.
"სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის დიდძალსა" (ბიბლია, ფსალმ. 39,11).
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ხისტი გულწრფელობა მახასიათებს და არ მიყვარს პირმოთნეობა.
ცხოვრებაში არაერთი პროფესიის, ბუნებისა და მსოფლმხედველობის ადამიანს შევხვედრილვარ. ბევრი რამ მისწავლია მათგან, იმედგაცრუებაც მქონია, აზრიც შემიცვლია, როცა ნამდვილი მხარე გამოუმჟღავნებიათ; ურთიერთობა ზოგჯერ მინანია და ზოგჯერ მადლიერიც ვყოფილვარ, რომ ესა თუ ის პიროვნება თავისი მეობით შემოსულა ჩემ ცხოვრებაში.
მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ის ადამიანია, ვისთან ურთიერთობამაც მასწავლა თუ რას ნიშნავს იდეისათვის თავდადება, ზნეობრივი პრინციპების ერთგულება, ქრისტეს სიყვარული, გაჭირვებული ადამიანების სიბრალული, მოწოდებისა და არა ეგოს სასარგებლოდ ცხოვრება, სამშობლოსადმი პატრიოტიზმი, კომფორტული ზონის საკუთარი ნებით დათმობა და ღირსების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი... დიახ, სწორედ მან, ერთადერთმა გაბედა და კაცურად სთქვა უხერხული სიმართლე, ჩვენი ერის დაცემის მიზეზი და ჩვენი ეკლესიის ფუნდამენტური პრობლემა!
ისტორია, აწმყოში იშვიათად აფასებს დიდბუნებოვან მოღვაწეებს, თუმცა შედეგების აღწერისას, ქრონიკებში ვერასდროს გამოტოვებს თავის გმირებს, მით უმეტეს დაგვიანებით, როცა მეინსტრიმული და კონიუქტურული წნეხი თუ ცენზურა იხსნება და ობიექტურობას ეძლევა მეტი სითამამე, რათა ფურცელზე მაინც აღბეჭდოს რთულად სათქმელი სიმართლე.
დღიდან გაცნობისა (2019 წლის 10 ოქტომბრიდან) მე არცერთხელ არ შემინიშნავს მასში მართლმადიდებელი ეპისკოპოსისათვის შეუფერებელი საქციელი, იქნებოდა ეს პოზიციებში, ქცევასა თუ სიტყვაში.
ამდენად, რაკი ღირებულებები, პრინციპები და გული ჯერაც არ წამხდენია, ვრჩები კვლავაც ამ კაცის ერთგულ, უანგარო და უმცროს ძმად, მის თანამებრძოლად და მხარდამჭერად, რამეთუ მიმაჩნია, რომ სინდისიერი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, ქრისტიანულ პასუხისმგებლობასა და ადამიანურ მოწიფულობას განსაზღვრავს სიმართლის მსახურება, რწმენა – ღალატის გარეშე, ხოლო თავმდაბლობა – ლაჩრობის გარეშე! ეს ფასეულობები მაკავშირებდა და ახლაც განუხრელად მაერთიანებს მასთან, რადგან იგი ამას იმსახურებს!
მე არ ვყოფილვარ არასდროს მიტროპოლიტ პეტრეს მღვდელი, ბერი, მორჩილი, მედავითნე ან სტიქაროსანი; არც მის კანცელარიაში მიმუშავია და არც რაიმე ამქვეყნიური ინტერესით არ გამიბია ძაფები მასთან! მხოლოდ ღირსების წყურვილმა და საზოგადო სიკეთეზე ზრუნვის მცდელობამ დამაახლოვა მასთან, რისთვისაც მადლობელი ვარ ღმერთის.
ჩვენ, ძმებთან და თანამებრძოლებთან ერთად დავუპირისპირდით მტარვალ სისტემას, საბჭოთა КГБ-ს რუდიმენტს, ჰედონისტურ ლობსა და ანტიქრისტიანულ რეჟიმს. ვიცოდით რომ ეს გამოიწვევდა წუთისოფლისეული თვალსაზრისით "წაგებულ ბრძოლაში" ჩაბმას, დევნასა და შევიწროვებას, მაგრამ ერთი წამითაც კი არ გვიყოყმანია და არც გვინანია, რადგან უთქმელობის დაშვებით გამოწვეული უჰაერობა გვტანჯავდა...
დიდი ამერიკელი თეოლოგი მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: "ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც – სიკეთისათვის ხელშეწყობა".
ვისაც ესმის გოლგოთის სულიერი მხარე, ჯვარცმის მისტერია, გარდაუვალი აღდგომის არსი და მარადიული ცხოვრების მემკვიდრეობა – ის აუცილებლად გაიგებს, თუ რას ნიშნავს წმინდა ურჩობა და დამღუპველი მორჩილება.
ვაი მათ, ვინც კონფორმიზმის, კარიერიზმისა და ანგარების მერკანტილური არჩევანისაკენ გადადგეს ნაბიჯი და ზურგი აქციეს სიმართლის საყვირს.
ქრისტიანული სინდისისთვის არ არსებობს ერთგულებაზე უფრო მშვიდობისმომცემი შეგრძნება საკუთარი სულისთვის, ხოლო ღალატზე უფრო ფატალური სიბორგილე – "კეთილი გონება წყალობის მომცემია, მოღალატეთა ხვედრი კი - სასტიკი" (ბიბლია, იგ. 13:15)
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
ნანახია: (523)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას