logo.png

ვის სწირავს საპატრიარქო?

 

კითხვას, რომელიც სათაურშია გამოტანილი, აქვს მარტივი პასუხი - საპატრიარქო სწირავს ნეოფიტებს!

ვინ არიან „ნეოფიტები“ და რა ახასიათებთ მათ?

ნეოფიტები არიან ეკლესიაში ახლად ფეხშედგმული ადამიანები. ყოველ წელს ათასობით ახალი მორწმუნე ემატება ეკლესიას - სულერთია, რა გზით - ბაძვით, სასწაულით, ნათელხილვით, გამოცხადებით, შეგონებით თუ ვინ მოთვლის კიდევ რა მიზეზებითა და საშუალებით ავსებენ ისინი ტაძრის მომლოცველთა რიგებს.

როდესაც ნეოფიტი პირველად აღმოაჩენს სულიერების სამყაროს, ის აღტყინებულია, გაოცებულია ახალ გარემოში მოხვედრით, რომელიც აქამდე ასე შორეული იყო მისთვის, ხანდახან ბრაზობს საკუთარ თავზე - როგორ დაემართა, რომ აქამდე არ შეუცვნია ყოველივე ეს; მას თითქოს ფრთები აქვს გამოსხმული - მზად არის სიხარულისაგან იყვიროს და მთელ მსოფლიოს გააგებინოს თავისი ბედნიერება!

ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი გადის ამ პერიოდს და დიდი წმინდა მამები აფრთხილებენ მორწმუნეებს, რომ ამ აღტყინებას გონება არ გადააყოლონ, რადგან ნეოფიტობისათვის დამახასიათებელია უკიდურესი თავგამეტებულობა - ლამის ყოველ ყოფით ქმედებას ქრისტესთვის თავის შეწირვის მზაობასთან აიგივებენ.

შესაბამისად, როდესაც საპატრიარქო ქუდზე კაცს უხმობს სადღესასწაულო წირვებზე დასასწრებად, ვირუსის საფრთხის გაუთვალისწინებლად, ყველაზე დამჯერ შეგირდთა შორის სწორედ ნეოფიტებს გულისხმობს (ასაკმა არ მოგატყუოთ - ნეოფიტი შეიძლება იყოს 17 წლის ჭაბუკიც და 87 წლის დედაბერიც).

ხოლო, როგორ ფიქრობთ, რატომ გაუძნელდებათ საპატრიარქოს მაძახურებს ძველი და ეკლესიაში კარგად ფეხმოკიდებული მრევლის დარწმუნება შინ ჩატარებული ლოცვების უსარგებლობაში?

იმიტომ, რომ იციან, მათ სიტყვას ამ კატეგორიის მორწმუნეებთან გასავალი არა აქვს. ამ უკანასკნელთათვის ჩვენი საპატრიარქო და სინოდი სანდონი არ არიან, ავტორიტეტებს არ წარმოადგენენ, რადგან  საბჭოურ გადმონაშთებად მიიჩნევიან და სინამდვილეშიც დღემდე კრემლის დაკვეთას ასრულებენ: ძველი „კაგებეს“ ის დავერბოვკებული ეპისკოპოსები, რომლებიც  ორმოცი წელია ერთი პროვინციალი დედაკაცისაგან იმართებიან.

ან, როგორ უნდა ირწმუნონ მათი, ვინც წლების მანძილზე ინტენსიურად იდგა ეკუმენიზმის სადარაჯოზე, ვინც ურიგდებოდა საბჭოთა პერიოდში: ეკლესიებზე დაკიდებულ ბოქლომებს, მეტეხის ეკლესიაში თეატრალურ სპექტაკლებს და ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში მოწყობილ აბანოს; ვისაც არაფერი უღონია, თვითმფრინავში არმყოფი  მღვდლის თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით  დახვრეტის წინააღმდეგ ხმის ასამაღლებლად!

ეს ინსტიტუცია თვით ზვიად გამსახურდიამ ვერ ჩააყენა სამშობლოს სამსახურში და პირიქით - სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა წვლილი ეროვნული ხელისუფლების დამხობაში და დღემდე წარმატებულად აგრძელებს ქვეყნის მორალური საფუძვლების რყევას - საკუთარ წიაღში ხელს უწყობს ზნეობრივი მანკიერებების და ანგარების დანერგვას, გულგრილად ეკიდება უდანაშაულო მღვდლის ციხეში ყოფნას, მართლის მთქმელ ეპისკოპოსს განატევებს სინოდიდან და ოთხნახევარ ათეულ კაცში ერთი არაა, პროტესტი გამოთქვას!

მრევლის რომელ წევრს შეუძლია დაიჯეროს, რომ ქრისტიანთა სულების გადარჩენისთვის ილოცებს ის,  ვინც დღეს ებმება სახელმწიფოსთან ერთად პატრიარქის საწინააღმდეგო შეთქმულებაში და ხვალ პატრიარქის თანამზრახველი ხდება; ვინც დღეს კარიერულ წინსვლაში ეხმარება თავის დაქვემდებარებულ სასულიერო პირს და ხვალ სიტყვას არ სძრავს უდანაშაულო პატიმრობიდან მის გამოსახსნელად; ვინც გუშინ ერთგულებას ეფიცება მღვდელმთავარს და დღეს გვერდით არ უდგას მისი განტევებისას?

ამიტომაც არის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანენი ვერ ერწმუნებიან ვერანაირ უმაღლეს იერარქებს და ამ მხრივ ყველაზე დიდ პრეტენზიებს სწორედ პირველიერარქს უყენებენ, რადგან უწყიან:

პატრიარქი 1989 წლის 9 აპრილს რომ დამგარიყო შუა რუსთაველზე და აღეპყრო ცისკენ ხელები - ვერცერთი ტანკი ქუჩაში ვერ შემობედავდა; პატრიარქი რომ ჩამდგარიყო 1992 წლის 22 დეკემბერს ქაშვეთსა და მთავრობის სახლს შორის- ვერცერთი პუტჩისტი  ტყვიას ვერ ისროდა; პატრიარქის ლოცვა-კურთხევის იმედი რომ არ ჰქონოდა ივანიშვილს - ოპოზიციასთან სიტყვის გატეხას ვერ გაბედავდა!

ასეთი გულშემატკივარი და ერზე მოამაგე პატრიარქი რომ გვყოლოდა, იცოცხლეთ - უხილავ კორონასთან კი არა, ხილულად გულში დამიზნებულ ტყვიას შეუშვერდა მკერდს მრევლი, მაგრამ, როდესაც მრევლმა იცის, როგორ ზრუნავს იგი საკუთარ ჯანმრთელობაზე: როგორ დაბრძანდება ჟამიდან ჟამ გერმანიაში სამკურნალოდ, როგორ აცდენს საზეიმო წირვას წნევის მომატების გამო და ამავე დროს, შეუძლია ხმა არ ამოიღოს თვალდათხრილ ქართველ ახალგაზრდებზე - ვერ გაჰყვებიან  მის მიერ მითითებულ გზას, იმის იმედად,  რომ რომელიმე ციური ძალები დაიფარავენ მწყემსი კეთილის გარეშე დარჩენილ ასეთ უნუგეშო და ალალბედზე მიშვებულ ფარას!

ადმინი

ნანახია: (1635)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას