ავტორი : ზურაბ გურული
დამოუკიდებლობის დაკარგვამ საქართველო მსოფლიო პოლიტიკური კონტექსტიდანაც ამოაგდო. რუსეთის იმპერიის პროვინციისათვის საერთაშორისო პოლიტიკის ნიუანსების განხილვა სრულიად უსარგებლო პერსპექტივად იქცა. ილია ჭავჭავაძემ ამ მიმართულებითაც გატეხა ყამირი. მის პოლიტიკურ მიმოხილვებს ხაზგასმული ზოგადსაკაცობრიო აქცენტი ჰქონდა და არა რუსული სახელმწიფოს პოლიტიკურ პრიზმაში გატარებული ელფერი. 1889 წელს, როდესაც ილია ევროპა-ამერიკის მერმისზე მსჯელობდა, 23-ე პრეზიდენტი ბენჯამენ ჰარისონი ცხოვრობდა თეთრ სახლში. დღეს ამერიკას 46-ე პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. როდესაც „ახალი ივერიის“ დამფუძნებლებმა ჟურნალში საკუთარი რუბრიკის წაყვანა მთხოვეს, უნებლიეთ დავფიქრდი ამ ფაქტზე. ოცდამესამე პრეზიდენტიდან ზუსტად ოცდასამმა პრეზიდენტმა ჩაიარა „ივერიიდან“ „ახალ ივერიამდე“ და სულ რამდენიმე კვირის წინ ჩამთავრდა 2023-იც, ურთულესი პოლიტიკური წელი როგორც მთელი პლანეტისათვის, ისე ჩვენი პატარა ქვეყნისთვისაც. როგორ ვუცქერით დღეს საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტს საქართველოდან? როგორია ჩვენი აღქმა?
ჩვენს პოლიტიკურ ელიტას შესწევს იმის ძალა, რომ საშუალოსტატისტიკურ ქართველ მოქალაქეს საერთაშორისო პრიზმაში დაანახოს საქართველოს შინაური და საგარეო პოლიტიკა? იქნებ ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქართველები ისევ ვიწროპროვინციული ჭუჭრუტანიდან ვუთვალთვალებთ მსოფლიოს და შესაბამისად, ე.წ. დასავლურ ღირებულებებზე დამახინჯებული, პროფანირებული წარმოდგენა გვაქვს?
დოქტრინა - „საქართველო პატარა სოფელია“ - თავისთავად ნიშნავს მსოფლიო პოლიტიკური კონტექსტიდან თავის გარიყვას და საერთაშორისო პოლიტიკურ ამინდზე პროვინციული პრიზმიდან თვალთვალს. ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ფორმულაა, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას.
2024 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია მთელ მსოფლიოში. არჩევნები ჩატარდება საქართველოშიც და ამერიკაშიც. რა არგუმენტები აქვს ქართულ ოპოზიციას ქართველი ამომრჩევლებისათვის და რა პლატფორმით დაუპირისპირდება „პატარა სოფლის“ დოქტრინას? რატომ მოხდა ისე, რომ ერთი შეხედვით უფრო პროგრესულ ოპოზიციურ სპექტრს პრაქტიკულად ნულოვანი საერთაშორისო ავტორიტეტი და კონტაქტები აქვს? რატომ და როგორ ამოვვარდით ისევ საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტიდან? ვისი ბრალია? მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების კოლოსალური ზეგავლენის? რა არგუმენტები გვაქვს ასეთი ფიასკოსათვის? მხოლოდ ეგზისტენციალური კატეგორიის ბოდიშები?
1889 წელს ევროპის მილიტარიზაციასა და ამერიკის ეკონომიკურ ბუმზე სერიოზული მსჯელობა ალბათ ფრიად კომიკურად მოჩანდა ქართული სოციუმის იმჟამინდელი პრობლემების ფონზე, მაგრამ ილია მაინც აიძულებდა თანამედროვე ქართველს, თავი ისევ მსოფლიო მოქალაქედ მიეჩნია და ზოგადსაკაცობრიო კრიტერიუმებით ეაზროვნა. რას ვაკეთებთ დღეს ამ მიმართულებით? ვის ევალება საზოგადოების პოლიტიკური განათლება? დარჩა კი ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ელიტა, თუ ისიც სრულ პროფანაციას დაექვემდებარა?
ძალიან ბევრი შეკითხვა დავსვით და არცერთი ეს შეკითხვა არ არის რიტორიკული. ყველას უნდა მოეძებნოს პასუხი, რადგან ამ პასუხებს ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ქართული სახელმწიფოს არსებობისათვის. თანდათან თავადაც გავიაზრე, თუ რის შესახებ იქნება ჩემი რუბრიკა, რა თემებზე მსურს მკითხველებთან საუბარი, რა უნდა ვისწავლოთ ერთად და რაზე უნდა ვიმსჯელოთ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა მსოფლიო პოლიტიკურ კონტექსტში დასაბრუნებლად, მაგრამ პოლიტიკური პროვინციალიზმის დაძლევა მაინც ვერ მოვახერხეთ. გავიხსენოთ 2008 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, როდესაც იმჟამინდელი ქართული პოლიტიკური ელიტა ხაზგასმითა და დაუფარავად გულშემატკივრობდა ჯონ მაკკეინს. ამერიკელებმა პრეზიდენტად ბარაკ ობამა აირჩიეს და მერე რაც მოხდა, თავადაც იცით. რა დასკვნები გამოიტანა ქართულმა პროგრესულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამ გაკვეთილიდან?
უაღრესად კონტროვერსიული და დაძაბული ვითარებაა ამჟამად ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში. როგორ ემზადება ქართული პოლიტსპექტრი 2024-ის ამერიკული არჩევნების შედეგებისათვის? თუნდაც ერთი ნაბიჯით გავცდით 2008 წელს გამოვლენილ პოლიტიკურ პროვინციალიზმს?
სამწუხაროდ, ვერაფერიც ვერ ვისწავლეთ. ქართული კრიტიკული მედია მთლიანად და უპირობოდ იკვებება მხოლოდ ერთი მიმართულების ამერიკული საინფორმაციო წყაროებიდან და ისევ საკუთარი ფავორიტი ჰყავს, როგორც 2008 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ქართული ოპოზიციური სპექტრი ისევ საერთაშორისო პოლიტიკური ლობის გარეშე დარჩეს მსოფლიოს პირველ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე - ყველა სავალალო შედეგით შინაურ პოლიტიკურ ფრონტზე.
ვისი ბრალი იქნება ეს?
ქართულმა ოპოზიციამ გადაწყვიტა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი არსებითი გარანტიები არ მიუღია მთავრობისაგან საარჩევნო კომისიის ახალ შემადგენლობაზე ან საარჩევნო პროცესის უკეთ ორგანიზებაზე. ამასთან, ოპოზიციას არ გააჩნია არანაირი გამაერთიანებელი ეროვნული პოლიტიკური დოქტრინა, გარდა ერთი უბადრუკი სლოგანისა:
„ყველანი ივანიშვილის წინააღმდეგ!“ - რამდენად იმუშავებს ეს ლოზუნგი? არსებობს სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუ საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი ჩვენთვის არასახარბიელო მიმართულებით განვითარდება? რა არგუმენტები ექნებათ ე.წ. „მშვიდობის მტრედებისათვის“? რანაირად დაარწმუნებენ ამომრჩევლებს, რომ დემოკრატიული იდეალები უფრო აღმატებულია ბაზისურ ეგზისტენციალიზმზე? არის კი მათი მიზანი გადამწყვეტი გამარჯვება, თუ უბრალოდ პარლამენტში დეკორაციების ჩასანაცვლებლად იღვწის?
1889 წელს, როდესაც ილია ევროპა-ამერიკის პოლიტიკურ რეალობაზე მსჯელობდა, მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა, ეიძულებინა ქართველი, ფიქრი დაეწყო, ფიქრი და აზროვნება ვიწროპროვინციული ჩარჩოების მიღმა, რათა ნელ-ნელა შესჩვეოდა მსოფლიო მოქალაქის ამპლუაში საკუთარი თავის წარმოდგენას და შემდეგ, ერთ დღეს, შესძლებოდა მსოფლიო პოლიტიკურ კონტექსტში საკუთარი ქვეყნის დაბრუნება.
ალბათ ამავეს უნდა შეეცადოს „ახალი ივერიაც“. თანამედროვე ქართველს უნდა ესმოდეს დემოკრატიული ღირებულებების არსი, კონცეფცია და დასავლეთზე არ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ მაღალი პენსიებისა და სასიამოვნო მოგზაურობების კრიტერიუმებით. ქართველმა უნდა დაძლიოს „პატარა სოფლის“ გრავიტაციული ველი და პროვინციული ორღობიდან გააღწიოს. ეს არის ამჟამინდელი ამოცანაც და საკეთებელიც.
...1889 წელს თავისუფლების მოედანს ერევნის მოედანი ერქვა, რუსთაველის გამზირს - გოლოვინის, ორი ძეგლი იყო მხოლოდ თბილისში, ვორონცოვისა და პუშკინის; რუსთაველის ძეგლის დადგმამდე ჯერ კიდევ 50 წელი დარჩენილი... და ილია წერდა ევროპისა და ამერიკის პოლიტიკურ მომავალზე.
2024 წელია. ვალდებული ვართ!
ჟურნალი ახალი ივერია
ნანახია: (153)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას