150 წელი გავიდა სამყაროსადმი მტარვალად მოვლენილი პიროვნების - ვლადიმერ ლენინის დაბადებიდან.
საყოველთაოდ არის ცნობილი ამ ადამიანის პოლიტიკური მეძავეობა, როდესაც ის მარქსისტულ მოძღვრებას, ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების შეუძლებლობას რუსეთისათვის უკუღმა გადაამღერებდა; ლენინის ზნეობრივი მანკიერება, როდესაც ის ზინოვიევთან ერთად რაზლივის კარავში ატარებდა სოდომ-გომორულ ღამეებს; ლენინის ცხოველური შეუბრალებლობა, როდესაც ის ასობით და ათასობით სასულიერო პირის დახვრეტის განკარგულებებს იძლეოდა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის ლენინის მახასიათებელთაგან უმთავრესი - მისი უსაშველო სიმფრთხალე, რაც ყველა ჩადენილი ბოროტების სათავე გახლდათ!
ამად იყო, რომ, როგორც კი აუღო ალღო სტალინმა ლენინის ამ თვისებას, მაშინვე ასწია დროშად და ჯერ კიდევ ცოცხალს გაუყარა ტარი!
~
ქვეშაფსია ლენინი
(უცნობი ფაქტები ლენინის ბიოგრაფიიდან)
რუსეთს ბელადად დღემდე ჰყავს ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული მფრთხალი ბუნებითა და ლაჩრობით. ეს ყველაზე კარგად უწყოდნენ მისმა თანაპარტიელებმა და განსაკუთრებით ქალებს ზარავდა მისი ქცევები, რომელთა თვალშიც ის კარგავდა ყოველგვარ შარავანდედს. მოვუსმინოთ მის თანამედროვეებს:
ტ.ი. ალექსინსკაიას მოგონება:
„თუმც კი მარქსისტულ დოქტრინას აღვიქვამდით მისი უპიროვნებო მეთოდით, მაინც ვცდილობდით ბელადში გვეპოვნა ადამიანი, ვისშიც შეერთებულიიქნებოდა ბაკუნინის ტემპერამენტი, სტენკა რაზინის სილაღე და გორკის ქარიშხალას მეამბოხე სული. ასეთი ცოცხალი ფიგურა არ გვყავდა თვალწინ და გვსურდა, წარმოგვედგინა ის ლენინის სახით... და, როდესაც ის პირველად ვიხილე 1906 წელს ერთ-ერთ ქალაქგარეთა მიტინგზე პეტერბურგში, მე საშინლად შემცბარი დავრჩი. მე მისმა გარეგნობამ როდი გამაკვირვა... არამედ იმან, რომ, როდესაც გაისმა ყვირილი: „კაზაკები მოდიან!“ - ის პირველი გაიქცა შეკრების ადგილიდან. მე თვალს ვადევნებდი სწორედ მას - ის გადაევლო ბარიერს, და თავისი სასაცილო კეპი ჩამოუვარდა თავიდან...
ამ უაზრო კეპის ჩამოვარდნასთან ერთად ჩემს თვალში დაეცა ლენინიც. რატომ? არ ვიცი!.. მისი გაქცევა ამ ჩამოვარდნილი კეპით როგორღაც არ თავსდება ქარიშხალასთან და სტენკა რაზინთან. მიტინგის სხვა მონაწილეები არ აჰყოლიან ლენინის მაგალითს - ყველანი თავის ადგილებზე დარჩნენ და, როგორც შეეფერება მსგავს ვითარებას, მოლაპარაკება გამართეს კაზაკებთან; გაქცევით, მხოლოდ ლენინი გაიქცა...“ («Родная земля. Париж, 1926. № 1. 1 апр. С. 6»).
ახლა ვნახოთ ზემოთ აღნიშნულ მოგონებაზე ლენინის ბიოგრაფიის მკვლევარის, ა.ა. არუთინოვის კომენტარები:
„ხალხში ამბობენ, რომ ზედმეტად მკაცრი და ბოროტი ადამიანები, როგორც წესი, მხდალები არიან. თუ ალექსინსკაიას დახასიათებით ვიმსჯელებთ, ლენინი ჭეშმარიტად იყო მშიშარა და ზემხდალი პიროვნება. სინამდვილეშიც - ავიღოთ ასეთი მაგალითი: მას არცერთხელ არ ჰქონია გადასახლებიდან გაქცევის მცდელობა, როგორც ეს ჩაუდენიათ, მაგალითად, ისეთ გადასახლებულებს, როგორებიც იყვნენ: ვ. აკიმოვი, მ. ვლადიმიროვი, ნ. ალექსეევი, ფ. დანი (ორგზის), ი.დუბროვინსკი, ფ. ილინი, ვ. კურნატოვსკი. ი. პოლონინი, ი. პრისიაგინი, ს. რაიჩინი, ი. სტალინი, მ. სიჩევი, ი. სმიდოვიჩი და მრავალი სხვა... როგორც ჩანს, ზღვარგადასული სიმხდალის გამო ლენინი დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთარი პიროვნების კონსპირაციას. მკვლევარებმა დაითვალეს მისი 150-მდე ფსევდონიმი. («Досье Ленина без ретуши. Документы, факты, свидетельства. М.: Вече, 1999. Стр. 531»).
იქვე ავტორს მოჰყავს კიდევ ასეთი სახასიათო მოგონება:
„ერთხელ მ.ვ. ფოფანოვამ გაიხსენა ლენინთან დაკავშირებული კურიოზული შემთხვევა. ერთი პერიოდი ლენინი მასთან აფარებდა თავს. მის ბინაზე გადასვლის მეორე დღეს უეცრად კარებზე გაისმა კაკუნი. კაკუნი იყო პირობითი ნიშნის გარეშე. ვლადიმერ ილიჩი გაფითრდა და არ მომცა კარებთან მისვლის უფლება - შევარდა ოთახში, რათა წყალსადინარი მილით ან რაიმე სხვა საშუალებით ჩამძვრალიყო ეზოში. მარგარიტა ვასილევნამ დროულად შეაჩერა ის. აღმოჩნდა, რომ მეზობლის ბიჭუნას, რომელიც ტოლებთან ერთად თამაშობდა, შემთხვევით უხვდებოდა ჯოხი ჩვენს კარებზე“.
როდესაც ლენინი პოლემიკაში შედიოდა ოპონენტებთან, მას შეეძლო მოწინააღმდეგეზე დაეხვავებინა ლანძღვა-გინების მთელი კორიანტელი, მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო, რომ მოწინააღმდეგე ან აუდიტორიაში არ ყოფილიყო, ან აშკარად სუსტი პიროვნება ყოფილიყო. აი, მსგავსი მაგალითი:
„პეტერბურგში გამართულ ერთ სტუდენტურ საღამოზე ულიანოვი გამოდიოდა სიტყვით ხალხოსნების წინააღმდეგ, რის დროსაც, მისთვის ჩვეული პოლემიკური, უხეშობაში გადასული სიმძაფრით თავს დაესხა ვ.ვორონცოვს. გამოსვლას წარმატება ჰქონდა, ხოლო, როდესაც სიტყვის დასასრულს ულიანოვმა ნაცნობებისგან შეიტყო, რომ მისი თავდასხმის ობიექტი დარბაზში იმყოფებოდა, ის დაფრთხა და გაიქცა შეკრებიდან“. (Д. А. Волкогонов. Кн. 1. С. 208).
ლენინის სიმხდალე თავის ასახვას პოულობს ნ ვალენტინოვის მოგონებაშიც:
„მიუხედავად იმისა, რომ ლენინი იძლეოდა დეტალურ რჩევებს და თვით დირექტივებსაც კი, როგორ იყო საჭირო შებმა პოლიციასთან, როგორ უნდა გასწორებოდნენ ჯაშუშებს და ხანძარი წაეკიდებინათ საპოლიციო განყოფილებებისათვის (იხ. მისი 1905 წლის 29 ოქტომბრის წერილი პეტერბურგის საბრძოლო კომიტეტისადმი), ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თვით მას ყოველივე ასეთი ქმედება ხელეწიფებოდა; შეუძლებელი გახლდათ ამ უდიდესი რევოლუციონერის წარმოდგენა პოლიციის წინააღმდეგ დაძრული დემონსტრაციის სათავეში ან ბარიკადების პირველ რიგებში («Встречи с Лениным», Нью-Йорк: Изд-во им. Чехова, 1953. (1) С. 30).
და იქვე, უფრო დაწვრილებით, კონკრეტულ მოვლენებზე:
„ემიგრანტული შეკრებებიდან, სადაც კი ჩხუბის სუნს იკრავდა ხოლმე, ლენინი თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა. 1911 წელს პარიზში, დ’ორლეანის ავენიუს კაფეში, ბოლშევიკების ორ ფრაქციას შორის - ჯგუფ „ვპერიოდს“ და იმ ჯგუფს შორის, რომელიც ლენინს უჭერდა მხარს, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. მსგავს ვიტარებებში გამოცდილმა კაფეს მასპინძელმა ელექტრობა გამორთო და ანტაგონისტები სიბნელეში დატოვა. ლენინი გამოვარდა კაფედან და, როგორც კრუპსკაია იხსენებდა, „ამის შემდეგ დიდხანს, თითქმის მთელი ღამე დახეტიალობდა პარიზის ქუჩებში, ხოლო შინ დაბრუნებულმა დილამდე ვეღარ დაიძინა“ (ibid. С. 31-32).
საკმაოდ საგულისხმო შენიშვნა აქვს გაკეთებული ცნობილ რუს მწერალს, ალექსანდ კუპრინს:
„მისი პიროვნული სიმამაცე ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა“ (А. И. Куприн / Общее дело. Париж, 1920. № 87).
თვით პეტროგრადის ქარიშხლიან დღეებში, ოქტომბრის დიდი გადატრიალების დროს, ლენინი საგანგებოდ ჰყავდათ დაცული ყოველგვარი საომარი ბატალიებისაგან:
„ილიჩი იჯდა კონსპირაციულ ბინაში იმ სახლში, რომელიც რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობდა სადგურ ლანსკაიადან, ისე, რომ პირველივე ხიფათის დროს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩამჯდარიყო მატარებელში და გაეტია პეტროგრადიდან“ (https://history.wikireading.ru/1820).
ძნელია, თანამედროვე რუსისათვის, ბელადის სულმოკლეობის წარმოდგენა, იმ ბელადისა, რომელიც მავზოლეუმში უწევს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის - პიროვნულ ფსიქიკურ წყობას ვერაფერს მოვუხერხებთ!
ნანახია: (2408)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას