logo.png

რა არის შური ბიბლიის მიხედვით

შური – ID ბლოგი

შურის მარტივი განმარტება არის "გსურდეს ის, რაც სხვას ეკუთვნის". ასევე შურის საგულისხმო დეფინიცია აქვს სულხან-საბას - "წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა".

შურის უფრო საფუძვლიანი აღწერა არის ამგვარი: ესაა გაბრაზებული, უკმაყოფილო ლტოლვა სხვისი ქონების, პოზიციის, სიმდიდრის, მიღწევების ან წარმატების მიმართ.

შურის ცოდვა ყოფს ადამიანებს. ის ანგრევს ურთიერთობებს, თესავს უთანხმოებას და ქმნის სიმწარისა და ბოროტების სულს. ის აიძულებს ადამიანებს იმოქმედონ და ისაუბრონ ტოქსიკური გზებით. ის არის მტკივნეული ან აღშფოთებული ცნობიერება იმ უპირატესობის მიმართ, რომელითაც სარგებლობს სხვა.

ბიბლია ამბობს, რომ შური არის ხორციელი მოქმედება, ანუ ადამიანის ცოდვით დაცემის უმძიმესი შედეგი:

გალ. 5:19-20: "ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა".

რომ. 1:29: "ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით."

1პეტ. 2:1: "მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა."

შური არის რეაქცია იმის ნაკლებობაზე, რაც სხვა ადამიანს გააჩნია. ეს არის სიბორგილე, ან წყენა, რომელსაც ვგრძნობთ, როცა სხვებს აქვთ ის, რაც ჩვენ არ გვაქვს.

რასაკვირველია, არის განსხვავება შურსა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად სათანადო მოტივაციას შორის. ჯანსაღი შემართების დროს თქვენ მზად ხართ იმუშაოთ, ისწავლოთ, აღიზარდოთ სწორად სული და კმაყოფილი იყოთ იმით, რასაც უფალი გვაწვდის. შურით კი თავს გრძნობთ მუდმივად უკმაყოფილოდ, ხელმოცარულად, წარუმატებლად. თქვენ გრძნობთ, რომ ვიღაც, კერძოდ კი ღმერთი თითქოს ვალდებულია თქვენთან და რაღაც მართებს თქვენი.

ამასთან, სიტყვა, რომელიც ბიბლიაში მჭიდროდ ასოცირდება შურთან არის სიხარბე. გშურდეს – ნიშნავს გადაჭარბებულ სურვილს ფლობდე იმას, რაც სხვას ეკუთვნის. ეს კი, როგორც წესი, დაკავშირებულია ხელშესახებ ნივთებთან, როგორიცაა ქონება. სიხარბე არის ძლიერი ლტოლვა ან ეგოისტური სურვილი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა ფუნდამენტურ უფლებებს.

ბიბლიაში შურის პირველი შეტევა ჩნდება კაენისა და აბელის ისტორიაში. კაენმა, უფროსმა ძმამ, შურით მოკლა აბელი, რადგან ღმერთი კეთილგანწყობით უყურებდა უმცროსი ძმის მსხვერპლს და არ მიიღო კაენის შესაწირავი (დაბ. 4:3-5). მოგვიანებით ესავს შურდა თავისი ძმის - იაკობის, კურთხევის გამო, რომელიც მამამისმა ისაკმა მისცა (დაბ. 27:41). რახელს შურდა მისი დის, რადგან ლეას შეეძინა იაკობის ვაჟები, ხოლო რახელი უშვილო დარჩა (დაბ. 30:1). შურმა ასევე შთააგონა იოსების ძმებს (დაბ. 37-ე თავი) რათა მისი მონად გაყიდვა მოეხდინათ. იოსებს ძმები მოკლავდნენ, რუბენი რომ არ ჩარეულიყო. ასევე საულს შურდა დავითის ბრძოლაში წარმატებისა და ხალხში პოპულარობის გამო (1 სამუელი 15:6-16). აგრეთვე, ებრაელმა რელიგიურმა ლიდერებმა დააპატიმრეს მაცხოვარი, რადგან ისინი სწორედ შურმა შეიპყრო (მარკ. 15:10).

ბიბლია ასახავს შურის დამღუპველ ეფექტს. თუ შური გულში გაიზარდა, იგი გამოიწვევს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ სიკვდილს: იგ. 14:30: "მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა". ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შური არის ძვალრბილში გამჯდარი კიბო. გავიხსენოთ მოციქულის გაფრთხილებაც: იაკ. 3:14-16: "ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე."

შური გულის მდგომარეობაა. ქრისტემ გვასწავლა, რომ სიწმინდე და ღვთისმოსაობა მოდის ადამიანის შიგნიდან და არა გარე მოქმედებებიდან. შური ერთ-ერთია იმ მრავალი შინაგანი მანკიერებიდან ან გულის დამოკიდებულებიდან, რომელიც ბილწავს ადამიანს: მარკ. 7:21,23: "ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, … ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს".

სიამაყის ცოდვის მსგავსად, შურსაც სხვა ცოდვამდე მივყავართ. იაკ. 4:2-3: "გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ."

პირველ კორინთელთა 13:4-ში ნათქვამია: "სიყვარულს არ შურს". თუ ჩვენ გვშურს ქრისტეში ძმებისა და დების მიმართ, მაშინ არ გვიყვარს ისინი. ქრისტეს სიყვარული მოკლებულია ეგოისტურ ამბიციებსა და სურვილებს (ფილიპ. 2:3–8).

ასევე, ცხოვრებისეული დაკვირვებაა, რომ შურიანი ადამიანი უფრო ნაკლებად იღიმის, იუმორის გრძნობა არ აქვს და ვერასდროს გამოხატავს ხალისს...

მოკლედ, შურის ფესვი უკმაყოფილო გულია. ჩვენ განვიცდით შურს, როდესაც არ გვაქვს ის, რაც ჩვენს გააფთრებულ გულს სურს. შურის, ანუ მე-10 მცნების დარღვევის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა უფალზე მინდობა და მისი მორჩილებაა მადლიერი განწყობით. ამიტომ საჭიროა შეგნებული შრომა, რათა მადლობელი ვიყოთ იმისთვის, რაც მოგვეცა და "გახარებულებთან ერთად ვიხაროთ". (რომ. 12:15).

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (462)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას