დღეს ხარების დღესასწაულია!
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ქართული ხატები მთელ მსოფლიოში მფარველად უდგანან უფლის დედაზე მსასოებელ მორწმუნე მრევლს.ზოგი მათგანი, ისტორიული ავბედობით არის მოხვედრილი შორეულ ქვეყნებში - მათ შორის რუსეთში. ქვემოთ გაგაცნობთ ერთი ასეთი ხატის ისტორიას და მის მეოხმყოფობას მძიმე ინფექციით დასნებოვნებული ქალაქის გადარჩენაში.
ღვთისმშობლის ქართული ხატი - მოსკოვის შემწე 1654 წლის ჟამიანობისას
ღვთისმშობლის ქართული ხატის ისტორია, რომელიც რუსეთში განსაკუთრებული თაყვანისცემით სარგებლობს, სათავეს იღებს მეჩვიდმეტე საუკუნიდან.
როდესაც 1622 წელს საქართველო მოსრა შაჰ აბასმა, ეს ხატი, სხვა ძვირფას ხატებთან ერთად მიიტაცეს სპარსელებმა, რომელთათვისაც იმ დროისთვის მართლმადიდებლური სიწმინდეებით ვაჭრობა სარფიან საქმედ იყო ქცეული.
ხატის შემდგომი ისტორია ჭეშმარიტი სასწაულებით არის აღბეჭდილი.
1625 წელს, სპარსეთში, სავაჭრო საქმეებთან დაკავშირებით, აღმოჩნდა რუსეთიდან ჩასული სტეფან ლაზარევი, რომელიც იაროსლაველი ვაჭრის - გრიგორი ლიტკინის მოურავად მსახურობდა. მავანმა სპარსმა მოუტანა ლაზარევს ხატი გასაყიდად.
ვერცხლისა და ოქროს პერანგის გამო ხატი ძალიან ძვირად ფასობდა, მაგრამ ლაზარევმა მაინც შეიძინა.
ამ დროს ეს ხატი ძილში ეზმანა ვაჭარ ლიტკინს, მის პატრონს. სიზმარშივე მას ებრძანა შეეწირა ხატი არხანგელსკის ახლო მდებარე, 1603 წელს აგებული კრასნოგორსკის მონასტრისათვის. მაგრამ ვაჭარს მალე დაავიწყდა თავისი სიზმარი, და მხოლოდ მაშინ, როდესაც ოთხი წლის შემდეგ - 1629 წელს მოურავი სამშობლოში დაბრუნდა ხატითურთ, გაახსენდა ზენაარი ბრძანება და თავად წააბრძანა ხატი მითითებულ მონასტერში. მან არათუ მხოლოდ გადასცა ხატი მონასტერს, არამედ სპეციალურად მისთვის ააგო ეკლესია და საღვთისმსახურო საეკლესიო ნივთები და წიგნები შეიძინა.
ქართულმა ხატმა მაშინათვე მოახდინა საწაული: მის წინაშე აღვლენილი მრავალი ლოცვის შემდეგ უსინათლო და ყრუ ბერ პიტირიმს დაუბრუნდა სმენა და თვალისჩინი.
სასწაულთმოქმედ ხატს დააბრძანებდნენ ლიტანიობით არამარტო ცენტრალურ რუსეთში, არამედ - თვით ციმბირის მდინარე ლენამდე.
1650 წელს პატრიარქმა ნიკონმა, მაშინდელი ნოვგოროდის მიტროპოლიტმა, გამოიკვლია ხატის სასწაულთქმედებანი და დაუწესა სადღესასწაულო თარიღი - 22 აგვისტო (4 სექტემბერი ახალი სტილით).
ხატწერის განსაახლებლად და მისთვის ახალი პერანგის შესაქმნელად 1654 წელს ხატი ჩააბრძანეს მოსკოვში, სადაც იმჟამად შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. ქალაქში იყო პანიკა - ადამიანები გარბოდნენ ქალაქიდან, ქუჩებში ეყარა იმდენი გვამები, რომ მათ დამარხვას ვერ ასწრებდნენ. ღვთისმშობლის ხატმა მოსკოვში კურნების არაერთი სასწაული მოახდინა.
ტვერის ეპარქიის სოფელ კლიუჩარევში ღვთისმშობლის ქართულმა ხატმა სასწაულებრივად იხსნა სავარგულები დათესილ ყანებში გაჩენილი ჭიაყელებისაგან. ხატით ლიტანიობის დროს წამოვიდა ძლიერი წვიმა, რამაც გამოიწვია ჭიაყელების მიწიდან ამოძრომა, რომელთაც ეძგერნენ საიდანღაც მოფრენილი ფრთოსნები და ერთიანად მუსრი გაავლეს.
ქართული ღვთისმშობლის ბოლო ცნობები განეკუთვნება 1946 წელს, როდესაც მას დააბრძანებდნენ ლიტანიობით. შემდეგ ხატის კვალი იკარგება. თუმცა, ამ ხატის ასლების მნიშვნელობა ძალიან დიდია - მათგანაც უამრავი სასწაულია მომხდარი და ამიტომ ყველა ისინი სასწაულთმოქმედებად იწოდებიან.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქართულ ხატს ევედრებიან ჭირის, ჟამიანობის დროს, სიბრმავის და სიყრუის განსაკურნებლად.
ლოცვა ღვთისმშობლის ქართული ხატისადმი
მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, პატიოსანი ძღუენი ჩუენ უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი წარდგომილნი წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა, გალობითა ლმობიერითა გადიდებთ შენ, ვითარცა შემსმენელსა ჩუენსა, ისმინე ვედრებაიცა ჩუენი და სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაი ყოველი აღუსრულე, მწუხარეთა ტანჯვაი აღუმსუბუქე, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმინდენ, ყრმანი შეიწყალნენ, უნაყოფოთაგან უნაყოფობაი მათი დაჰხსენ, ეგრევე, დედუფალო, საპყრობილეთა და საკვრელთაგან განმათავისუფლენ, ყოველთა ვნებათა ჩუენთაგან აღმადგინენ, სნეულებანი თვალთანი განკურნრნ და მაცხოვნენ ჩუენ სიკუდილშემოსილისაგან წყლულებისა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტესა ღვთისა ჩუენისასა: ჰოი, ჰოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა შენსა ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის, რომელნი გადიდებთ და პატივს გცემთ შენ და თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და სარწმუნოებაი გუაქუს უმეტესი და შეუორგულებელი შენდა მომართ მარადის ქალწულისა, უფროისად დიდებულისა და ყოვლადუხრწნელისა მომართ, მადიდებელთა, პატივისმცემელთა და მგალობელთა ამათ შენთა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ნანახია: (1470)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას