მამის ნაწილების კონსტანტინეპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450) თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში სიწმიდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილებმა მღვდელმთავრის კუბოს ძვრაც ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმიდანს თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმიდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე ოქროპირის ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინოპოლში 438 წელს მოხდა. სიწმიდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. მეფემ მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმიდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“ პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა „მშვიდობა ყოველთა!“
ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტებს იოანე ოქროპირის წერილიდან მედავითნე თეოდოტესადმი, რომელიც მას გადასახლებიდან გაუგზავნა:
„რას ამბობ? იმაზე მეტი ტალღები აზვირთდა შენს წინააღმდეგ, ვიდრე მოელოდი, და ამიტომ მწუხარებ? მაგრამ სწორედ ამიტომაც უნდა გიხაროდეს და ზეიმობდე. ყოველ შემთხვევაში, ამგვარად იქცეოდა მსგავს შემთხვევებში მოციქული პავლე; მაგალითად, ის ამბობდა: „არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა“ (რომ. 5,3); ან სხვა ადგილას: „აწ მიხარის ვნებათა მათ შინა“ (კოლას. 1,24). სინამდვილეში, რაც უფრო ძლიერი და მძაფრია ქარიშხალი, მით მეტია მოგება, მით უფრო ბრწყინვალეა გვირგვინები მოთმინებისთვის, მით უფრო აღმატებულია ჯილდო.

თუმცა, შენში სრულიად დარწმუნებული ვარ, ვიცი შენი ერთგულება, მოუდრეკლობა და სიმტკიცე; და თუკი ვწუხვარ და ვტირი, – მათ გამო, ვინც შენს წინააღმდეგ ხრიკებს ხლართავს; – იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც შენთვის უნდა ზრუნავდნენ, შენი მტრების რიცხვში არიან. 
რაც შეეხება შენზე მოწევნულ დევნულებებს, გთხოვ (როგორც ზემოთაც გითხარი), გიხაროდეს ამის გამო, როგორც მე ვხარობ ამისთვის შენს გამო. ვიცი, აქედან რა ნაყოფიც აღმოცენდება შენთვის, მოთმინების გამო. ნურაფრის გეშინია და არაფერმა შეგაძრწუნოს, რაც გინდა მოხდეს.
მხოლოდ ერთია ნამდვილი სადარდებელი – ცოდვა. სხვა ყველაფერი, შენი მხრივ გულმოდგინებისა და სიფხიზლის შემთხვევაში, გახდება უდიდესი წყარო მონაგარისა და დიდი ნამატით შეგძენს ზეციურ გამოუთქმელ სიკეთეებს“. 
 
 

ნანახია: (1593)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას