logo.png

 მონაზვნობა

 

 

(ფოტოზე: გარეჯის მონასტერი)

 

,,მონოზონი” მარტოდმცხოვრებს, მარტოდმყოფს ნიშნავს. ქართულ სინამდვილეში მონაზონს ბერს უწოდებენ. ბერად აღკვეცილი ადამიანი თავდაპირველად არის მწირი, რომელსაც სასულიერო ხარისხი არა აქვს, ის მღვდელმსახურებას ვერ აღასრულებს. შემდგომში შეიძლება მოხდეს მისი ბერდიაკვნად, შემდგომ მღვდელმონაზვნად ხელსახმა. მღვდელმონოზონი შეიძლება იღუმენისა და არქმანდრიტის ხარისხში აღამაღლონ. ბერად აღკვეცას საიდუმლოთა რიცხვში იხსენიებენ დიონისე არიოპაგელი, ღირსი თეოდორე სტუდიელი და სხვა პირველი ქრისტიანი მამები, თვით წეს-განგების ტექსტშიც ბერად აღკვეცა საიდუმლოდ იწოდება. იგი წარმოადგენს უწინდელი, მიწიერი ყოფისთვის სიკვდილს და ახალი ცხოვრებისათვის დაბადებას. ბერული ცხოვრება გამორჩეული ცხოვრებაა და ამ ცხოვრებისთვის ბევრი არ არის მოწოდებული; ეს არის ცხოვრება, რომელიც მთლიანად ღმერთს ეწირება. ეს არის ვნებისა და ცოდვის უარყოფა, ხორციელ სიამოვნენბებზე უარის თქმა, ყოველივე იმისგან მიქცევა, რაც ადამიანის ცხოვრებაში ცოდვით დაცემამ შემოიტანა. მონოზვნობის მიზანია იმ სიწმიდისა და უცოდველობის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება, რომელსაც ადამი და ევა სამოთხეში ფლობდნენ.
თავისი არსით, ბერობა არის ქრისტეს ცხოვრების წესის მიბაძვა, რადგან მაცხოვარი მონაზვნობის იდეალია. ის თავადვე არის მონაზვნობის დამფუძნებელი.
მათეს სახარებაში ვკითხულობთ: ,,ვისაც უნდა, შემომიდგეს მე, უარყოს თვისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე; რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას; ხოლო ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემთვის, ის მოიპოვებს მას...თუ გინდა სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე... ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც უყვარს ძე ან ასული ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი. და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და შემომიდგება მე, არ არის ჩემი ღირსი.” - მაცხოვრის ამ სიტყვებში მონაზვნობის მთელი არსია ჩადებული. ეს იმათთვის არის, ვისაც სრულყოფილება სურს, ვისაც ქრისტეს მიმდევრობა და მისთვის სულის დადება სწადია, ვინც სიმდიდრეს ზეცაში იუნჯებს იმ ვაჭრის მსგავსად, ძვირფას მარგალიტს რომ წააწყდება და მზად არის, მთელი თავისი სიმდიდრე გაიღოს მის შესასყიდად, მონაზონიც ყველაფერს გაიღებს, ყოველგვარ მიწიერს დათმობს, ოღონდ ქრისტე შეიძინოს.
,, მაშინ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და გამოგყევით შენ; რა იქნება ჩვენთვის? ხოლო იესომ უთხრა მათ: და ყველა, ვინც დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მამულები ჩემი სახელისათვის, ასწილად მიიღებს და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს.”
მონაზვნობა არის შინაგანი, იდუმალი ცხოვრება, რაც აბსოლუტური გამოხატულებაა ქრისტიანული სულისკვეთებისა, როგორც ზეციურ სასუფეველში მიმავალი ვიწრო გზისა. სამონზვნო აღთქმა ძირითადად სამი სახისაა: მორჩილება, უპოვარება და უბიწოება. მორჩილება არის ნებაყოფლობითი აღკვეთა საკუთარი ნებისა ღვთის წინაშე. მონოზვნური მორჩილება ღვთის წინაშე არის მისი ნების შესმენა, ღვთის ჩანაფიქრის წვდომა და მისდამი ყველაფერში დამორჩილების სურვილი. უპოვარება - ნებაყოფლობითი სიღატაკეა, ყოველგვარი მიწიერი მფლობელობის უარყოფაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მონაზონს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ნივთი, არამედ ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს რაიმესკენ ლტოლვა. მონაზვნური უბიწოება თავის თავში მოიცავს უქორწინებლობას. ეს არის მთლიანი მისწრაფება ღმერთისკენ, სურვილი იმისა, რომ ყოველი ქმედება, ყოველი ზრახვა შესაბამისი იყოს სახარების სულთან, ქრისტეს სწავლებასთან.
განმარტოებით ცხოვრება და საკუთარი თავის სრულყოფა არ ნიშნავს ეგოიზმს ან მოყვასის უსიყვარულობას, სოფლის ამაოებისგან განმარტოებით მცხოვრები მონოზონი არ ივიწყებს ადამიანებს, არამედ განმარტოვებული, სიმყუდროვეში მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობს. ღირსი სილუან ათონელი წერს: ,, მონოზონი არის მთელი მსოფლიოსთვის მლოცველი და ეს არის მისი მთავარი საქმე, მონაზვნობის წყალობით დედამიწაზე არასდროს წყდება ლოცვა და ეს არის მთელი სამყაროსთვის სასარგებლო და აუცილებელი. “
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
 

ნანახია: (334)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას