"ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?" (ბიბლია, იობი 38,2).
მინდა შეძრწუნებით გამოვეხმაურო ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის გუშინდელ "ქადაგებას", რის შესაფასებლადაც მიჭირს გამოვნახო რაიმე სახის კრიტერიუმი თუ სტანდარტი, რომელიც ადექვატურად და კორექტულად გამოთქვამს სინამდვილეს.
ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო და კაცობრიობა იმყოფება უზარმაზარი გამოწვევისა და საფრთხის წინაშე, როცა სიკვდილის ცელი თანაბრად უსწორდება ნებისმიერი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების პიროვნებას, როცა დღევანდელი მოცემულობით ჩვენს ირგვლივ უკვე ათი ათასობით ადამიანი იღუპება კორონავირუსის ინფექციით, ამ ფონზე, ჩვენ ვისმენთ გაუგონარ სიბრიყვეს, თეოკრატიული პათოსის სიცოფეს, ინფანტილურ ყეყეჩობას, ანტიჰუმანურ სიშლეგესა და ეგზალტირებულ უპასუხისმგებლობას არც მეტი არც ნაკლები მოციქულთა ხელდასხმის ჯაჭვის წარმომადგენელი მღვდელმთავრისაგან, რომელსაც პრეტენზია აქვს მართლმკვეთელობაზე, ზნეობასა და ასკეზაზე.
ძალიან ძნელია იმ ციტატების მოხმობა, რომელსაც აღნიშნული მეუფე აჟღერებდა ტაძრის ამბიონიდან, რომელიც იდეაში მოყვასის სიყვარულის, მზრუნველობის, მოფრთხილებისა და ნუგეშის კვარცხლბეკი უნდა იყოს და არა სოციოპათიური, ტერორისტული, ჰეროისტული თუ სულმდაბლური მოწოდებების ადგილი! წმინდა წერილიდან ეკლესიასტეს თუ დავესესხებით - "როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი" (5,2) და დეტალურ განხილვას, რომ არ მივყვეთ, რამდენიმე ფრაზის მოხმობაც კი საკმარისია, რომ კრიმინოლოგიური და კლინიკური განსჯის საგანი გახდეს ხსენებული სიტყვის შინაარსი.
მაშ ასე, მროველ-ურბნელმა ბრძანა შემდეგი:
1. "ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა,თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა”. რა შეიძლება ითქვას ასეთ გონებაბრგვილ და დემაგოგიურ კონსპიროლოგიაზე, როცა ამ სიტყვების ავტორის შავბნელი აზრით არავითარი მკურნალობა არაა საჭირო და მრავალათასიანი მსხვერპლი თურმე სხვა არაფერია თუ არა "ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი", თითქოს გვამები, კუბოები და სასაფლაოები პროპაგანდისტული ტალღა და ფეიქი იყოს. ამ აპოკალიპტურ ისტერიაზე, ისევ ბიბლიური ფრაზა მახსენდება: "მოგწყლავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით"(II რჯ. 28,28).
2. "თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან". მეუფე იობის აზრით მოხუცები წარმავალი ხალხია და მათზე ზრუნვა არ ყოფილა საჭირო, რადგან ისედაც ახლოს არიან სიკვდილთანო. საინტერესოა ზუსტად ვინ პროგნოზირებს და განსაზღვრავს თუ როდის და რა მომენტშია მოსალოდნელი ამა თუ იმ ხანდაზმულის გარდაცვალება? ასეც, რომ იყო, განა არ იცის მისმა მეუფებამ, რომ სიცოცხლის ყოველი წუთიც კი თუნდაც ლოგინადმყოფი მხცოვანისათვის უმნიშვნელოვანესი საბოძვარი და საშუალებაა ღვთისაგან მონიჭებული, რომელიც შესაძლოა ცხონების ხელშემწყობი მონაკვეთი გახდეს, თუნდაც ავაზაკის უკანასკნელ წუთებში გამოხატული სინანული ავიღოთ, რამაც მაცხოვრის წყალობით იგი ღირსჰყო პირველი შესულიყო სასუფეველში! ან როგორ შეიძლება ასეთი გულგრილი რიტორიკა თუნდაც ბიოლოგიური საზომით, მომაკვდავ ადამიანზე? მომიტევეთ და რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა სირეგვენე და გულფიცხელობა, გაუმაძღარი ტრიუმფალიზმი და სიგიჟე!
3. "ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს". ცხადია, მეუფე იობის აღტკინებული შეძახილი არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ აბორტი ბოროტებაა, მაგრამ თუკი მტარვალი დედა საკუთარ საშოში ჰკავს არდაბადებულ ბავშვს, ნუ ეგონება მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რომ დედადხმობილი ეკლესია ნაკლებად აშავებს, როცა შინაგანთან ერთად ფიზიკურად კლავს საკუთარ სულიერ შვილებს ასეთი ჭკუაწამხდარი სისასტიკით, ეგოიზმით, პატივმოყვარეობითა და ძალადმოწამეობის დონატისტური შხამით! ამ ფონზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მუცლადმოწყვეტილ ჩვილს უფრო მეტი შანსი აქვს ცხონების, ვიდრე უღირსი იერარქიის ფსიქოზურ ტყვეობაში შეპყრობილ ბრბოს, რომელიც ფიზიკურად ჯერ-ჯერობით ისევ ცოცხალია!
4. "ჩვენ უნდა მოვუსმინოთ უწმიდესსა და უნეტარესს, რასაც ის მოგვიწოდებს, იმიტომ რომ ის არის შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის. მისი ლოცვა-კურთხევა უნდა იყოს მორწმუნეთათვის მთავარი და არა ურწმუნო ხელისფლების მოწოდება, ან ურწმუნო ექიმების მოწოდება". ჰოი საოცრებავ! მეუფეო იობ, უტიფრობასა და ფარისევლურ პირფერობასაც აქვს საზღვარი! ამას თქვენ ამბობთ? კაცი, რომელიც პირსუკან კათოლიკოს-პატრიარქს უბილწესსა და უგარყვნილესს უწოდებს სხვებთან პირად საუბარში?! დიახ, სწორედ თქვენგან მაქვს მოსმენილი, რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით 2019 წლის 5 იანვარს, როცა ქარელის რეზიდენციაში გეახლეთ, თუ როგორი მღელვარებით ბჭობდით ილია II-ის მამათმავლობაზე და მის პედოფილურ ისტორიებზე, დაწყებული მისი სიყრმიდან - ვიდრე აქამომდე! განა თქვენ არ თქვით, რომ ის "ეშმაკეული და ხიბლში მყოფი" ადამიანია?! თქვენ ხომ იცით, რომ სიმართლეს ვამბობ, სინდისს მოუსმინეთ და დაუკვირდით, ნუთუ პატრიარქობის ამბიციამ ისე დაგაბრმავათ, რომ ნამუსზე და გულწრფელობაზე საბოლოოდ აიღეთ ხელი და მჟავე პოპულიზმით მოინდომეთ ზოოლოგიური ცხვრების მონადირება?!
P.S. ამასთან, აუცილებლად უნდა შევეხო მიტროპოლიტ იობის ამასწინანდელ რეპლიკას, როცა თეოლოგებს ურცხვად და შავრაზმულად თავს დაგვესხა და გვიწოდა - "მოდერნისტები, ნოვატორები, ეკუმენისტები, ლიბერალები და ეკლესიის მტრები"! ფაქტობრივად, ამ სიტყვებით, იგი შორენა თეთრუაშვილის პარადიგმაში მოექეცა და ცილი დაგვწამა სისტემის მიერ დაუნდობლად დევნილ ადამიანებს! რეალურად, მოდერნიზმი ის კი არ არის რასაც თეოლოგები კანონიკური სამართლის, დოგმატიკისა და საეკლესიო ტრადიციის სიბრტყეზე ვსაუბრობთ, არამედ მოდერნიზმია სწორედ ის "სავსემთვარეობის" ნიადაგზე ამოხეთქილი შეშლილი სიბორგილე, რასაც ხსენებული მღვდელმთავარი ექსკლუზიურად კადრულობს და ტირაჟირებს!
ადამიანურად ამ პანდემიასთან ფსევდოვაჟკაცურ ჭიდილში, ნამდვილად არ ვისურვებ, რომ მასზე აღსრულდეს ბიბლიური საყვირის ხმა - "ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება" (იგავნ. 5,23).
მთლიანობაში კი, მორალური თვალსაზრისით - სირცხვილი და უნდობლობა უპრინციპო, კარიერისტ და ორსახოვან მიტროპოლიტ იობს! ანაქსიოს!
გიორგი ტიგინაშვილი (თეოლოგი)
ნანახია: (1409)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას