ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს ( ილოცეთ)
„გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ (დაბ. 6,12)
კვლავ ნოეს პერიოდამდელ ცხოვრებას და შეგნებას დაუბრუნდა ადამიანი, ისევ თავისი თავის წინააღმდეგ, უფლის განსარისხებელი ყოფა არჩია. დიდია უფლის მოთმინება, მაგრამ როგორც ერთხელ უკვე გამოსცადა კაცობრიობამ ღვთის რისხვა, შეიძლება ისევ ისეთი გადაწყვეტილება მოისმინოს ადამიანმა, რომელიც მოისმინა ნოემ, რომ დადგა ჟამი. „უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემ წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ“ (დაბ. 6,13). ადამიანის არასწორმა ცხოვრებამ, მის მიერ ქრისტიანული მორალისა და ზნეობის დავიწყებამ კაცობრიობა უდიდესი კაატასტროფის წინაშე დააყენა. ქრისტიანული სულისგან კაცობრიობის დაცლამ ადამიანში მოკლა სულიერი ფასეულობები, მიმტევებლობა, სიყვარული, სიმდაბლე, ერთმანეთის ყურადღება, თანადგომა, უბრალოება, სულზე ზრუნვა. ამან შექმნა დამოკიდებულება, მსგავსი გამონათქვამისა: „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. ასეთივე დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ქვეყნებს შორისაც. ამას მოჰყვა ერმანეთისადმი მტრული განწყობა ყველა სფეროში: ეკონომიკის, პოლიტიკის, იარაღის, ნარკოტიკების წარმოების, და ყველა მათგანს ერთმანეთის დამარცხებისა და დამორჩილების ბერკეტად იყენებენ. სახელმწიფოთა შორის შეჯიბრს ეკონომიკურ და სამხედრო განვითარებაში უამრავი საწარმოს, ქარხნის დაფუძნება და ამუშავება მოჰყვა. ქიმიური ცდებისა და იარაღის გამოცდამ უამრავი ტერიტორიის დაბინძურება და განადგურება მოიტანა. საწარმოების მიერ გამონაბოლქვის, სათბური აირების ზრდის მიზეზით პლანეტაზე ტემპერატურა მატულობს და, როგორც ვხედავთ, შეუქცევადი პროცესი ვითარდება.
ეს ყველაფერი სხვადასხვა კლიმატური კატასტროფის სახით ვლინდება სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ამის გამო ექსტრემალურ გარემოში უწევს ადამიანს ცხოვრება. ატმოსფეროში ოზონის შრის დარღვევამ და ულტრაისფერი სხივების მოქმედებამ უამრავი დაავადების განვითარებას შეუწყო ხელი. ეს პროცესები იწვეს საკვების ნაკლებობას და მილიონობით ადამიანი შიმშილობს, ძალიან ბევრი ბავშვი იხოცება შიმშილით ან საკვების ნაკლებობის გამო ვერ ვითარდება, თუმცა ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ამ ყველაფერს არაფრად აგდებენ. ასეთი ცნობიერების გამო ქვეყნებს შორის დიდი შეტაკებები და ომები მიმდინარეობს, რაც დიდი სისასტიკითა და დუნდობლობით გამოირჩევა, არ ინდობს მათ შორის მშვიდობიან მოსახლებას, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს.
თუ ადამიანი ფუფუნებაზე და ყოველგვარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, ჰეგემონიაზე არ იტყვის უარს და არ დაუბრუნდება ქრისტეს სულს, მის სწავლებას და მოწოდებას, გაცილებით დიდი კატასტროფის წინაშე დადგება კაცობრიობა, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.
უფლის მიერ დედამიწა ადამიანის სულის ცხონებისთვის შეიქმნა, რათა ამ დროებით ყოფაში ისწავლოს, მოემზადოს და სრულყოს საკუთარი თავი, შეძლოს უფალთან ერთად მარადიულად ცხოვრება, რასაც სულიერი ცხოვრება და შესატყვისი ყოფის განვითარება სჭირდება დედამიწაზე. თუ არ ითვალისწინებს ადამიანი უფლის ნებასა და განგებას, ამქცეყნიურ ცხოვრებას აბსოლუტური მატერიალიზმისა და მიწიერი ფსევდოსამოთხისეული ყოფის ჩამოყალიბებისკენ მიჰყავს, რაც თავის მოტყუება და ბოროტის სატყარაა. იწყება კატაკლიზმები, რადგან უფლის მიერ შექმნილი სიცოცხლე დედამიწაზე და კლიმატური ბალანსი არ არის გათვლილი სამყაროს შემოქმედისგან ასეთ ყოფაზე და, არსებითად, დედამიწის არსებობა და ასეთი სახით აქ ცხოვრებაც კარგავს აზრს. ამიტომ დაიწყო ასეთი პროცესები, რაც გარკვეულწილად გაფრთხილება და შეგონებაა.
წარღვნა ერთხელ უკვე იყო დედამიწაზე, ამას არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს იმით, რომ მთის მწვერვალებზე ზღვის ცხოველების, მოლუსკებისა და ზღვის ლოკოკინების დანალექებია აღმოჩენილი. შეიძლება ბიბლიურ გადმოცემებსა და წიგნებში დაწერილ ამბებს მეცნიერება არ სცნობდეს, მაგრამ საკუთარი დაკვირვებებითაც იმავეს, ამტკიცებს რაც წერია წმინდა წიგნში: „მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში“ (დაბა. 7,19).
ადამიანების სისასტიკე, ერთმანეთისადმი დაუნდობლობა, უამრავი ადამიანის დახოცვა, გაუპატიურება და მზაობა, რომ უფრო მეტი დაიხოცოს, უფლის წინაშე უმძიმესი მოქმედებაა, უმძიმესი ცნობიერებაა უფლის მოწინააღმდეგეობა და მას უფლისგან გარკვული დაშვებები მოჰყვება: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბ. 6,5). თუ არ დაფიქრდება ადამიანი, თავის მოქმედებასა და სურვილს თუ არ გააკონტროლებს, მაშინ მთელი თავისი რესურსი დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად, კლიმატურ კატასტროფებთან, რადიაციის მატებასთან და მის მიერ გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაზე დაეხარჯება, რაც სულ უფრო და უფრო წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. კაცობრიობა ვერ შესძლებს მის მართვას. სტიქიასთან ადამიანი უძლურია, მაგრამ თუ ადამიანი დაფიქრდება და სინანული ექნება ასეთ დამოკიდებულების გამო, თუ ქრისტიანული ცნობიერებით იცხოვრებს, აღარ იქნება ფუფუნებისკენ ესოდენ მიდრეკილი, აღარ იქნება საჭირო ზედმეტად ბევრი საწარმო, შემცირდება გამონაბოლქვი აირების რაოდენობა, აღარ დაბინძურდება ჰაერი რაც ატმოსფეროს შიგნით ტემპერატურის ზრდას ხელს უწყობს, აღარ მოხდება ბირთვული იარაღის გამოცდა, დაიწევს დედამიწაზეც ტემპერაურა. სიმდაბლით მცხოვრებნი აღარ იომებენ და აღარც იარაღის წარმოებაში იქნება შეჯიბრი, რაც დაამშვიდებს ადამიანის ცნობიერებას და ამ ყველაფრის შემცირების შემდეგ დამშვიდდება ბუნებაც, რადგან ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია...
წინააღმდეგ შემთხვევაში წარღვნა შეიძლება კვლავაც მოხდეს. ღვთის შვილთა ხელში ლოცვა უდიდესი ძალაა და უფალთან ერთად ცხოვრება არის კიდეც დაცვა და მფარველობა ამ ყველაფრისგან. უფლისთვის ყველაფერი შესაძლებელია. წარღვნის დროსაც კი ღვთივსათნო ნოეს ოჯახი დაიფარა და გადაარჩინა, ასეთ რთულ და მძიმე პერიოდშიც შეუძლია თავისი ერი და ქვეყანა დაიფაროს უფალმა და ეს პროცესები აარიდოს თავის ერს. მასთან ერთად ცხოვრებით, როგორც ნოეს ოჯახს, ისე საქართველოს უფალი ფონს გაიყვანს. წინ დიდი გამოწვევებია. წმინდა იოანეს პირით უფალი აი რას განაცხადებს „და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას. და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი. მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე. აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა. და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად.პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა. მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა. მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ. მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის. მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს“ (იოანეს გამოცხადება, აპოკალიფსი, თავი მერვე).
ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს. ჩვენთან არს ღმერთი!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (393)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას