ავტორი : ლევან სებისკვერაძე
„ქელეხის ღვინო“
მიუხედავად იმისა, რომ ქართველები სამართლიანად ვამაყობთ უძველესი მეღვინეობითა და ღვინის კულტურით, ჩვენში ჯერ ისევ ფესვგადგმულია გაკეთებული, ე.წ. შაქრიანი, ღვინის დაყენებისა და მოხმარების მავნე ჩვევა, რომელიც სათავეს იღებს საბჭოთა კავშირის ეპოქიდან, როდესაც შაქარ-წყლით ღვინის გაბევრება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა.
ეს მავნე და ცუდი „ტრადიცია“ განსაკუთრებით დიდ, ქორწილისა და ქელეხის, სუფრებზე იკვეთება, როდესაც მასპინძლები ხარჯის დაზოგვის მიზნით ყოვლად მდარე, გაყალბებულ ღვინოს იძენენ და სთავაზობენ სტუმრებს. ჩვენში უკვე დამკვიდრებულია ტერმინი „ქელეხის ღვინო“, რაც საკუთარ თავში გაყალბებულ, იაფფასიან სასმელს გულისხმობს, რომელსაც „ღვინო“ მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, ქორწილში ოჯახმა თავი არ დაზოგა ფანტასტიკური სუფრის გასაშლელად, გასწია საკმაოდ დიდი ხარჯი, მაგრამ თანხის დაზოგვა რატომღაც მაინცდამაინც ღვინოზე მოინდომა და ამის გამო სუფრას ლაზათიც დაეკარგა და ხარისხიც. რაც მთავარია, ნამდვილი ღვინის მოყვარული ადამიანებისათვის, ასეთ სუფრებთან სხდომა მძიმე, დამთრგუნველ რუტინას წარმოადგენს.
დღეს გაყალბებული და შაქარ-წყლიანი ერთი ლიტრი თეთრი ღვინის შეძენა თბილისში ლარ-ნახევრადაც შეიძლება. 2-ლარიან, ასევე გაყალბებულ, ღვინოს კი მავანნი „ნამუსიანად გაკეთებულს“ უწოდებენ. ეს მაშინ, როდესაც თბილისში თუ ვერა, გარე კახეთში ნორმალური, ნამდვილ ყურძნის წვენზე დაყენებული ლიტრი რქაწითლის შეძენა 3-3.5 ლარადაც შეიძლება და ფასთა შორის სხვაობა ნამდვილად არაა იმდენად დრამატული და თვალსაჩინო, რომ ისედაც დიდი ხარჯის გამწევი ადამიანები ამან შეაფერხოს და სტუმრებს, ღვინის ნაცვლად, საშინელი, გაურკვეველი რაობის სითხე შესთავაზონ.
ქართული კანონმდებლობით, ღვინო მხოლოდ ყურძნის წვნისგან დაყენებულ სასმელს შეიძლება ეწოდოს. ღვინის გაყალბებას კანონმდებლობა კრძალავს. თუმცა, კანონი რთულად დაარეგულირებს ე.წ. ჩამოსასხმელი ღვინით ვაჭრობის პროცესს, რადგან, როდესაც მომხმარებელი მყიდველისგან შაქარ-წყალზე დაყენებულ ღვინოს იძენს, როგორც წესი, მან უკვე იცის, რასაც ყიდულობს და არათუ აპროტესტებს ამ ფაქტს, არამედ ღვინის სიიაფის გამო შენაძენით ფრიად კმაყოფილია. ორ სუბიექტს (გამყიდველსა და მყიდველს) შორის შემდგარი გარიგება (რომელიც არცერთ საგადასახადო დოკუმენტში არ აისახება) სახელმწიფოსთვის, ბუნებრივია, უცნობი დარჩება. ამ პროცესის თვალყურისდევნებით, სიმართლე რომ ვთქვათ, არც სახელმწიფო იწუხებს თავს.
სრულიად სხვა შემთხვევა ბოთლის ღვინო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მაინც რაღაც დონეზე კონტროლდება და აშკარად გაყალბებული ღვინო ბოთლირებული სახით ჩვენს ღვინის ბაზარზე, საბედნიეროდ, თითქმის აღარ მოიპოვება. თუმცა ერთია, როდესაც ღვინო ოფიციალურად, აქციზით, წარმოების ლიცენზით გადის ღვინის ბაზარზე და სრულიად სხვა შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სადმე, კორპუსის სარდაფში, კუსტარულად ფსევდოღვინოს აყენებს. სამწუხაროდ, ასეთი „მეღვინეების“ რაოდენობა საქართველოში არცთუ მცირეა.
ღვინოსთან დაკავშირებული განათლების დაბალი დონე
რამდენიმე წლის წინ თბილისში გამართულ ღვინის ერთ-ერთ ფესტივალზე მომხმარებელმა ღვინის კომპანიის წარმომადგენელ გოგონას ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა ქართლის ერთ-ერთი ცნობილი ჯიშისგან - ჩინურისგან წარმოებული ღვინო, რაზეც გოგონამ გაკვირვებითა და ერთგვარი ირონიით მიუგო, რომ მათ მხოლოდ ქართული ღვინოები ჰქონდათ და ჩინური ღვინო არაფერში სჭირდებოდათ.
ღვინოსა და მეღვინეობასთან დაკავშირებული განათლების დონე, სამწუხაროდ, საქართველოში არცთუ მაღალია და, როგორც ზემოთ მოყოლილი ამბიდან ჩანს, ცოდნის სიმწირით მომხმარებლებზე არანაკლებად ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და რესტორნებში ე.წ. ღვინის მრჩევლები გამოირჩევიან. ცხადია, ყველას ვერ დავაბრალებთ საქმის არცოდნას და ნამდვილი პროფესიონალიც ბევრია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ, მიუხედავად ღვინის ექსპორტის არნახული ზრდისა, ქართული ღვინის სექტორში განათლების დონე კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და ამას, ჩვენი თანამემამულეების გარდა, უცხოელებიც კარგად ხედავენ.
ცნობილი უკრაინელი ბლოგერი, რომელიც ძირითადად კონფლიქტების შესახებ წერს, გასულ ზაფხულს საქართველოში იმყოფებოდა. ეს ადამიანი პირველადი პროფესიით ღვინის ტექნოლოგია და ძალიან კარგად არჩევს ღვინოებს, ამას გარდა, იმასაც ხვდება, როგორი სტილის ღვინო რომელ კერძს შეიძლება შეეხამოს. სწორედ ამიტომ იგი გაოცებული წერდა, რომ ბათუმში ყოფნისას ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანში იქაურმა ღვინის მრჩეველმა ღორის მწვადთან მისაყოლებლად, წითელი მშრალი ღვინის ნაცვლად, თეთრი ნახევრად ტკბილი „ტვიში“ ურჩია - აქაოდა სლავებს ნახევრად ტკბილი ღვინოები უყვართ და ამ ადამიანსაც ასეთი მოეწონებაო.
თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ინტერნეტის საშუალებით დიდი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ღვინის შესახებაც მრავალი რამის გაგება შეიძლება. თუმცა ერთია, როდესაც ინტერნეტში მცირე დროის დაკარგვით მინიმალურ ინფორმაციას ღვინის რიგითი მომხმარებელი ეცნობა და მეორეა, როდესაც ღვინის გიდი ინფორმაციას ზერელედ იღებს. არადა, მისი პირდაპირი მოვალეობა უნდა იყოს ქართული და, ზოგადად, ღვინის ღრმა ცოდნა, რადგან სწორედ ეს კონკრეტული ადამიანები აცნობენ ჩვენს ქვეყანას უცხოელებს, სახელდობრ, მეღვინეობის კუთხით.
გასული საუკუნის 90-იანი წლებისგან განსხვავებით, საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში დღეს ნამდვილად არსებობს მეღვინეობის მიმართულების ფაკულტეტები, სადაც, ასე თუ ისე, შესაძლებელია ღვინის შესახებ ცოდნის შეძენა. თუმცა დღევანდელი განათლების სისტემაც, სამწუხაროდ, სტერეოტიპული შეხედულებებითაა სავსე და ახალგაზრდებს ძირითადად კონვენციური, მასობრივი წარმოების ღვინის შესახებ აძლევენ ცოდნას. ეს მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში თანდათან პოპულარული ხდება ბუნებრივი და ბიოდინამიკური მეღვინეობის ფილოსოფია.
ქართველი მეღვინეების ერთ ნაწილში უკვე წლებია მუსირებს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სკოლის დამამთავრებელ კლასებში მეღვინეობა ერთსემესტრიან საგნად იყოს შეტანილი და ჩვენს ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე მიეცეთ ცოდნა თუნდაც ქართული ვაზის ჯიშებისა და მევენახეობა-მეღვინეობის არსის შესახებ. ამ იდეებმა ჯერჯერობით ხორცი ვერ შეისხა. ის კი ფაქტია, რომ მეღვინეობის რვაათასწლოვანი ისტორიით სამართლიანად თავმომწონე საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებული განათლების ზოგადი დონე არასასურველად დაბალი და პრობლემურია.
ჟურნალი ახალი ივერია
ნანახია: (235)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას