logo.png

რეზო ჭკადუა

ზოგიერთი დეტალი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით

                                                            (წერილი II)

 

 

1921 წელს ბოლშევიკური რუსეთი ომის გამოუცხადებლად უდიდესი სამხედრო შენაერთებით, ვერაგულად შემოიჭრა საქართველოში. ჩვენი შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, წითელმა არმიამ  25 თებერვალს დაიკავა ქ. თბილისი.  ქართული ჯარი კიდევ ერთი თვე იგერიებდა მრავალი მხრიდან შემოჭრილ ველურ ურდოებს. მაგრამ მტრის მრავალრიცხოვნებამ თავისი გაიტანა და ჩვენი ჯარი საბოლოოდ დამარცხდა.  საქართველოს კანონიერი ხელისუფლება იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა მათ, გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, მოახერხეს ბათუმიდან ქემალისტური თურქეთის საჯარისო ნაწილების განდევნა, რომლებიც საქართველოში რუსი ოკუპანტების შემოსვლის პარალელურად თავს დაესხნენ აჭარას და დაიკავეს ქ. ბათუმი. ქართულმა ჯარებმა მტერი მდ. სარფის სამხრეთ ნაწილში გადარეკა და იქ დაფიქსირდა საბოლოოდ თურქეთ-საქართველოს საზღვარი. ძალზე რთული იყო ახლად ფეხადგმული დემოკრატიისათვის ამ ორი უზარმაზარი იმპერიის მოგერიება.

ერთი წლით ადრე, 1920 წ. 7 მაისს ბოლშევიკურ რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ მთავრობებს შორის გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება განხორციელდა ვ. ლენინის და ი. სტალინის ორგანიზებით. რუსეთის მხრიდან სამშვიდობო დოკუმენტს ხელი მოეწერა საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისრის მოადგილის ლევ კარახანის (კარახანიანი) მხრიდან. საქართველოდან კი ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ უროტაძემ, რომელიც პირადად იცნობდა ლენინს. როგორც ირკვევა, ამ  ხელშეკრულებას მხარს არ უჭერდა სტალინი, თუმცა ის იძულებული გახდა, დათანხმებოდა მას. ლევ ტროცკი,  წიგნში „სტალინი“ წერს: „სტალინი ამ ხელშეკრულების წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა რომ მისი სამშობლო რუსეთისაგან გათიშული ყოფილიყო (ლ. თოიძე, ინტერვენცია ... თბილისი 1991. გვ.20).

ეჭვგარეშეა, ი.სტალინი თუ ქართულ სახელმწიფოს არ მიუერთებდა  რუსეთის უკიდეგანო იმპერიას, კრემლში მის კარიერულ წინსვლას აუცილებლად შეეშლებოდა ხელი.  ვ.ლენინის ინტერესი კი ძალზე განსხვავებული იყო. მას სხვა ქვეყნების დაპყობა-განადგურება სჭირდებოდა მათივე  ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით დამშეულ-გავერანებული რუსეთის იმპერიის დასაპურებლად. ამაზე „ბელადი“ თავის ფარულ მიმოწერებში ღიად საუბრობს.

1920 წლის 2 მაისს მე-11 არმიამ აღმოსავლეთის მხრიდან გადმოლახა საქართველოს საზღვარი და ცდილობდა თბილისისკენ გაჭრას. მანამდე კი 1920 წლის 17 მარტს, ვ. ლენინი გ.ორჯონიკიძეს უგზავნის შემდეგი შინაარსის დეპეშას - „ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ... იგივე შეეხება საქართველოს, თუმცა გირჩევთ მას ფრთხილად მოეპყრათ“(ვ. ლენინი).

რუსეთის ჯარების საომარი მოქმედების დაწყების მეორე დღეს, გ. ორჯონიკიძე მოსკოვს აცნობებს, რომ იმედი აქვს არა უგვიანეს  15 მაისისა თბილისს აიღებს. მეორე დღეს იმავე მისამართზე კვლავ აგზავნის დეპეშას - „მოსკოვი, კრემლი: ლენინს, სტალინს. ამბები ისე დატრიალდა, რომ იმედი გვაქვს თორმეტს მაინც ვიქნებით თბილისს... საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა აჯანყებულთა საშინელ ხოცვა-ჟღლეტვას გამოიწვევს.“(ლ. თოიძე, ინტერვენცია ... თბილისი 1991. გვ.20). თუცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს რევოლუციურ გამოსვლებს საქართველოში ადგილი საერთოდ არ ჰქონია. იმავე წლის 4 მაისს, ვ. ლენინი და ი.სტალინი გ.ორჯონიკიძეს წერენ: „ცეკა გავალებთ გამოიყვანოთ საჯარისო ძალები საქართველოს ფარგლებიდან და თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისგან.“

საინტერესოა, რა მოხდა ასეთი 4 მაისს, რამაც პირსისხლიან ბელადებს გადააფიქრებინა საქართველოს წინააღმდეგ საომარი ოპერაცია. ამას სავარაუდოდ ორმა გარემოებამ შეუწყო ხელი: 1. ქართულმა ჯარებმა მოიგერიეს რუსი აგრესორები და განდევნეს საქართველოს ტერიტორიიდან. 2. 4 მაისს საბჭოთა რუსეთის საგარეო უწყებამ მიიღო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, კერზონის   საპროტესტო ნოტა, რომლის მიხედვითაც  ინგლისის მთავრობა მოითხოვდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა საომარი მოქმედებები ყირიმსა და კავკასიაში. ამ საერთაშორისო დიპლომატიურ დოკუმენტთან დაკავშირებით, საინტერესოა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გიორგი ჩიჩერინის მიმართვა ვ. ლენინისადმი: „დავეთანხმოთ ვრანგერის ამნისტიას და შევაჩეროთ შემდგომი წინსვლა კავკასიაში, სადაც ჩვენ ყველაფერი ძვირფასი ხელთ ვიგდეთ.“ გ. ჩიჩერინი ამჯერად ნამდვილად ცდებოდა. ვ.ლენინისათვის ბაქოს ნავთობი ძალიან ცოტას ნიშნავდა. იგი კავკასიაში ფართომასშტაბიან ძარცვა-რბევას გეგმავდა.1921 წლის 14 თებერვალს ვ. ლენინი მე-11 არმიის სარდლობას შემდეგი შინაარსის დეპეშას უგზავნის: „ცეკა მზადაა ნება დართოს მე-11 არმიას აქტიურად დაეხმაროს აჯანყებას საქართველოში და დაიკავოს თბილისი საერთაშორისო ნორმების დაცვით... გაფრთხილებთ, რომ უპუროდ ვზივართ. იძულებული ვართ კავკასიიდან ვზიდოთ ნავთი და პური.“ (ლენინი, თხზულებათა ტომი 32, გვ.175-176).

საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები  უკვე სამი დღის დაწყებულია. ამ შემთხვევაში ვ. ლენინი სრულიად არაორაზროვნად განმარტავს საქართველოს დაპყრობის მიზანს. ეს ხორბლის მარაგის დატაცებაა, მაგრამ მომდევნო წერილებში ვნახავთ, რომ იგი მარტო პურის მარაგის დატაცებით არ შემოიფარგლება. რაც შეეხება დეპეშის იმ ნაწილს, სადაც ლაპარაკია  თბილისის საერთაშორისო ნორმების დაცვით დაკავებაზე, ეს სრული ნონსენსია და მასზე ჩვენი მხრიდან მსჯელობა სრული უაზრობა იქნებოდა. იმავე წლის 15 თებერვალს, ვ. ლენინი მე-11 არმიას უგზავნის შემდეგ დეპეშას, სადაც „პროლეტარიატის ბელადი“ მოუწოდებს საოკუპაციო ძალების მესვეურებს ენერგიულად იმოქმედონ ნეიტრალური ზონის (ლორე) თეთრგვარდიელებისგან დასაცავად. არ მოერიდონ თბილისის აღებასაც. დეპეშის ადრესატებს აძლევს მითითებას, ანგარიში გაუწიონ ოპერაციის პოლიტიკურ ხასიათს (გაზეთი კომუნისტი, 1989 წ. 15 ნოემბერი).

ქართული წარმომავლობის რუსი ბოლშევიკი ი. სტალინი ძალზე მოწადინებულია საქართველოს სწრაფი დაპყობით. იგი გ. ორჯონიკიძეს წერს: „Предлагаю: аxлаве шеутие дaстуриa, аиге кaлaки.“ (გაზეთი კომუნისტი, 1989 წ. 15 ნოემბერი).

1921 წლის 28 თებერვალს ვ. ლენინის მიერ გაკეთებული მოხსენება მოსკოვის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე საერთაშორისო აფერისტობის უმაღლესი მაგალითია: „ ...მესამე საერთაშორისო საკითხია კავკასიის ამბები. იქ ბოლო დროს დიდი მასშტაბის ამბები მოხდა... ის რომ სომეხ-ქართველთა ომი აჯანყებად იქცა, რომელშიც რუსეთის ჯარის ნაწილებიც მონაწილეობდნენ, იმით დამთავრდა, რომ თბილისში საბჭოთა ხელისუფლება აღმოჩნდა... ჩვენ ვიცით რომ აჯანყება დაიწყო სომხეთში, სწორედ იმ ნეიტრალურ ზონაში რომელიც სომხეთსა და საქართველოს შორის მდებარეობდა და რომელიც საქართველომ ანტანტას  იმპერიალისტების ნებით დაიკავა... ქართველი მენშევიკების ხელში იყო სომეხი გლეხობის სურსათის გასაღები - საერთო რკინიგზა... ჩვენ რომ საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გვქონოდა მეტად უნდა გაგვეჭიანურებინა ეს საქმე.“ (ვ. ლენინი, თხზულებათა კრებული ტომი 32, გვ.176). ჩვენ უკვე ვიცით, რომ 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება და იგი ვ. ლენინის და ი. სტალინის პატრონაჟით მიმდინარეობდა, მაგრამ რუსულ-ბოლშევიკური მორალისათვის ორპირობა, სიცრუე და ვერაგობა პოლიტიკური ბრძოლის მისაღები ტაქტიკაა.

ბოლშევიკური მოძრაობის სამიზნე და მასთან დაკავშირებული ბრძოლის მეთოდი და სტრატეგია, მთელი სიზუსტით არის ჩამოყალიბებული ვ. ლენინის 1922 წლის, 10 ნოემბრით დათარიღებულ კ. ვოროშილოვისადმი გაგზავნილ წერილში - „ჩატარდეს უმოწყალო მასიური ტერორი კულაკების (შეძლებული გლეხობა) და მღვდლების წინააღმდეგ. საეჭვოები ჩაიკეტონ საკონცენტრაციო ბანაკებში, ქალაქგარეთ. განვახორციელოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით. უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად... ჩვენ ახლა უნდა გავუმართოთ შავბნელ სამღვდელოებას გადამწყვეტი და დაუნდობელი ბრძოლა. ჩავახშოთ მათი წინააღმდეგობა ისეთი სისასტიკით, რომ მათ არ დაივიწყონ ეს ამბავი ათეული წლების მანძილზე, რაც უფრო მეტ ბურჟუასა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ მით უკეთესი.“ (გაზეთი ლიტერატურული საქართველო, 1990 წლის 30 სექტემბერი). წინამდებარე ამონარიდის კრიტიკული შეფასება ჩვენი თვალსაზრისით ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.  ვ. ლენინის ხსენებულ წერილში ბოლშევიკური რუსეთის პოლიტიკა სრულად არის გაშიშვლებული. დღევანდელი რუსეთის იმპერია აგრძელებს იმ საგარეო და საშინაო პოლიტიკას, რომელიც დააფუძნა ვ.ლენინმა XX საუკუნის 20-იან წლებში. ამ თეორიის შექმნის და მისი პრაქტიკულად განხორციელების ავტორი ვ. ლენინი დღესაც განისვენებს კრემლის კედელთან საგანგებოდ აშენებულ მავზოლოეუმში, რაც უტყუარად  მიანიშნებს იმაზე, რომ დღევანდელი კრემლის ხელისუფლება უარს არ ამბობს ლენინისა და ბოლშევიკების მიზანსწრაფვაზე. იმავე მავზოლეუმში განისვენებდა კრემლის კიდევ ერთი, ქართული წარმომავლობის  ბოლშევიკი ი.სტალინი, მაგრამ იგი 1961 წელს გამოასვენეს და დამარხეს  კრემლის კედელთან, სხვა რუსი ბოლშევიკების გვერდით.

ვ. ლენინთან ერთად საქართველოს დაპყრობა-განადგურებაში უდიდესი წვლილი ი. სტალინს მიუძღვის. 1921 წელის 10 თებერვალს,  საქართველოში საომარი მოქმედების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, გაზეთ „პრავდაში“  ი.სტალინი აქვეყნებს წერილს სათაურით - „პარტიის მორიგი ამოცანები ნაციონალურ საკითხში.“  ეს წერილი ფაქტიურად საქართველოს სახელმწიფოს დაშლა-გაქრობის მისეულ გენერალურ გეგმას წარმოადგენს. იგი წერილში წერს: „კერძო საკუთრებაზე და კლასობრივ უთანასწორობაზე დაფუძნებულ ახალ ნაციონალურ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ არსებობა: ა) თუ თავიანთ ნაციონალურ უმცირესობებს არ დაჩაგრავენ (პოლონეთი, რომელიც ჩაგრავს ბელორუსებს, ებრაელებს, ლიტველებს, უკრაინელებს; საქართველო რომელიც ჩაგრავს ოსებს, აფხაზებს, სომხებს; ბ) თუ მეზობლის ხარჯზე თავიანთ ტერიტორიას არ გააფართოვებენ, რაც გამოიწვევს კონფლიქტებს და ომებს (პოლონეთი ლიტვის, უკრაინის და რუსეთის წინააღმდეგ, იუგოსლავია ბულგარეთის წინააღმდეგ., საქართველო სომხეთის და თურქეთის წინააღმდეგ).“

პროლეტარიატის „დიდი ბელადის“ ამ უტიფარი განცხადების მიხედვით, საქართველოს ნაციონალურმა სახელმწიფომ  თუ იარსება, აუცილებლად ძალით წაართმევს მიწებს სომხეთს და თურქეთის უზარმაზარ იმპერიას. ხოლო რაც შეეხება ოსებს, აფხაზებს და სომხებს, იგი აუცილებლად დაამცირებს და დაჩაგრავს მათ. ამ სტატიის დედაარსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ნაციონალური სახელმწიფო უნდა აღიკვეთოს, ვინაიდან იგი გამოიწვევს რეგიონში კონფლიქტებს. უნდა ითქვას, რომ რუსეთის იმპერია ამ პოლიტიკას დღემდე აგრძელებს. იგი არ ინდობს არცერთ მეზობელ სახელმწიფოს. ი. სტალინის აღნიშნულ წერილს ღრმად თუ ჩავუფიქრდებით, იგი აპირებს ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს ქირურგიულ მაგიდაზე მოთავსებას და მისი სასიცოცხლო ორგანოების ამოშანთვას. მან საქართველოს ერთიან სხეულს მოაჭრა არა მარტო კიდურები, არამედ თავიც. ეს პროცედურა საქართველომ ერთი საუკუნით ადრეც განიცადა, მეფის რუსეთის დროს, როდესაც იმპერიამ გააუქმა ბაგრატიონთა  რვასაუკუნოვანი ღვთივკურთხეული სამეფო დინასტია, რაც უდიდესი დარტყმა იყო ჩვენი სამშობლოს ბუნებრივი განვითარებისათვის. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ი.სტალინმა და მისმა აგენტურამ ქვეყნიდან განდევნა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ხოლო ვინც ეს ვერ მოახერხა, პირწმინდად ამოწყვიტა - მათ შორის საქართველოს გმირი გიორგი მაზნიაშვილი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე. გარდა ამისა, მან ჯვარზე გააკრა უნიჭიერესი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები ...

მისი პოლიტიკის წყალობით წამებით ამოხადეს სული უწმინდეს და უნეტარეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ამბროსის (ხელაია), რომელიც მოგვიანებით ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 

* * *

რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დღის წესრიგში დადგა მე-11 არმიის დისლოკაციის საკითხი.  როგორც მიმოწერებიდან ირკვევა, იგი უნდა დაბრუნებულიყო აზერბაიჯანში. ამასთან დაკავშირებით ვ. ლენინი

გ. ორჯონიკიძეს ატყობინებს: „ჩვენ მივიღეთ ნარიმანოვის, ბუნიათ-ზადეს და სერებროვსკის სასოწარკვეთილი დეპეშა. ისინი სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სრულიად შეუძლებელია მე-11 არმიის დაბრუნება დამშეულ და გაძარცვულ აზერბაიჯანში... მიიღეთ უაღრესად ენერგიული ზომები, რათა ეს არმია დატოვებულ იქნას საქართველოში და რადაც უნდა დაჯდეს დააჩქარეთ პურის ჩამოტანა უცხოეთიდან საქართველოს კონცესიებზე, მარგანეცზე და სხვ.“ (ვ.ლენინი, თხზულებათა ტომი 45, გვ.83-84). ვ.ლენინი მეორე დღესაც უგზავნის დეპეშას ორჯონიკიძეს: „ძალინ გთხოვთ უაღრესად სერიოზული ყურადღება მიაქციოთ გუშინ აღძრულ საკითხს საქართველოს კონცესიების შესახებ. საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ზოგიერთი კონცესია დადო. მთელი ძალღონით უნდა ეცადოთ განაახლოთ ეს ძველი კონცესიები...“(ლენინი, თხზულებათა ტომი 45, გვ.83-84). როგოც წერილიდან ირკვევა, საბჭოთა რუსეთი და აზერბაიჯანი კრემლის ავანტიურისტთა მიერ დამშეულ-გაღატაკებულია. ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან კრემლი გამოსავალს მხოლოდ საქართველოს კონცესიებში ხედავს. იმავე წლის 5 აპრილს ლენინი ორჯონიკიძეს იმავე თემაზე ისევ აცნობებს: “გთხოვთ საქართველოს რევკომისაგან დაწვრილებით შეიტყოთ: პირველი, დაუდასტურა თუ არა საქართველოს საბჭოთა მთავრობამ იტალიელებს კონცესია ტყვარჩელის მაღაროებზე; მეორე , ჭიათურის მაღაროების მარგანეცის შესახებ, გადაიყვანეს თუ არა მესაკუთრე გერმანელები მოიჯარადეთა, ან კონცესიონერთა მდგომარეობაზე. როდის რა პირობებით? ამას გიგანტური მნიშვნელობა აქვს.“იმავე წლის14 აპრილს ლენინი დეპეშას უგზავნის აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, დაღესტნისა და მთიელთა რესპუბლიკების კომუნისტებს: „ეკონომიკურად რუსეთი მოწყვეტილია და მნიშვნელოვნად ახლაც მოწყვეტილი რჩება მოწინავე დასავლეთ კაპიტალისტური ქვეყნებისაგან. კავკასიას შეუძლია უფრო ადვილად მოაგვაროს „თანაცხოვრება“ და საქონელგაცვლა კაპიტალისტურ დასავლეთთან. ნავთი, მარგანეცი, ქვანახშირი, სპილენძი - ასეთია უდიდესი სამთამადნო სიმდიდრეთა არასრული სია... რომ ფართოდ გაიშალოს კონცესიების პოლიტიკა და საქონელგაცვლა საზღვარგარეთთან.“(ლენინი, თხზულებათა კრებული ტომი 32, გვ. 398).

როგორც ირკვევა, ბოლშევიკურ რუსეთს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაღალ ეშელონებში, საკმაოდ  კვალიფიცირებული აგენტურა ჰყოლია ჩანერგილი, რომელიც ზუსტ ინფორმაციას აწვდიდა კრემლს, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. პროფ. ლევან თოიძის აზრით, კავკასია, კერძოდ კი საქართველო უნდა გამხდარიყო რუსეთის საგარეო ვაჭრობის ფარი. იგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ საქართველოს გასაბჭოების დაჩქარება სწორედ ამ გარემოებით იყო  განპირობებული.

საქართველოს სახელმწიფოს ძარცვა-განადგურების ლენინ-სტალინისეულ პროგრამის ხორცშესხმას მომდევნო წერილებში შევეხებით.

 

 

ნანახია: (1602)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას