logo.png
George Tiginashvili

"სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი". პლატონი

პატრიარქ ილიას და კრემლის მეხუთე კოლონას - საპატრიარქოს, იმიტომ განადიდებს და შეჰხარის წითელი ინტელიგენცია, საბჭოთა კოლაბორაციონისტი ელიტა, რუსეთუმე პოლიტიკოსები თუ "საზოგადო მოღვაწენი", მოძველბიჭო ელემენტები და ულტრანაციონალისტი ფსევდოპატრიოტები, რომ ისინი მონური სულისკვეთების, სერვილიზმით შეპყრობილი კასტის წარმომადგენელნი არიან. ქრისტოცენტრული აზროვნების ნაცვლად, კერპ ილია II-ის მიმდევრობას ირჩევენ (ზოგს გულწრფელად სჯერა მისი, არაინფორმირებულობის გამო და მესმის მათი), თანაც ყველაფერზე თვალს ხუჭავენ და თვით აშკარა შეცდომებშიც კი გამამართლებელ მიზეზებს იგონებენ თავიანთი ეტალონის მიმართ, რომელმაც ჯერ იყო და პოლიტბიუროსა და ცეკას მეშვეობით მიიღო კათალიკოს-პატრიარქობა, მერე ყველა პოტენციური კონკურენტი გაანადგურა, ციხეებში გამოაკეტინა, დისკრედიტირებულ მდგომარეობაში განდევნა, უმეტესობა გამოგონილი საბაბით განკვეთა და ჩამოიშორა. ამასთან, პუტჩისტებს შეეკრა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა, რასაც ფაქტობრივად შეეწირა კიდეც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ამ ყველაფერს, აუცილებლად უნდა დავუმატოთ ჰომოსექსუალების მომრავლება ეკლესიაში, უსწავლელი და ანგარებიანი მღვდელმთავრების შემოკრება, შიოლაშვილების ბიზნეს-კარტელი, საპატრიარქოს ეგიდით ფულის გათეთრების მრავალწლიანი სქემა, ორმაგი სტანდარტი - ერთი მხრივ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისაგან ვითომ და გამიჯნულობა, ხოლო მეორე მხრივ მათგან 240 000 000 ლარის, უამრავი ინფრასტრუქტურული ნაგებობის, ჯიპებისა და მიწების უსასყიდლოდ მიღება და სხვა.

აგრეთვე ცალკე აღნიშვნის ღირსია პატრიარქ ილიას ზღვარდაუდებელი ფუფუნება, ფეშენებელური კომფორტი, სიმდიდრე და პატივმოყვარეობა, რომლის ხელოვნურ ავტორიტეტზეც 42 წელია, რაც რუსეთის КГБ და ФСБ ზრუნავენ! მისი პატივი, ღირსება და სახელი მითოლოგიზებულია! ეს გაკეთდა იმისათვის, რომ კრემლს ჰყოლოდა რბილი ძალის გამტარი ორგანო და საკუთარი პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობი ინსტრუმენტი რეგიონში! დიახ, ვლადიკავკაზშია დაბადებული, რუსულ სკოლასა და რუსულ სემინარია-აკადემიაშია ნასწავლი, რუსეთის პატრიარქ ალექსი I-ის მიერაა მღვდელმონაზვნად ხელდასხმული (1959 წლის 10 მაისს) წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში, სწორედ იქ მოხდა მისი "დაქირავება" (ВЕРБОВКА) და იქიდან კონკრეტული მისიით საქართველოში წარმოგზავნა.

შესაბამისად, იმისათვის, რომ დაინახოთ სინამდვილე და რეალობა, აუცილებელია ობიექტური განსჯის უნარი, ლოგიკა, მოვლენათა ანალიზი, კომპლექსებისგან გათავისუფლება და გულახდილობა! დიახ, ილია II სულაც არ არის წმინდანი და დიდბუნებოვანი და ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას და მაცხოვნებელ წიაღს განვუდგეთ, რამეთუ ჩვენი რწმენა უმთავრესად დგას ცოცხალ ღმერთზე, რომელმაც საკუთარი ჯვარცმით გამოგვისყიდა და არა კულტად ქცეულ ავტორიტეტზე, რომელმაც მოახდინა სტალინის საკრალიზაცია, იკადრა შევარდნაძისადმი პიეტეტი, შემოგვაგება ჯაბას "მამულიშვილობა", გაბედა ზვიადის დამხობა, შეიშნოვა მიშასადმი კონფორმიზმი და მოწველა ბიძინა.

მოცემულობა ასეთია: გაზარმაცებულ და ინფანტილურ საზოგადოებას უჭირს სიმართლის მოსმენა, რეფლექსია და პასუხისმგებლიანი დასკვნების გამოტანა - "რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი" - ამბობს მაცხოვარი (მათე 13,15).

და ბოლოს, კარგად გაიხსენეთ მოსამართლემ რა მიზეზით დახურა "ციანიდის საქმის" სესიები, როცა პირდაპირ ითქვა პროცესზე, რომ "ეს ყველაფერი, რომ საზოგადოებამ გაიგოს, მორალურად შეირყევაო"! დიახ, ასეა, იმ ჰედონიზმით რაც საპატრიარქოში ხდება, მართლაც და ყველა გაოგნდება, რომ იცოდეს.

გიორგი ტიგინაშვილი

 

ნანახია: (2280)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას