logo.png

გთავაზობთ 1992 წლის გაზაფხულზე,  დევნილი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას მიერ  გროზნოდან გამოგზავნილ წერილს, რომელიც მაშინდელი პუტჩისტური ტერორის ჟამს „ქართველთა ეროვნული დარაზმულობის“ იატაკქვეშა ორგანიზაციის ასეთსავე იატაკქვეშა, ხელით აწყობილ გაზეთქედშიდაიბეჭდა:

 

ზვიად გამსახურდია

 აღდგომა ჩეჩნეთში

 

 ჩეჩნეთის მიწაზე ჩვენი სტუმრობის მანძილზე მრავალი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა. ერთერთი იყო აღდგომის დღესასწაული. ჩვენ ვნახეთ ამ ხალხის რელიგიური ცხოვრება, რომელსაც ფანატიზმის ნატამალიც არ ეტყობა, მაგრამ არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია ჩვენ მიერ აღდგომის აღნიშვნაზე. გულისფანცქალით მოველოდით აღდგომას, წითელ პარასკევს. რამდენიმე მეგობარი ჩამოგვივიდა საქართველოდან, ჩამოგვიტანეს პასექი, სააღდგომო კვერცხი. აღდგომა ღამე ხატებთან გავატარეთ, დავანთეთ სანთლები, ვილოცეთ. გროზნოს ეკლესიაში სააღდგომო წირვა შესრულდა.

 მოკრძალებული სააღდგომო სუფრა გავშალეთ. ვფიქრობდით, რომ ამ სუფრას, როგორც რიტუალურს, მუსულმანები ითაკილებდნენ. მაგრამ პირიქით მოხდა. როდესაც სუფრას შემოვუსხედით, ერთერთი მასპინძელთაგანი შემოვიდა და ჩვენდა განსაცვიფრებლად შემოგვძახა: „ქრისტე აღსდგა“. „ჭეშმარიტად“ – შევძახეთ ჩვენ და გავმხნევდით. შემდეგ სხვა მუსულმანები შემოგვემატნენ. მობრძანდა თავად ჩეჩნეთის პრეზიდენტიც, ჩეჩენი ხალხის საყვარელი შვილი ბატონი ჯოჰარ დუდაევი.

მე ვისაუბრე სუფრაზე იმის შესახებ, როგორია მუსულმანთა შეხედულება ჩვენს მაცხოვარზე, რომელსაც ისინი დიდ წინასწარმეტყველს ისას უწოდებენ, რომ მთელ რიგ მუსულმანურ ქვეყნებში არსებობსმარიამ ანეს“, ანუდედა მარიამისკულტი, რონ ჩვენი წმინდა გიორგი მუსულმანთათვისხიზრია“, მძლეთამძლე წმინდანი, რომ სუფისტური მისტიკა ქრისტიანული მისტიკიდან იღებს სათავეს.

სტუმრებმა არ იცოდნენ, რომ ძველ თბილისში, სადაც ერთ კვადრატულ კილომეტრზე რამდენიმე რელიგია თანაარსებობს, მეტეხის ხიდთან 50–იან წლებამდე იდგა დიდი მეჩეთი, სადაც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები იყო და დიდი ჯვარცმა. ეს მეჩეთი დაანგრიეს კომუნისტებმა, ისევე, როგორც არაერთი ქრისტიანული სალოცავი. შემდეგ აღვნიშნე, რომ მუსულმანი პოეტების: საადის, ნავოის, ჯალალედინ რუმის შემოქმედებაში ჩანს უდიდესი მოწიწება სახარებისა და ქრისტიანობის დამაარსებლის წინაშე; რომ უდიდესი ქრისტიანი პოეტი ვაჟაფშაველა უმღეროდა ქართველებისა და ჩეჩნების ძმობას, რომელთაც რელიგიური მრწამსი არ უშლიდა ხელს ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულში („ალუდა ქეთელაური“, „სტუმარმასპინძელი“), ვისაუბრე ალექსანდრე ყაზბეგზე, რომელიც ადიდებს ჩეჩნების ვაჟკაცობას და მამულისათვის თავდადებას, გვიხატავს შამილის დაუვიწყარ სახეს, გავიხსენე ვაჟას სიტყვები:

 „ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა“,

იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა“.

ალბათ პოეტის ნათელმხილველი სული მომავალს სჭვრეტდა, როცა ამ ნაწარმოებებს ჰქმნიდა.

ხშირად მახსენდება დავით გურამიშვილიც, მაოცებს მსგავსება ჩვენი ბედისა ამ დიდი წინაპრის ბედთან. ისიც უცხოეთში გადახვეწილი, რწმენისა და აღდგომის ნათლით სულდგმულობდა ნოსტალგიით გულგასენილი:

მოსკოვ ქალაქს მზეს ვეძებდით

და ვერ ვნახეთ აქ სუ დარო

სოლ აღდგომა გვირჩევნია

აქ სიცოცხლე გვაქვს უდარო.

 

 კაპას ქარსა მჭვალი ეკრას

რას გვიშველი ვთქვათსუდარო

შენ განკურნე მწუხარება

აღდგომავ და ქვავ სუდარო!“

 

 „სოლ აღდგომამზე აღდგომას ნიშნავს („სოლ“ –ლათინურად). ამ განწყობილებიდან ჩანს, რომ დავითიქრისტიანულმოსკოვში ნაკლებ თანადგომას და თანაგრძნობას ხედავდა, ვიდრე ჩვენ მუსულმანურ ჩეჩნეთში.

პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა, ქრისტიანთა პატივსაცემად, წლევანდელი აღდგომა მთელ ჩეჩნეთში უქმე დღედ გამოაცხადა.

 

 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტიზვიად გამსახურდია

 (27 აპრილი, 1992 . პირველი დღე ბრწყინვალე შვიდეულისა)

გაზ. „ქედი“, 1992 წ. , № 4


 

ნანახია: (1488)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას