ადმინისაგან
ქრისტე აღსდგა, ბაჩო!
ძვირფასო ბაჩო, შენი სახელით ყველა ქართველ პოლიტპატიმარს მოგილოცავთ აღდგომას და გისურვებთ უფლის ნებით მალე განთავისუფლებას და ქვეყნის სამსახურში ჩადგომას!
გასამხნევებლად მინდა მოგაწოდოთ ეპიზოდი წმინდა ბერის მიერ ასი წლის წინანდელი აღდგომის შეხვედრისა საპატიმროს კედლებში - ბოლშევიკური ხელისუფლების დროინდელი სარწმუნოების დევნის პერიოდში საქართველოში აღმოჩნდა დღეს საბერძნეთში წმინდანად შერაცხული ბერი, ჩვენს ქვეყანაში წმინდა გიორგის მიერ ხილულად ჩამოყვანილი გიორგი კარსლიდისი, რომელმაც რეპრესიების წლები ქართველ თანამორწმუნეებთან ერთად გადაიტანა.
კარსლიდისის მემატიანე, მოსე აგიორიტი აგვიწერს:
„რუსეთისაგან საქართველოს ანექსიას მოჰყვა მისი ბოლშევიზაცია და ეკლესია-მონასტრების ნგრევა, მღვდელმსახურთა და საეკლესიო პირთა დევნა, წამება და დაპატიმრება - ათასობით იყვნენ ასეთი ადამიანები. გაუქმებულ მონასტრებს შორის იყო ის მონასტერიც, სადაც ახლად აღკვეცილი ბერი მკვიდრობდა. იქაური სასულიერონიც შეიპყრეს ერთიანად და ციხეში გაისტუმრეს. ისიცა და მისი იღუმენიც მოათავსეს საპატიმროში. იქ უამრავი მღვდელი დაიღუპა, მათ შორის, იღუმენიც, რომელმაც ვერ გაუძლო წამევას. ახალგაზრდა ბერს კი ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ...
აღდგომის ღამეს დაპატიმრებულმა სასულიერო პირებმა ციხის გამგებლებს ეკლესიაში წაყვანა სთხოვეს, მაგრამ მათ ამისი ნება არ დართეს. მაშინ ყველამ ერთხმად დაიწყო ლოცვა: ვედრება უფლისადმი, რათა სულის სიმხნევე მიენიჭებინა მათთვის. როდესაც „ქრისტე აღსდგა“ იგალობეს, უეცრად შეირყა მთელი საპატიმრო და მისი კარები თავისით გაიღო. მთელი ქალაქის მოსახლეობა, მოიყარა თავი და გაფაციცებული ადევნებდა თვალს, თუ რა ხდებოდა. ყველამ დაინახა, რომ ჰაერში გამოისახა სამი წმიდა მამა, რომელთაც წმიდა ჯვარი ეპყრათ ხელში. ეს ჯვარი მათ „უფალო შეგვიწყალეს“ გალობით სამჯერ შემოატარეს ციხის გარშემო. ამ ღვთიური ნიშნის მხილველი იყო ქალაქი და უფლის სასწაულები მთელი ღამე გრძელდებოდა, ხოლო მეორე დღისთვის ყველა პატიმარი პირზე ღიმილით მზად იყო წამებისათვის!“
ყველა პოლიტპატიმარს გისურვებთ ჭირსა შიგან გამაგრებას და სულის გაუტეხლობას!
ჩვენს სარედაქციო პორტფელში ინახება ოთხი წლის წინანდელი პირადი წერილი ბაჩო ახალაიასადმი, მის მიერ დაბეჭდილ წიგნთან დაკავშირებით. დღევანდელ მოლოცვასთან ერთად, სიამოვნებით ვბეჭდავთ ამ წერილსაც, რომელსაც ავტორმა „ღია წერილის“ სახე მისცა:
„თუ დაგივიწყო იერუშალაიმ, მაშინ მარჯვენა დამიწდეს ჩემი!“
ბაჩო ახალაიას ახლახან გამოცემული წიგნი „სოხუმი - ჩემი იერუსალიმი“, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს ქართველი ახალგაზრდებისათვის!
მამულიშვილური ზრუნვით სამშობლოს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეზე, ეროვნული ხელისუფლების როლის სწორი შეფასებით, ქართველი ერის ისტორიული მისიის განსაზღვრით, სწორი პოლიტიკური აქცენტებით – ნაშრომი საუკეთესოდ წარმოაჩენს იმ ღვაწლს, რომელიც უკვე გაუწევია ავტორს და მომავალშიც გასწევს თავისი ქვეყნისათვის!
მთლიანად ვეთანხმებით მის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ არ გვჭირდება „ხიდების ძებნა სეპარატისტთა გულებისაკენ“; რომ კულტურით, ცეკვითა და სიმღერით არ შეიძლება წართმეულის უკან დაბრუნება; რომ არ გაუთავისებიათ დღევანდელ ქართველებს სამხედრო სამსახურში დიდიან–პატარიანად დადგომის მნიშვნელობა და ღირსეული ქართული ოჯახებიდან არ იქმნება ოფიცერთა შემადგენლობა...
მაგრამ მას, ვინც თვით სამხედრო სამსახურშიც კი პატერნალურ ურთიერთობას არჩევდა რელატიურს და ჯარისკაცებსაც ისევე ეკითხებოდა თავიანთ აზრს, როგორც ხელმძღვანელთა მთავარბანაკის წევრებს, ქებით აღარ გადატვირთავ.
ვფიქრობ მას უფრო კრიტიკული მოსაზრებები დააინტერესებს წიგნთან დაკავშირებით. სულ სამად სამი შენიშვნა მაქვს და მსურს მივმართო ამ შენიშვნებით:
1. ავტორი წერს:
„ჩვენ ხომ არ მოვიტყუებით, ვერ ვითვალთმაქცებთ, რომ შევძელით ქრისტეს შეგონების შესისხლხორცება, რომ ისევე გვიყვარს მტერი ჩვენი, როგორც მოყვასი. სამწუხაროდ, ასე ვერ იქნება“. (გვ. 127)
ბაჩო, საქმე ის გახლავს, რომ ქრისტეს არ უთქვამს სამშობლოს მტერი შეიყვარეო. ქრისტე შენი პირადი მტრის შეყვარებას გავალებს. ჩვენი დიდი ჩრდილოელი უფროსი ძმის – ერთმორწმუნე რუსების წმინდანი, ფილარეტ მოსკოველი გვმოძღვრავს: „Гнушайтесь убо врагами Божиими, поражайте врагов отечества, любите враги ваша“.ესე იგი, რაო: „გძაგდეს მტერი უფლისა, შემუსრე სამშობლოს მტერი, გიყვარდეს მტერი შენი“, ანუ:
„личных врагов христианин призван прощать, предоставляя суд над ними сердцеведцу Богу; врагам Отечества следует давать достойный отпор, потому что, защищая Отечество, мы избавляем ближних от многих бед; врагами же Божиими, то есть теми, кто осознанно идет против Бога, необходимо гнушаться, то есть отвращаться, сторониться их заблуждения“.
წყენა შეგვიძლია დავითმინოთ, როდესაც ჩვენ მოგვაყენებენ მას, როგორც კერძო პირთ, მაგრამ საზოგადოებაში ჩვენ მოვალენი ვართ დავიცვათ ერთმანეთი უპირველესად სწორედ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან, რაც შენ ასე ჩინებულად გიკეთებია სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეულად დგომის დროს!
2. როდესაც წერ, როგორ გახდა: „ქართველთა მარადიული სიამაყე სიტყვა „მხედრიონი“ დღეს ბანდიტიზმის სიმბოლო“ (გვ, 223), იქვე უნებურად თვითონ უდგები თავდებად ამ უკუღმართთა ერთობას, რაკიღა ერთი მათგანისათვის არ იშურებს საქებარ სიტყვას:
„ვერ დავივიწყებ გენერალ ყარყარაშვილის პირად ვაჟკაცობას, თავდადებასა და უზომო რისკს, რომელსაც ის ეწეოდა აფხაზეთში და, შესაბამისად, ვერც ვერასდროს შევძლებ ვაპატიო მტერს ქართველი გენერლისთვის მუხანათურად ნასროლი ტყვია“ (გვ.128).
პირადი ვაჟკაცობა ალბათ არ აკლდათ არც ლიპარიტ ბაღვაშს, არც სერგო ორჯონიკიძეს და არც ჯაბა იოსელიანს, მაგრამ ვაგლახ, რომ ეს ღვთიური წყალობა მათ სამშობლოს საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ასევე – გია ყარყარაშვილმაც თავისი სახელი ეროვნული ხელისუფლების დამხობით შებღალა და მტრის ტყვიასთან ერთად, განგებისგანაც იწვნია ღალატის მისაგებელი!
მინდა საგანგებოდ აღვნიშნო სწორედ თქვენი ხელისუფლების არათუ შეცდომა, არამედ დანაშაულიც – თქვენ წაუყრუეთ ეროვნული ხელისუფლების დამამხობლებს და ესეც იყო 2012 წელს დამარცხების ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი! ბოლოში კი არ უნდა გეღიარებინათ ზვიად გამსახურდია ეროვნულ გმირად, არამედ თავში და იმ თავშივე უნდა მოგეხდინათ საყოველთაო ლუსტრაცია, რის შემდეგაც დაუხშობდით ღალატის გზას თქვენივე მომავალ დამამხობლებს – ყოფილ და ახალ „მხედრიონელებს“ და თბილისურ საძმოებს, ხოლო ეროვნული ხელისუფლების წინაშე შემცოდეთ, შემდგომში შევარდნაძისეულ ბანაკში დაფრთიანებულებს, რომლებიც თქვენს გვერდით დაიყენეთ - თავდაპირველად საქვეყნოდ მართებდათ ჩადენილი ცოდვების მონანიება მთელი ერის წინაშე!
3. მინდა იქაც შეგეპასუხო, როცა ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ კანონმდებლობას სამომავლოდ ევროპული კანონმდებლობის თარგით ზომავ და მსჯელობ, „არის არის თუ არა საჭირო საერთაშორისო სამართლის ნორმების „ჩვენს რეალობაზე მორგება“ (გვ. 233)
შენს პასუხში ხატოვანი შედარებაა მოყვანილი საფეხბურთო სტადიონის მაგალითზე: „ევროპული წესები კი არ უნდა შევცვალოთ, არამედ ბალახი და სტადიონი უნდა მოვაწესრიგოთ“ (გვ. 234)
მე კი გაგახსენებდი, რომ როგორი მოწესრიგებულიც არ უნდა იყოს ბალახი და სტადიონი, არე ტრიბუნებსა და საფეხბურთო მოედანს შორის, ქვეყნისა და ხალხის ტემპერამენტისა და ფსიქოლოგიური ბუნების მიხედვით, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან – ან პირდაპირ არის ტრიბუნა მიბჯენილი მოედანს, ამ სარბენი ბილიკითაა გამოყოფილი, ან წყლიანი ორმოებით არის დაშორებული და ან მავთულხლართებით.
ასე რომ, ჩვენ თუ გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ მათი წესებით – ევროპამაც, კეთილი უნდა ინებოს და გაითვალისწინოს ჩვენი მართლმადიდებლური ზნეობრიობა და არ დაგვათმობინოს ჩვენი ერის ღირსების უმთავრესი ნიშანი – ოჯახის სიწმინდე! უკვე არის საგანგაშო ნიშანი – გასული წლის დამლევს პირველმა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ – საბერძნეთმა მიიღო ერთსქესიანი ქორწინების კანონი და რა გარანტია გვაქვს, „იდენტობის“ დამაკანონებელი პარლამენტისგან, რომ მიჯირყვნილები, იგივე კანონს მორჩილად არ დაეთანხმებიან - იმ ერთადერთ მიზეზს, რის გამოც უფალმა დაამხო ორი აყვავებული ქალაქი: სოდომი და გომორი?
სხვა მხრივ, რა უნდა გითხრა - ღმერთმა მოგცეს გაძლებისა და მოთმინების უნარი! თვით მონღოლებს აღმოაჩნდათ ღირსება, რომ ცოტნეს პიროვნებაში, დაეფასებინათ ქართველი მხედართმთავრის ვაჟკაცობა და რაინდული ბუნება. ამ საცოდავებისთვის არ მემეტება შენი ცოტნესეული თავგამეტება! მე ის უფრო გამახარებდა, ახლა ბაჩო ახალაია უკრაინაში იყოს და იქაური მხედრობის სათავეში აკეთებდეს დიდ ქართულ საქმეს, მაგრამ „ვერ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა!“
სულ ცოტაღა დაგრჩა მოთმინებისა... მინდა, რომ საპყრობილედან გამოსვლისას მაგრად ჩამოგართვა ხელი და ქართულ ძალოვან სტრუქტურათა სათავეში დაბრუნება მოგილოცო!
გიორგი ერიშვილი
26.01.2016
ნანახია: (3628)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას