logo.png

ლელა ჩხარტიშვილი

მსხვერპლის გაღება სიყვარულისთვის

 

გიორგობას ვულოცავ დეკანოზ გიორგი მამალაძეს!

აბბა ბესარიონის ცხოვრებაში ადრე წავიკითხე. არის ასეთი მომენტი... ერთი ბერი გააძევეს მონასტრიდან, რადგან ისეთი საქციელი ჩაიდინა, რაც ვითომდაც არ ესადაგებოდა მონასტრის წესსა და რიგს...ანუ ასე ვთქვათ, შეუფერებელი იყო თანამდებობისთვის...ადგა ეს აბბა ბესარიონიც (მონასტრის სხვა წევრი) და კარებისკენ გასწია . - შენ საითღა გაგიწევიაო? - მეც შეუფერებელი ვარო...

რატომ გავიხსენე ახლა ეს ისტორია?.. ადრე რომ იყო პარტბიუროს სხდომები...ან თუნდაც 37 წელს.. ტიციან ტაბიძეს რომ უთხრეს, პაოლო იაშვილის საქციელი (სუიციდი) დაგმეო, რადგან კომუნისტური სამყაროსთვის პესიმიზმი შეუფერებელიაო.. არ დაგმო, ცხადია და კაცი ისე გააქრეს, მისი საფლავიც აღარ დატოვეს...

ყოველი წუთი, ყოველი წამი ჩვენ არჩევანის წინაშე გვაყენებს...სად არის ეშმაკი და სად იმალება ის?...პირადად ხო არ გამოგვეცხადება?...რომელი ლევერკიუნები ჩვენ ვართ და ფაუსტები, ხელშეკრულებები გვიდოს...და ჩვენს სულზე გვევაჭროს...არც ჩიპებშია ჩაბუდებული ეშმაკი და არც ჯურღმულებში...არც რქები აქვს სხვათა შორის და არც ჩლიქები....

ერთი ფილოსოფოსი აი რას წერს: „გოგოლმა პირველად დაინახა ეშმაკის ნამდვილი სახე, ნიღბის გარეშე, მისი სრული სახე, რომელიც საშიში იყო არა მისი არაჩვეულებრივობით, არამედ სწორედაც რომ ჩვეულებრიობით, ვულგარულობით...გოგოლი პირველი მიხვდა, რომ ეშმაკის სახე არის არა შორეული, უცნაური, საშიში, ფანტასმაგორიული, არამედ ძალიანაც ახლობელი, ნაცნობი, საერთოდაც ძალიან რეალური..„ადამიანური, ძალზედ ადამიანური“...ეს არის ბრბოს სახე.. ანუ სახე, რომელიც ყველას აქვს...ფაქტიურად, ჩვენივე საკუთარი სახე იმ წუთებში, როდესაც ჩვენ ვერ ვბედავთ ვიყოთ ჩვენივე თავი და ვთანხმდებით, ვიყოთ ისეთნი, როგორიც ყველაა.“

ასე რომ, ნუ ვეძებთ ეშმაკს სადღაც გარეთ და ჩვენი ნების გარეშეც მას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება......ის ჩვენშია დაბუდებული იმ წუთებში, როდესაც ვხედავთ, მაგალითად, რომ - თანამედროვეობიდან მოვიტან მაგალითს - დეკანოზ გიორგი მამალაძეს უსამართლოდ სჯიან და ჩვენ ამას ვეთანხმებით, ვწირავთ უდანაშაულო ადამიანს წამებისთვის....ჯვარცმისთვის... სხვებს მიზანთროპებს ვეძახით, სიყვარულს ვიჩემებთ და თავად რას ვაკეთებთ? ვოდევილებისა არ იყოს -  სიყვარულისთვის მსხვერპლს გაიღებდიო? და - მერე მე არაფერი მამივაო?...მე არაფერი მამივა?!“  არ არის სიყვარული, არამედ სწორედაც რომ ეშმაკის მონობაა! ნუ ვიქნებით ბრბო! (ჩემს თავსაც ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა)...

ნანახია: (2127)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას