"აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის“ (ლუკა 10, 2-3.)
ღვთის უდიდესი მადლის დატევნას მოითხოვს ამ მოწოდების ტვირთვა, ეს რჩეულთა ხვედრია, განსაკუთრებული მადლის დამტევნელთა, „ზეცისა კაცთა და მიწის ანგელოზთა“ მოწოდებაა, რომელიც საკუთარი თავის ღვთისა და მოყვასისთვის თავშეწირვას ნიშნავს. ამისკენ მოუწოდა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქრისტეს სამწყსოს მიაკუთვნებს საკუთარ თავს. მაცხოვრის ეს მოწოდება არის ქრისტეს გზა, რომელიც მან თავად გაიარა. ვინც მის მოწაფედ და მოძღვრად თვლის თავს, ვისზეც გადმოვიდა სულიწმიდის მადლი, სწორედ ეს გზა უნდა გაიაროს. მაცხოვარს არ უთქვამს, მგელთა შორის მგლებად გაგზავნით ან კრავთა შორის მგლებადო, არამედ თქვა: „აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. ..“ ეს ნიშნავს, რომ საღვთო სამსხვერპლოზე შესაწირ მსხვერპლად ხარ მოწოდებული ქრისტეს მსგავსად, როგორც ეს მან აღასრულა. ქრისტეს მოძღვარი უნდა იყოს კრავი, რომელიც თავს სწირავს სამსხვერპლოზე საკუთარი ნებით. მისი ვალდებულებაა, მგლის, ანუ ეშმაკის მსგავსი ცნობიერების ადამიანები, დაცემული ანგელოზის მორჩილნი, მოძალადენი, მკვლელნი, ზნედაცემულნი, ცილისმწამებელნი, აღვირახსნილნი მოაქციო და უფლის კრავთა სამწყმსოს დაუბრუნო. ეს უდიდესი მოწოდება და პატივია. ვინც დაითმენს ბოლომდე, ის ცხონდება. ყოველგვარი სხვა სწავლება და მოქმედება, გარდა ქრისტეს სწავლებისა, როგორც სიტყვით, ისე ცხოვრებით, ღვთის სიტყვის მქადაგებელთაგან თავის მოტყუებაა. პავლე მოციქულის სიტყვით, ქრისტეს სწავლება ზუსტად ისე უნდა იქნეს გაგებული, როგორც ის მაცხოვრის მიერაა ნაქადაგები. „თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს“ (გალატელთა მიმართ 1, 7-9).
ეს მოწოდება მიიღო ჩვენმა ერმა, როდესაც ქართველთა ემბაზად წოდებული წმინდა ნინოს მიერ მოინათლა და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა. ეს არის ქართველი ერის მოწოდება, ასე, ამ მრწამსით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში. ამიტომ უწოდა იოანე ზოსიმემ ქართველებს „ერი საზეპურო“. როგორ მგლურადაც, ცოდვაში მყოფი აზროვნებითაც არ უნდა მოგექცნენ შენ, ხედავდე მათ დაცემულ აზროვნებას და ამაზრზენ ყოფას, შენ ღვთისმიერი სიყვარულით უნდა იმოქმედო, ყოველთვის მის გადარჩენაზე, ცხონებაზე უნდა ფიქრობდე და ქრისტეს მოწოდების მიხედვით მოქმედებდე, სწორედ მათთვის უნდა გასწირო თავი, რადგან მკუნალობა სნეულს სჭირდება. გავიხსენოთ ასი ათასი მოწამისა და ექვსი ათასიგარეჯელი მამის მაგალითი. ქართველი ერის ცხოვრება სწორედ ეს არის – ქრისტესთვის, მისი სიტყვისთვის თავგანწირვა. ამიტომ არის ნათქვამი: ძნელია ქართველობაო. ქართველობაში ქრისტიანობა, ქრისტიანული ცხოვრება იგულისხმებოდა მაშინ: თუ ხარ ქართველი, მაშასადამე, ხარ ქრისტიანი.
ყოველთვის ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, ამ ორი უმთავრესი ქრისტიანული მცნებით უნდა მოქმდებედე, რომელზეც დაფუძნებულია ქრისტეს სარწმუნოება. „და (მას ჟამსა შინა) ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან (იესუს), გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მათე 22, 35-40). სწორედ ამ სულიერ მდგომარეობას მოკლებული ყოფა დგას თანამედროვეობის დღის წესრიგში. ღვთის უმადლო მდგომარეობა მეფობს ჩვენში ათეისტური საბჭოთა პერიოდის შემდეგ. ვერაფრით გაცოცხლდა ღვთის რწმენაში ქართველი ერი, ჩვენ მხოლოდ ტრადიციით ქრისტიანებად ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვით, მხოლოდ სიტყვით ვართ ქრისტიანები, ჩვენი საქმეები კი სხვაგვარად მეტყველებენ. უფალს კი ნებისმიერი ჩვენგანი და ზოგადად, მთელი ერი სწორედ მგელთა შორის მცხოვრებ კრავებად ვჭირდებით, ბოლომდე, მეორედ მოსვლამდე, რადგან როგორც ამას იოანე ზოსიმე ამბობს, ამ ენით, ე. ი. ამ ერით (ენაში ერი იგულისხმება, რომელშიც ის აზროვნებს, საუბრობს და ცხოვრობს), ამ ერის მაგალითზე მოახდენს სხვა ერთა განკითხვას. ეს მოწოდება ერთდროულად ტვირთიც არის და პატივიც, სიმძიმეცაა და სიტკბოც. როგორც ამბობს მაცხოვარი: „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“ (მათე 11, 30). მხოლოდ ასეთ ცხოვრებასთან დაბრუნებითაა შესაძლებელი თითოეული ადამიანის ცხონებაც და ამ ერის გადარჩენაც: ადამიანების ქრისტეს წიაღში დაბადებით სულიწმინდის მადლით, მისი სრულყოფით ეკლესიაში და ცხონებით. როგორ შეიძლება უფალმა ასეთი ერი, თავისი კერა არ დაიფაროს და არ დაიცვას?! და თუ უფალი დაიცავს, როგორ შეიძლება ამ ერს, ამ ქვეყანას ვინმე მოერიოს. კაცობრიობისთვის ამ უმძიმეს პერიოდში, დიდი, ძლევამოსილი ქვეყნების ასეთი დაპირისპირების გზასაყარზე მცხოვრებ პატარა ერს მხოლოდ ამ გზით შეუძლია გადარჩენა – ღვთის მადლის უშრეტ წყაროდ დაგვტოვებს უფალი, თუკი შეგნებით ქრისტიანულად ვიხცოვრებთ. ამისთვის კი სწორედ ამ მოწოდების ტვირთვა გვჭირდება, რასაც ოდითგანვე ტვირთულობდა ჩვენი ერი: „აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის“ (ლუკა 10, 2-3).
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (895)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას