ილია მეორის მილოცვა ედუარდ შევარდნაძისადმი!
დღეს 9 აპრილია - სამშობლოსათვის 1989 წელს თავშეწირულ მამულიშვილთა ხსოვნისა და 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თარიღი.
პირველთა ხსოვნა და მეორის დღესასწაული შებღალულ იქნა კრემლთან ასოცირებული საქართველოს უღირსი შვილების ბოროტებით: სისხლში ჩაიხრჩო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, აოხრდა თბილისი და ქეყნის ყოველი კუთხე-კუნჭული, დაითრგუნა და დაბეჩავდა ხალხი, გამეფდა საყოველთაო სიღატაკე, შიმშილი და სასოწარკვეთილება და ამ დროს, იხილეთ პატრიარქი როგორ ხოტბას უძღვნის ყოველივე ამის მთავარ შემოქმედს - თავისი ქვეყნის დამამხობელს:
მისალმებანი დაბადების 65 წელთან დაკავშირებით
მის აღმატებულებას, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფოს მეთაურს, ბატონ ედუარდ-გიორგი შევარდნაძეს
თქვენო აღმატებულებავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - დაბადების 65 წლისთავს.
დიდია თქვენი დამსახურება ჩვენი ერის და მსოფლიოს წინაშე. რთული და ეკლიანი არის თქვენი გზა, მაგრამ ნათელი და დიდებული. თქვენი მთელი ცხოვრება უფსკრულის წინაშე საცალფეხო ბილიკზე სვლა იყო.
ადრე, თუმცა გარეგნულად შორს იყავით ეკლესიისაგან, ღმერთი მაინც ახლოს იყო თქვენთან, რადგან ყოველ თქვენს მოქმედებას საფუძვლად სიკეთე და საქართველოსთვის ზრუნვა ედო, მაშინაც კი, როცა თქვენი უშუალო მონაწილეობით წყდებოდა მსოფლიო გლობალური პრობლემები, თქვენ ყოველთვის ფიქრობდით საქართველოზე.
დღეს რუსეთში ბევრია თქვენდამი კრიტიკულად განწყობილი. ბევრი მისტირის არც თუ ისე შორეულ წარსულს. გონიერი ადამიანი კი ადვილად მიხვდა, რომ ის, რაც გაკეთდა, იყო ხსნა როგორც მსოფლიოსათვის, ისე, უპირველეს ყოვლისა, რუსეთისათვის.
ის, რაც თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა შესძელით, იმდენად დიდი და საოცარია, რომ ალბათ წლები დასჭირდება მის სწორად აღქმასა და შეფასებას.
მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი მთავარი მისია მაინც საქართველოს მსახურებაა, სამშობლოს განთავისუფლება და მისი გადარჩენაა. ესაა ღვთის მიერ თქვენზე დაკისრებული უმთავრესი მოვალეობა და ყველაფერი, რაც აქამდე გააკეთეთ, იყო მხოლოდ მზადება ამ მიზნის განსახორციელებლად.
გახსოვდეთ, უფალი, რომელმაც ერის ჯვარი გიბოძათ, მოგცემთ ძალას ბოლომდე მის სატარებლად. „თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს“ (II სჯული, 31, 6).
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.
ღრმა პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
თბილისი, 1993 წლის 24 იანვარი
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, სამშაბათი, 26 იანვარი, 1993 წელი
ნანახია: (1633)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას