ხსენება კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა - „ოქროს საუკუნის“ დროინდელი მატიანე
მღვდელმოქმედებული სეფისკვერი
ქართლის ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო -„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მოგვითხრობს თამარის ეპოქის ერთი უაღრესად საგულისხმო მოვლენის შესახებ, რომლის თვითმხილველი მემატიანე სიტყვებს არ ზოგავს, რათა ღირსეულად აგვიწეროს: "სასწაული განსაკრთომელი და ყოველთა ქართველთა და მართლმადიდებელთა აღმატებულითა სიხარულითა ამმაღლებელი".
ამ ისტორიულ პაექრობას დასაბამი ასე დასდებია: საქართველოს მთელი სამეფო კარი ტაძრად ყოფილა შეკრებილი საღმრთო ლიტურგიაზე. კარის სხვა დიდებულებთან ერთად ლიტურგიას ესწრებოდნენ სარგის ამირსპასალარის ძენიც - ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი. და, როცა მოწევნულა ზიარების ჟამი, "ვითარ კათალიკოსი იოანე უსისხლოსა მსხვერპლსა მღვდელმოქმედებდა" და "აღსრულებისა ყოველნი ღირსნი მოუხდებოდეს ჭამად სეფისკვერისა" - ზაქარია ამირსპასალარსაც გაუწვდია ხელი სეფისკვერის ასაღებად.
საეკლესიო წყაროებიდან ცნობილია, რომ წმ. იოანე ოქროპირი თვით კათაკმევლებსაც კი უკრძალავდა საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებას. არაკეთილმორწმუნის ლიტურგიაზე ყოფნასა და, მით უფრო, სიწმინდეთა ხელით შეხებას აღუშფოთებია ქართლის კათალიკოსი, რომელსაც მკაცრად შეუძრახნია ამირსპასალარისათვის: "ნეფსით არავინ მართლმადიდებელთაგანი იკადრებს მღვდელმოქმედებასა სეფისკვერს თქვენ, შვიდგზის წყეულთა სომეხთა მოცემად, მომტაცებელი ძაღლიცა თუ იპოოს".
მწარედ მოხვედრია ეს სიტყვები გულზე ზაქარიას. თუმცა ქურთი იყო ტომით, მაგრამ სარწმუნოება ჰქონდა სომეხთა და იმ სარწმუნოებას უგინებდნენ. მაგრამ, რადგან თვითონ მას ვერ ხელეწიფებოდა ქმედითად პასუხის მიგება ქართველთა კათალიკოსისათვის, სხვათა მოიმედე დამუქრებია: - მე ერთი მოლაშქრე და მეომარი კაცი ვარ და სიტყვას ვერ მოვიგებ, სამაგიეროდ, ჩვენს სამღვდელოებას ვუხმობ და ისინი გაგცემენო საკადრის პასუხს.
"იყავნ ნება ქრისტესი და მარადის ქალწულის ღვთისმშობელისა, რომელმან სირცხვილეულ ყვნეს უარისმყოფელნი თვისნი" - მიუგო კათალიკოსმა.
და შედგა დიდი სამსჯავრო: ერთის მხრივ - ქართული სამღვდელოება და მეორეს მხრივ - კათალიკოსნი ვანისა და ყოველნი ვარდაპეტნი. საერო ხელისუფალთა მხრიდან თვით საქართველოს მეფე-დედოფალი და ქართველი დიდებულები მონაწილეობდნენ ზაქარია მხარგრძელის მიერ წამოწყებულ დავაში, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, სად იპოვება ღვთიური ჭეშმარიტება - მართლმადიდებლურსა თუ მონოფიზიტურ სარწმუნოებაში.
თავდაპირველად სომხებს დაუწყიათ თავისი რელიგიური პოზიციების დაცვა და ამას იქმოდნენ ისეთი გულმოდგინებით, როგორიც, საზოგადოდ, სჩვევიათ სომხებსო - შენიშნავს მემატიანე - გადაჭარბებული გზნებითა და მრავალსიტყვაობით სურდათ გამარჯვების სასწორი თავისკენ გადაეხარათ. კათალიკოსი ბრძნულად მიუგებდა "უკურღვევად თქმულთა მათთა" და, ამრიგად, კამათი მიმწუხრამდე გაგრძელებულა. ალბათ მთელი ღამეც გასტანდა, რომ ბოლოს საოცრად გაბედული გადაწყვეტილებით წერტილი არ დაესვა "ზენათ სულის წმიდის მიერ აღვსებულ" იოანე კათალიკოსს. იგი შეეკითხა სომხებს, სწამდათ თუ არა მათ, რომ დიდ ხუთშაბათს მაცხოვარმა სრულყო პასექი და თავისი მოწაფეებისათვის მართლა მოიღო პური, ვითარცა ხორცი თვისი და სასმელი, ვითარცა სისხლი თვისი - მისატევებლად ცოდვათა.
სომხებს ფიქრადაც არ გაუვლიათ, თუ რა საბედისწერო გამოცდა ჰქონდა მათთვის ჩაფიქრებული ქართველთა კათალიკოსს და ბეჯითად დაუდასტურეს: - რა თქმა უნდა, გვწამს, რომ "ქრისტეს ღმერთად აღმსარებელნი ვჭამდეთ ხორცსა მისსა და ვსუმიდეთ სისხლსა მისსა".
მაშინ კათალიკოსმა ამ ახალი სჯულისა და ახალი პასექის აღმსარებელთა შორის მოიკითხა სომხები: - ის თუ გწამთ, რომ, როდესაც ჩვენ თავად - მღვდელმოქმედებით ქრისტეს ვნებათა მომხსენებელნი, - ვჭამთ ხორცსა მისსა და ვსვამთ სისხლსა მისსა?"
ვერც ამ კითხვას წაუვიდოდნენ სომხები უარისყოფით. უპასუხეს: - აგრე, ამას არავინ უმეცარ არს.
იოანეც სწორედ ამას ელოდა, მყისვე გააჩინა სამართალი: სომხებს შესთავაზა, თითოეულ მხარეს სიტყვით კი არა, საქმით დაემტკიცებინა თავიანთი სარწმუნოების ჭეშმარიტება - საკუთარი მღვდელმოქმედებით შეეცვალათ პური ხორცად უფლისად! ხოლო შედეგის განსასჯელად მთლად გასაოცარ ქმედებას სთავაზობდა ქართველთა კათალიკოსი: იგი სომხებს გადასცემდა ძაღლს, რომელიც მათ სამ დღეს უნდა ეშიმშილებინათ, მათაც იოანესათვის უნდა მიეცათ ძაღლი, რომელსაც იგი, აგრეთვე, სამი დღე აშიმშილებდა. ამ ხნის მანძილზე ორივე მხარე ლოცვასა და უფლისადმი ვედრებაში იქნებოდა. და მესამე დღეს, როდესაც აღასრულებდნენ უსისხლო მსხვერპლს, ამ ძაღლების წინაშე უნდა გამოეტანათ მღვდელმოქმედებული სეფისკვერი. ვის სეფისკვერსაც შეჭამდა ძაღლი, ის მხარე იქნებოდა შერცხვენილი, ხოლო რომელ სეფისკვერსაც არ შეჭამდა - ის იქნებოდა პური, გარდაქმნილი ხორცად უფლისად!
რაღას იზამდნენ სომხები?! გვარიანადაც კი შეფიქრიანდნენ, მაგრამ თავიანთ წამოწყებულ კამათში უკან ხომ არ დაიხევდნენ - იძულებულნი იყვნენ, დაჰყოლოდნენ ქართველთა კათალიკოსის ნებას და დათანხმებოდნენ მის პირობებს.
მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ სომხებზე არანაკლებ შეფიქრიანებულნი იყვნენ ქართველი ერისკაცნიც - უზენაესი ხელისუფალნი და დიდებულები და კათალიკოსს მიმართავდნენ: "ეს რა სთქვი, სასმენელადცა ზარია!"
და მხოლოდ კათალიკოსი ინარჩუნებდა სრულ სიმშვიდეს, რომელიც "წყნარითა გონებითა მიუგებდა": - საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყავ, არამედ ვყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩვენოს მორწმუნეთა, მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს და ვინ არიან მართლაღმსარებელნი... მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხადვყოფთ ჭეშმარიტებასა. "იყო დღე იგი პარასკევი", როდესაც შეთანხმება დაიდო.
გათენდა მღელვარებით აღსავსე კვირა დღე და გამობრძანდა კათალიკოსი, რომელმაც მოუწოდა სომხებს, მოეყვანათ სამი დღის ნაშიმშილევი ძაღლი და თავად ქართველებიც მოიყვანდნენ, რათა დათქმული პირობისამებრ განეჩინათ ღვთის სამართალი. სომხებმა, რასაკვირველია, იოანეს დაუთმეს ინიციატივა:
- შენ მიერ განჩინებულსა ამას საქმესა შენ გიღირს ქმნად - რაც იმას ნიშნავდა, რომ ჯერ ისინი მოიყვანდნენ ძაღლს და თავდაპირველად იოანეს უნდა გამოეტანა ქართველთა - მართლმადიდებელთა სეფისკვერი.
- მე ვყო - დათანხმდა კათალიკოსი და სუნთქვა შეგუბებული მეფისა და საეროთა თვალწინ გამოაბრძანა "იგი საიდუმლო ხორცქმნილი, მღვდელმოქმედებული". მოიყვანეს სომხებმა სამი დღის ნაშიმშილევი ძაღლი და სეფისკვერით ხელში მდგომმა იოანემ წაიკითხა ლოცვა:
- ქრისტე მეუფეო, ხსნისათვის კაცთასა განკაცებულო, ჯვარცმულო ჩვენთვის, დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგვეც ხორცი შენი, რათა მოსახსენებლად შენდა ვჰყოფდეთ! შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩვენი. შეუხებელად და მიუახლებლად დაიცევ ზარისა ასახდელი ხორცი ესე შენი, ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული! შენ უკვე შეიწირე შეუძვრელი ეგე და აჩვენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი და მოხედე მსხვერპლსა ამას და სირცხვილეულ ყვენ წინააღმდგომნი ჩვენნი!"
გაასრულა ლოცვა, დააბრძანა სეფისკვერი დათქმულ ადგილს და აუშვეს ძაღლი. გამოენთო სამი დღის ნაშიმშილევი ძაღლი და, რა მიუახლოვდა მღვდელმთავრის ლოცვითი მსახურების ნაყოფს - ერთი კი შეჰყმუვლა და "ვერ შეეხო წმიდასა მას წმიდათასა".
ერთხმად დაიგრგვინა სიხარულით ქართველთა კრებულმა და მეფემ და ერმა სასოებით შეჰღაღადეს უფალს: - დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!"ამ სასწაულის მხილველი ქართველები ერთმანეთს ულოცავდნენ - დიდთა და მცირეთ სიხარულის ცრემლები სდიოდათ! ასეთ უნაპირო სიხარულში, მოქიშპენი ლამის სულ გადაავიწყდათ; ხოლო, როდესაც დადგა სომეხთა ჯერი და აწ უკვე ქართველებმა მოიყვანეს თავიანთი ნაშიმშილევი ძაღლი, აქ თვით თხრობის ავტორიც ვერ იკავებს თავს და წინდაწინ განაწყობს მკითხველს მოსალოდნელი შედეგისათვის: თუ იგი ქართველთა სეფისკვერზე აღმატებითად ბრძანებს: "დააგო შესაძრწუნებელი იგი უსისხლოსა მსხვერპლისა აღმონაკვეთი", სომეხთა მსხვერპლს კნინობით მოიხსენიებს: "მიუგდესო" ძაღლს. და შედეგი სრულიად ლოგიკურია: ძაღლმა "მყის აღიტაცა"!
და ქართველებმა კიდევ ერთხელ შესწირეს მადლობა უფალს:
- დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!"
ეს იყო ქართველი მართლმადიდებლების სრული და უპირობო გამარჯვება, რომლის მეოხებითაც მათ უფლისაგან მიიღეს ნიშანი, რომ სწორედ ისინი ფლობენ ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ მოძღვრებას!
ბედნიერების ზღვარსგადასულმა ქართველებმა ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი კათალიკოსი "შემოსილი შესვეს ჰუნესა თვისსა", ესე იგი სადღესასწაულო სამოსით შემოსილი შესვეს თავის ცხენზე. კათალიკოსს ხელთ ეპყრა ტაბიკი, მასზე დასვენებული წმინდა სეფისკვერით და დიდებულთა და წარჩინებულთა ფართო ამალით დაიარა გამარჯვების ყიჟინით ახმიანებული ქართველთა ბანაკი, ღვთის სადიდებელი ასოცდამერვე ფსალმუნის კითხვით.
დამარცხებულ სომხებს კი ასე აღწერს მემატიანე: ისინი იდგნენ უხმოდ, თავჩაქინდრულნი, "ვითარცა მყვარი უტბო" - ესე იგი, უტბოდ დარჩენილი ბაყაყებივითო. და იქვე დასძენს: "სომეხნი სირცხვილეულნი წარვიდეს მხარგრძელთა კარვად", ხოლო თუ ახლა ქართველთა ბანაკშიც შევიხედავთ, დახეთ, რა აღმოჩნდება: "ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს!"
სომეხთათვის კი ამ დღის ფინალი ასეთი გახლდათ: ორ ძმა მხარგრძელთაგან ერთი - ივანე მყის მოექცა მართლმადიდებლობაზე და მასთან ერთად, "მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად" - გვაუწყებს ჟამთააღმწერელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალი სომეხი მოქცეულა თავიანთი მწვალებლობიდან ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე!
ნანახია: (1952)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას