ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი თამაშის დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ძალიან საინტერესო ახალგაზრდების საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი.
მათაგან ერთ-ერთ ბიჭს ათონის მთაზე უნდოდა გამგზავრება, ქრისტიანული მართლმადიდებლობის ფორპოსტიაო მსოფლიოში. მეორემ უთხრა ღიმილით, კარგია, ე. ი. ევროპაშო მიდიხარო. ჰოდა, თუ აგვიკრძელეს იქ ჩასვლა, მერე სადღა წახვალ, სად არის კიდევ ათონის მთაო?! ახლა უკვე გოგონა ჩაერთო საუბარში ქილიკით: აფხაზეთში რუსებმაც დააარსეს ახალი ათონის მონასტერი – რუსული ქრისტიანული სულიერების მწვერვალი, ადგილობრივი ქართველებისა და აფხაზების დახოცვისა და გადასახლების ადგილას, მათმა მემკვიდრეებმა კი, ჩემი მშობლების ჩათვლით, სამასი ათასი ქართველი აყარეს აფხაზეთიდან, მიითვისეს ჩვენი მიწა, ჩვენი სიწმინდეები, ჩვენი სახლ-კარი... ახლა უკვე მეოთხე ჩაერთო საუბარში: რას ერჩით, სამაგიეროდ ტაძრებს გვინახავენ, რომ არ დაზიანდეს და უცხო სარწმუნოების ხალხმა არ წაბილწოს, – სევდიანი გულისწყრომით გაიმეორა ახალგაზდამ ზოგიერთი ვაიქართველის ნააზრევი. ისე, რუსეთშიც ხომ არის სიწმინდეები, დავიჯერო, აღარაფერი შერჩათ წმინდა?! – ისევ გოგონამ დასვა კითხვა. აქვთ, როგორ არა აქვთ, მაგრამ დღეს ამ მონასტრებში მონაზვნებად ძველი კომუნისტები არიან, სულიერი გამოცდილების არქონე, ვისგან რა უნდა ესწავლათ, ათეიზმის მმართველობისას სრულად დახოცეს ან ციმბირში გადაასახლეს სასულიერო პირები და მორწმუნეები – უთხრა ათონის მთაზე წასვლის მსურველმა ახალგაზრდამ. ჰოდა, გამოდის, ციმბირში მოგვიწევს ჩასვლა, რამდენი ჩვენი წინაპარი გადაასხლეს და აწამეს იქ რწმენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ხალხი ვერც ხვდება, რომ ისტორიის გამეორების რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ისე, როგორი სიმბოლურია, პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ოკუპირებული ტერიტორიიდან ორ მილიონზე მეტი უკრაინელი გადაასახლა ციმბირში. იცით, რას ვფიქრობ? ჩვენც სულიერების ერთ-ერთ ფორპოსტად უნდა დავრჩეთ ევროპაში, თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურით. ახლა მთავარია, ფიზიკურად არ გაგვანადგურონ და ღმერთთან ერთად, ჩვენი სამართლიანი ბრძოლით ყველა შემთხვევაში მოვიგებთ. ახლა მთავარია, ჯერ ათონზე ანუ ევროპაში ჩავიდეთ, რომ მერე აფხაზეთის ახალი ათონის დავიბრუნოთ და არამარტო. ყველაფერს თავის ძველ, ისტორიულ სახეს დავუბრინებთ, ყველა ქართულ კვალს აღვადგენთ, რის წაშლასაც ასე გამალებით ცდილობენ!..
იმედითა და ხმაურით ჩავიდნენ გაჩერებაზე და თავიანთ თანატოლ გოგო-ბიჭებს შეურთდნენ. ეტყობა, სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადებოდნენ, მთავარ მოედანზე მიიჩქაროდნენ, ვერ შეძლეს გერმანიაში საქომაგოდ გამგზავრება, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინ აქვთ.
დავლოცე გულში ოთხივე, უფრო სწორედ, მთელი მათი ღირებულებისკენ მსწრაფი ბრძოლისუნარიანი თაობა, მათ უნდა დაუბრუნონ ამ ქვეყანას ყველა თავისი დანაკარგი!
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (309)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას