logo.png

განსაცდელის ჟამს მარხვის მნიშვნელობის შესახებ

No photo description available.

უფალს მოკლებული მდგომარეობის გამო სულ უფრო მეტად მძიმდება ადამიანების ცხოვრება დედამიწაზე და მატულობს განსაცდელები. მორწმუნე ადამიანისთვის თვალნათელია, რატომ ხდება ეს. როცა ამხელა სიძულვილია ადამიანთა გულებში, უმძიმესია მისგან გამოწვეული შედეგებიც. ადამიანებში ფუფუნების, სიმდიდრის, ჰეგემონობისა და მსოფლიოს მართვის წყურვილია, მისი დაკმაყოფილების წადილი იმდენად დიდია, რომ წარმოუდგენელ დაპირისპირებას იწვეს ქვეყნებს შორის...

იმავდროულად იწყება არსაიდან მოსული დაავადებები, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამას ემატება კატაკლიზმები, სულ უფრო მძიმდება ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე.

საღვთო ისტორიის მცოდნემ იცის, რომ ასეთ დროს განსაკუთრებული ვედრება, მარხვა და ლოცვაა საჭირო, რომ გადარჩე სულიერად, ისე ფიზიკურად, ასევე გადარჩეს ერი და იქნებ სხვისთვისაც მაგალითი გახდეს, საით უნდა მიაპყროს გონების თვალი ადამიანმა...

უფლის წყალობა უსაზღვროა, არ აყოვნებს მისი მოწყალება, როგორც ნინევიის შემთხვევავში მოხდა, როდესაც იონა წინასწარმეტყველის მეშვეობით განუცხადა უფალმა ნინეველებს მათი დასჯის შესახებ ურწმუნოებისა და არასწორი ცხოვრების გამო. ხოლო მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს: „შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ! შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო“ (იოანა 3, 6-10). როდესაც ხალხმა დაიწყო გლოვა და მარხვა საკუთარი უკეთურების გამო, უფალმაც მიუტევა მათ და შეცვალა თავისი გადაწყვეტილება... თუ ღვთისნიერი ცხოვრებით დაიწყებს ერი ცხოვრებას, დღესაც აარიდებს განსაცდელს (სტიქიური იქნება, თუ სხვა სახელმწიფოს მიერ დაგემილი ბოროტება) უფალი.

ერთ დროს ისრაელს აუწყებდა დავით მეფსალმუნის პირით, დღეს ჩვენთვისაც გასაგები უნდა იყოს: „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი“ (ფს. 126, 1). თუ ღვთისკენ ივლის ერი და მასზე მსასოებელი იქნება, მაშინ უფალიც წყალობას მოიღებს მასზე: „ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო. მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი. უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო“ (ფსალმუნი 80,14-16.)

ღვთისგან წყალობის მიღებას ღვთივსანო ცხოვრება, მარხვა და ლოცვა სჭირდება, როგორც ხორციელი, ისე სულიერი, ეს უკანასკნელი კი გაცილებით რთულია პირველზე, თუმცა მის გარეშე მარხვა შეუძლებელია. ხორციელი მარხვა ეხმარება ადამიანს სულიერ მარხვაში, რომ არ განიკითხო, არ იბილწსიტყვაო, არ იამპარტავნო, არ შეურაცხყო, არ დასწამო ცილი, არ დასცინო, არ გძულდეს, არ იმოქმედო ისე, რომ შენ გამო დაბრკოლდეს ადამიანი ქრისტეს სარწუნოებაში: „ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ. ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო“ (1 კორ. 8,12-13). ასეთი სულისკვეთება სჭირდება ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, რომ ღვთისკენ დაიწყო სისარული. ამ ყოფაში ბოროტის მიერ გაბმული ხლართებისგან განთავისუფლებას ადამიანი მარხვითა და ლოცვით აღწევს, როგორც ამას თვითონ მაცხოვარი გვმოძღვრავს: „და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მარკოზი 9, 28-29).

ღვთის მადლის მიღება, რომელიც სულიერი მარხვით მიიღწევა, სიყვარულში ზრდის ადამიანს. ის სულ უფრო მეტი სიკეთის დამტევნელი ხდება. ასეთი ცხოვრებით ადამიანი სულ უფრო მეტად ემსგავსება ქრისტეს, რომლის განკაცების მიზანი ადამიანის სიყვარულია, რათა ის მარადიულ სიყვარულში უფალთან ერთად ყოფილიყო. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, „სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს“ (1კორინთელთა13, 4-7). თუ ქრისტიანი ღვთისა და მოყვასისი სიყვარულში სრულყოფილ არ იქნება, მაშინ ყოველანაირი ღვაწლი აზრს და მნიშვნელობას კარგავს, რადგან ქრისტეს განკაცების მიზანია, ადამიანი მას, ღმერთს, ემსგავსოს და ამას ვერ აღწევს. ღვთის განაცება უანგარო და მიწვდომელი საღვთო სიყვარულის გამოვლინებაა. ასე უნდა ემსაგავსოს ქრისტიანი უფალს, თუ ვერ აღწევს ამ მდგომარეობას, მაშინ არასწორ გზაზე დგას: „თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს“ (1კორინთელთა 13, 1-3).

ქრისტეს ღმერთის მცნებების აღსრულება სიყვარულში ხორციელდება, რომელიც ყოველი სთნოების მასაზრდოებელია: „არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული ვინაიდან: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს რჯულის აღსრულება სიყვარულია“ (რომელთა მიმართ 13, 9-10).

ასეთი განსაცდელების ჟამს გაცილებით მეტი სიბრძნეა საჭირო, ყურადღებით უნდა ვისმენდეთ ღვთის სიტყვას. დღეს მარხვა ჩვენი ერის სულიერი და ხორციელი გადარჩენისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული შთაგონებით უნდა ვითხოვოთ ღვთის წინაშე ნინეველთა მსგავსად, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ. თუ ვუწოდებთ საკუთარ თავს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიან ერს, მაშინ უნდა ვსხვაობდეთ სხვათაგან მარხვითაც, ლოცვითაც, ღვთივსათნო ცხოვრებითაც, ერთმანეთის სიყვარულით, რომელისგანაც ასე თვალნათლივ იცლება ჩვენი ერი, როგორც პავლე მოციქული ამბოს: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (1 კორინთელთა 3, 35).

ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ვიბრძლოთ ერთმანეთის სულის ხსნისათვის, შევისმინოთ უფლის სწავლება, მოწოდება და უფალიც შეისმენს ჩვენსას. შეგვეწიო უფალი, დაგვლოცოს, წყალობა მოიღოს ჩვენზე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (300)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას