logo.png

რუსთაგან ნაწამები წმიდა დიმიტრი ყიფიანი  -

ხსოვნის დღე 13 (26 აპრილი)

დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 (27) აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში ივანე ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრი ტფილისში აღზარდეს ნათესავებმა, მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა.

1830 წელს დიმიტრი ყიფიანმა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად.

ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა 1820-1830-იანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას.

დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად.

დიმიტრი ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1832 წლის შეთქმულებაში. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი დაახლოებული ყოფილა შეთქმულების ორგანიზატორთა ჯგუფთან. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დიმიტრი ვოლოგდაში გადაასახლეს და გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს.

1837 წელს დიმიტრი საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ქვეყანაში ეროვნულ იდეებს დიდი გასაქანი არ ჰქონდა. დიმიტრიმ შეძლო მისი მაღალი თანამდებობები გამოეყენებინა ქვეყნის გაძლიერებისა და ეკლესიის აღორძინებისათვის. იგი სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის განმტკიცებისათვის.

1845 წელს დიმიტრი ყიფიანი ნინო ჭილაშვილზე დაქორწინდა. ნინო, წმიდა სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დიმიტრი ყიფიანს დარჩა სამი შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე.

 

დიმიტრი ყიფიანის მიერ აგებული

აღდგომის სახელობის ეკლესია ქვიშხეთში

წმიდა დიმიტრი ყიფიანის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული: საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მრავალი სხვა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, დიმიტრი ყიფიანი იყო ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი და ტფილისის ქალაქისთავი.

დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი „ცისკარი“. მანვე განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა, რომელიც ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველს ითვალისწინებდა. დიმიტრი ყიფიანს არ გამორჩენია მხედველობიდან სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ინტერესებიც. დიმიტრი ყიფიანის სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებში დამუშავებულია საქართველოს ისტორიის არაერთი საკვანძო საკითხი: ქართველთა ეთნოგეზისი, სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფიის ცალკეული საკითხები, ქართული დამწერლობის წარმოშობა-განვითარება და სხვა.

ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა, დიმიტრი ყიფიანი კავკასიის ხელისუფლებას აშკარა ოპოზიციაში ჩაუდგა და არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო პოლიტიკის მწვავე და შეურიგებელი კრიტიკა დაიწყო: „მერე რა ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტან გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი; რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორნი და ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე; რომელსაც აქვს ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!..“ - წერდა დიმიტრი.

1886 წელს ტფილისის სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობისათვის, საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, ქართველი ერი ამბიონიდან დასწყევლა. როდესაც დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო, ეგზარქოსს ხაშურიდან დეპეშა გაუგზავნა, სადაც მოკრძალებით, მაგრამ შეუვალი პირდაპირობით წერდა: „...თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან...“ პრაქტიკულად ყიფიანმა ეგზარქოსს საქართველოს დატოვება მოსთხოვა.

 

დიმიტრი ყიფიანის ძეგლი მთაწმინდაზე

ამის გამო დიმიტრი თანამდებობიდან გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნა დიმიტრი ყიფიანს დიდხანს არ მოუხდა. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“, - წერდა აკაკი წერეთელი.

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.

 

ნანახია: (2029)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას