logo.png

მკითხველს ვთავაზობთ წერილს ანდრეი კურაევის ბლოგიდან:

 https://diak-kuraev.livejournal.com/?skip=10

 

პიოტრ მიხალიოვი -

                                         თვითზიარება

 

ბასილი დიდის მიხედვით, ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა დევნილობის პერიოდში. „სრულებითაც არ არის სახიფათო, - წერდა ის, - თუ ვინმე დევნილობის ჟამს, მღვდლისა და სასულიერო პირის არარსებობის პირობებში, იძულებული გახდება ზიარება მიიღოს საკუთარი ხელით“.

უკვე მოწამე იუსტინეს დროს ქრისტიანებისთვის, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ მონაწილეობდნენ ღვთაებრივ ევქარისტიაში, დიაკვნებს სახლში მიჰქონდათ ევქარისტია. ტერტულიანე საუბრობს თვითზიარების შესახებ, როგორც ჩვეულებრივ, საყოველთაოდ ცნობილ მოვლენაზე. კლიმენტი ალექსანდრიელი გადმოგვცემს, რომ ევქარისტიული პურის განტეხვისას ყოველ ადამიანს შეეძლო მისი გარკვეული ნაწილის შინ წაღება.

დევნილობის შეწყვეტასთან ერთად თვითზიარება არ შეწყვეტილა, პირიქით, ბასილი დიდი იწონებდა მას და აძლევდა საღვთისმეტყველო დასაბუთებას: „კარგია და სასარგებლოა, - წერდა ის - ყოველდღე ზიარება და ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის მიღება, რადგან თავად ქრისტე ამბობს: „ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს“... ყველა მეუდაბნოე ბერს, რომელთაც გვერდზე არა ჰყავთ მღვდელი, შინ აქვთ ზიარება და თავად ეზიარებიან, ხოლო ალექსანდრიაში და ეგვიპტეში ყოველ მონათლულ საერო პირს შინა აქვს ზიარება და ეზიარება, როცა მოუნდება. უკეთუ მღვდელმა ერთხელ ჩაატარა ღვთისმსახურება და შესწირა მსხვერპლი, ამის მიმღებმა, ყოველდღიური ზიარებით სამართლიანად უნდა ირწმუნოს, რომ იღებს და ეზიარება თავად მომწოდებლისაგან.

ბასილი დიდის ცხოვრებაში, რომლის ავტორობაც ამფილოქე იკონიელს მიეწერება, ნათქვამია, რომ მათ მიერ შედეგენილი პირველი ევქარისტიის ჩატარებისას, ბასილი დიდი წმინდა პურის ერთი ნაწილით ეზიარა, მეორე ნაწილი შეინახა მტრედისმაგვარ კიდობანში, რომელიც ტრაპეზის თავზე ეკიდა ხოლმე, მესამე წაიღო თან, რათა სიკვდილის წინ მით ზიარებულიყო; წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი დის - გორგონიას გარდაცვალებისას, მის კუბოსთან წარმოთქმულ სიტყვაში, როდესაც  სასწაულებრივ კურნებას ეხებოდა, ამბობს, რომ ეს მოხდა მისი დის თვითზიარების შემდეგ...

XV საუკუნეში სვიმეონ თესალონიკელი საერთოდაც უშვებს, რომ უკიდურესი აუცილებლობისას, ერისკაცებსაც შეუძლიათ აზიარონ მომაკვდავნი. თუ როგორ ხდებოდა ეს თვითზიარება,  რა დროს და რაგვარად, ამის თქმა დღეისათვის ძნელია, არსებული მწირი ცნობების გამო. იოანე მოსხი ერთგან იხსენიებს ქალს, „რომელიც მეზობელთან გადასულა, მასთან თანაზიარებისთვის. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ მეუდაბნოეთა შორის, მათი ცხოვრების ნირის შესატყვისად, ამ ქმედებას ჰქონდა ინდივიდუალური ხასიათი, საერონი ამას იქმოდნენ ერთობლივადაც. რაც შეეხება ლოცვებს, რომლებიც თან ერთვოდა თვითზიარებას, მათზე წარმოდგენა უნდა ვიქონიოთ წმინდა მარიამ ეგვიპტელის († 522) სიკვდილისწინა ზიარების მიხედვით. როდესაც ბერმა ზოსიმამ მოუტანა მას წმინდა ზიარება, მარიამმა სთხოვა ზოსიმას, წაეკითხა „რწმენის სიმბოლო“ და „მამაო ჩვენო“. ამის შემდეგ ის ეამბორა ბერს და ეზიარა, შემდეგ აღაპყრო ხელები ზეცისაკენ, ამოიოხრა,  და ცრემლმორეულმა თქვა: „აწ განუტევე მხევალი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“.

 

ნანახია: (1082)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას