(ფოტოზე: ხახულის ღვთისმშობლის ხატი, დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში)
მართლმადიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელგანთქმული ხახულის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდეა. ხატი, რომელიც უდიდესი სასწაულთმოქმედებებით იყო ცნობილი, თავდაპირველად ტაო-კლარჯეთში, ხახულის მონასტერში იქნა დაბრძანებული, მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან არის წარმომდგარი. ღვთისმშობლის კარედი ხატი სიმაღლით 1,47 მ-ია, ხოლო სიგანე, გაშლილი კარით 2,02 მ. ვერცხლით მოჭედილი დიდი კარედი ღვთისმშობლის ვედრების ხატისათვის იყო შესრულებული, როგორც შესანახი ბუდე. კარედის მოჭედილობიდან შემოინახა კარების გარეთა ნაწილზე დაბალი რელიეფით, ჭედურით შესრულებული ორნამენტული შემკულობა (X ს.). შემდგომში ხახულის ღვთისმშობლის ხატი ახლადაგებულ გელათის მონასტერში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. XII საუკუნის I ნახევარში დავით აღმაშენებლის ბრძანებით, აქ იგი ხელახლა მოჭედეს (ცენტრალური ნაწილი ოქროთი, კარები - ოქროში დაფერილი ვერცხლით) რელიეფური ორნამენტით შეამკეს და ძვირფასი ქვებით, აჟურული ვარდულებით, სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქრით და ჯვრებით გაამშვენეს. ორივე კარის ბოლოში მოთავსებულ წარწერაში მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრეა მოხსენიებული. ცნობილია, თუ როგორ დიდ პატივს მიაგებდნენ ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს საქართველოს მეფენი, კათოლიკოს-პატრიარქნი, სამღვდელონი და საერონი. მის წინაშე მუხლმოყრილს მრავალგზის ულოცია მეფეთ მეფე თამარს, რომელმაც შამქორის ომში ქართველთა ლაშქრის მუსულმანურ კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ, ნადავლიდან ყველაზე ძვირადღირებული, ბაღდადის ხალიფას მიერ მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისათვის ღაზოდ წარმოგზავნილი დროშა და უძვირფასესი მანიაკი სწორედ ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა. ცნობილია ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავი თამარისეული იამბიკო:
„... მე თამარ, მიწა შენი და მიერვე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა
ედემს ღადირად სამხრით და ჩრდილით
შუა მფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ,
ხალიფას დროშას თანავე მანიაკსა,
შევრთე ცრუ სჯულთა მოძღვრისა ღაზოდ მძღვანი...“
ხახულის ღვთისმშობლის ხატზე არის ასევე თამარისეული წარწერა.
„ქალწულებრივთა სისხლთა შენთაგან სძალო,
თბედ საიდუმლოდ ზენაისა განგებით,
ძისა ღმრთისა ძედ მეშვ იქმენ, არსთა მაცხოვნად
მე, თამარ, მჩენი ტომთაგან დავითებრთათ,
მამკევ, შემამკევ, მადიდე, აღმავლინე,
აწ მეცა ხელ-ვყავ შემკობად ხატსა შენსა
დედისა ძითურთ, და მეცა ძითურთ მფარევდ“.
წმიდა მეფის, თამარის ცხოვრებიდან ერთი ასეთი შემთხვევაც არის ცნობილი, რომელიც ხახულის ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება. ერთხელ, მეფე თამარი თურმე გელათის მონასტერში წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა. სეფექალები მის სამოსს ძვირფასი სამკაულებით რთავდნენ. მეფეს მოახსენეს, რომ მათხოვარი იყო მოსული და მას მოწყალებას თხოვდა. თამარმა მსახურებს უბრძანა, გადაეცათ მათხოვრისათვის, რომ მოეცადა მანამ, სანამ მეფე შემოსვას მორჩებოდა. როდესაც თამარი წასასვლელად მოემზადა და გარეთ გამობრძანდა, მას მათხოვარი იქ აღარ დახვდა. მსახურებმა მათხოვარი ბევრი ეძებეს, მაგრამ ვეღარ იპოვეს. წმიდა თამარი ძალზედ შეაშფოთა იმან, რომ მან წყალობაზე უარი უთხრა თვით მაცხოვარს, რომელიც მათხოვრის სახით იყო მასთან მისული. დამწუხრებულმა წმიდა მეფემ სამოსიდან ყველა ძვირფასეულობა მოიხსნა, რამაც იგი წყალობის გაცემაში შეაფერხა და სინანულის ნიშნად ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა...
მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, XIX საუკუნეში ხახულის ღვთისმშობლის ხატი (საქართველოს ეკლესიის სხვა უამრავ სიწმიდეთა მსგავსად) გაიძარცვა. კარედის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მთლიანად ტიხრული მინანქრის ხატი (რომელიც ტიხრული მინანქრით შესრულებული უდიდესი ხატი იყო მსოფლიოში) ქუთაისის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა სულ ნატეხ-ნატეხ გაიტანა საქართველოდან. დამპყრობელთა უწმიდურ ხელებს, ღვთის მადლით, ხატის მხოლოდ სახე და ხელები გადაურჩა.
ხახულის ღვთისმშობლის ხატი რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანექსიის შემდეგ (1921 წ.), ბოლშევიკურმა ღვთისმგმობმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სხვა სიწმინდეებთან ერთად ჩამოართვა და იგი ამჟამად თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი შესრულებულია იგავმიუწვდომელი ხელოვნებით და თვალნათლივ ასახავს შუა საუკუნეების საქართველოს „ოქროს ხანის“ როგორც სულიერი, ისე მატერიალური და კულტურული სიმაღლის სიდიადეს.
წყარო: http://www.orthodoxy.ge/khatebi/khakhulis.htm
ნანახია: (378)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას