logo.png

ლოცვა მოყვასისათვის თუ ლოცვა დამპყრობლისათვის?!

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: მაცხოვარი, სვანეთის ტაძარი)

„საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა“ (ფსალმუნი 34)

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა სხვადასხვა ენაზე დაიწყეს მეტყველება. უფალმა ამ გზით ყველა ერს თავის ენაზე მიმართა და უქადაგა ღვთის სიტყვა, რითაც განაცხადა საკუთარი ნება – ყველა ერის თვითმყოფადობისა და მათ მიერ თავიანთ ტერიტორიაზე დაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება. დაადგინა, რათა სრული სისავსით მიეღოთ მადლი და მათი სრული იდენტობა და განსაკუთრებულობა შეენარჩუნებინათ: „აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?!“ (საქმე მოციქულთა 2, 1-11).

რომელ ერშიც იქადაგებდნენ და დაადგენდნენ მოციქულები ეკლესიას სულიწმიდის ნებითა და განგებით, ამ ხალხისთვის უნდა დაედოთ თავი, ბოლომდე მათთვის და ამ ეკლესიისთვის ემსახურათ, ისევე როგორც დღეს ღვთისა და ეკლესიის მსახურმა თავისი მრევლისთვის უნდა გასწიროს თავი, ავედრებდეს უფალს და დღეინიადაგ დაუცხრომლად სასოებდეს მისთვის – ერის სულიერი და ხორციელი სიკეთის, ძლიერებისა და წარმატებისთვის. თუ განსაცდელი დაატყდება თავს და მომხდური შემოესევა, მოწინააღმდეგის დამარცხებასა და მისი ერის გამარჯვებას უნდა ითხოვდეს უფლისგან ყოველ წუთს.

ილოცო შენი მტრის გამარჯვებისთვის ისეთ მოცემულობაში, როცა გუშინ ტერიტორიები წაგართვა, შენი მრევლი მამაპაპისეული მიწიდან აყარა, წაშალა შენი კვალი ამ ადგილზე, შეგიცვალა ისტორია, წაგგლიჯა იდენტობა, დაგაქუცმაცა და გაგიუქმა სახელმწიფო, ეკლესიის ავტოკეფალია, მიისაკუთრა შენი საეკლესიო ქონება, დაარღვია ყველა საეკლესიო და საერთაშორისო კანონი. ამ ყველაფერგამოვლილმა შენი მტრის გამარჯვებაზე ილოცო, როცა ხედავ, რომ ახლა სხვა თავისუფლებისმოყვარე მართლმადიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე უამრავ ბავშვს, ქალს, მოხუცს, მშვიდობიან მოსახლეობას პირდაპირ სახლებში ბომბავს, აფეთქებს, აუპატიურებს, აწამებს... როგორ ფიქრობ, სად განგამწესებს უფალი იესო ქრისტე?! „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ იყოს სასჯელისა; რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: შესულებულ, თანა-მდებ იყოს იგი კრებულისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (მათე 5, 22-26.) რატომ არ გინდა შეიგნო, რომ შენივე მოყვასის მკვლელისა და მისი გამარჯვებითვის სასოებ?! სად იქნება იმ სასულიერო პირის ადგილი, რომელიც მრევლის მკვლელისთვის ლოცულობს?! ვინც გიორგი ანწუხელიძის ზურგზე დახტის და ხერხემალს უმტვრევს, არჩილ ტატუნაშვილს გულს გლეჯს, შინდისსა თუ კომანში გმირებს ხოცავს, ისინი არიან ჩვენი მეგობრები და მათი დიდებისთვის უნდა ვილოცოთ? ესე ხომ შენი მრევლისა და ერის წინააღმდეგ მოქმედებ, ღალატობ მას და განუდგები მას.

აი, როგორ ლოცულობს მტრისთვის და ხადის სულიწმიდით დავით მეფსალმუნე: „საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა; აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა. განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან აჭირვენ მათ; იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი. რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საბრჴისა მათისა და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა. ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან და სანადირო, რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საბრჴესავე მათსა შეითხინედ. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა“ (ფს. 34). აი ასე უნდა ვილოცოთ დღესაც, ხოლო მტრის საკეთილდღეოდ ლოცვა ბევრს აბრკოლებს,

ხოლო ვინც უფლისკენ მავალ ადამიანს აბრკოლებს, უფალი ასეთ რამეს ამბობს მათზე: „და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა“ (მათე 18, 6).

სამწუხაროდ, დღეს მიზანმიმართულად ისეთი გარემოა შექმნილი, რომ ადამიანთა პოზიცია პროდასვლურად ან პრორუსულად ცხადდება, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ქვეყნისა და ეკლესიის პოზიცია გამქრალია, ცდილობენ, რომ შენი აზრი შენს ქვეყანაზე არ გქონდეს, არ ჩანდეს, რათა ვერ აანალიზებდე, რა უფრო მისაღები და საჭიროა შენი ქვეყნისთვის.

ამ თავსმოხვეული დამოკიდებულებით ვითომ ქრისტიანული მორალიდან და მცნებებიდან ამოდიან. როცა ადამიანი შენს პოზიციას გამოთქვამ ქვეყნის საკეთილდღეოდ სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით, მყისიერად რელიგიურ-მორალურ მცნებეზე გადადიან და წარმოაჩენენ ქართველთა მოკავშირედ რუსეთს, როგორც ქრისტიანობის დამცველს, შენ კი „გარყვნილი“ დასავლეთის მხარდამჭერად გრაცხენ, და ეს იმ დროს, როცა რუსეთი ყველანაირად არღვევს ქრისტიანულ მცნებებსა და ღირებულებას ჩვენს სახელმწიფოს თუ ეკლესიასთან მიმართებით, უკრაინასთან იმ სისასტიკეების ჩადენით, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ.

ამავდროულად, რუსეთი ყველა იმ ქვეყანასთან თანამშრომლობს, ვისთან ურთიერთობის გამოც საქართველოს აკრიტიკებს და შენ უზნეობის მხარდამჭერად წარმოგაჩენს. უფრო მეტიც, რუსეთის ეკლესია აქტიურად მონაწილეობს ეკუმენურ მოძრაობაში. იგი წევრია ევროპის ეკლესიათა კონფერენციისა და ამ ტიპის სხვა ორგანიზაციებისა. რა გამოდის? რუსეთი როგორც არ უნდა მოქმედებდეს და ვისთანაც არ უნდა აწარმოებდეს მსახურებასა თუ დიპლომატიურ ურთიერთობას, მაინც ქრისტიანობის დამცველია, ხოლო ჩვენ თუ რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს მივმართავთ დახმარებისთვის, სახელმწიფო სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, მაშინ ქრისტიანულ მცნებებს ვარღვევთ?!

სინამდვილეში რუსეთი სწორედ მართლმადიდებელ ქრისტიან ქვეყნებსა და მის მართლმადიდებელ მოსახალეობას ანადგურებს და ხოცავს, ხოლო დასავლეთის ქვეყნებთან საკმაოდ დიდ ფინანსურ და ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებს, თბილად აცხოვრებს, აძლიერებს, შეთანხმებებს აფორმებს. ამ კრიზისის დროსაც კარგად გამოჩნდა, რამდენად ინტეგრირებული იყო რუსეთი ევროპასთან, რომელსაც ამავდრულად გარყვნილსა და ზნედაცემულს უწოდებს. თუ გარყვნილს უწოდებს და მტრად სახავს, მაშინ მათ ესროლოს რაკეტები, მართლმადიდებელ ქვეყნებს რატომ ანადგურებს?! სიტყვით ერთს ამბობს, საქმით მეორეს აკეთებს, რელიგიასაც პოლიტიკური მიზნით იყენებს ასე გვატყუებს და დღესაც ასე გვატყუებს. მაგრამ უფალს გვერდს ვერავინ აუვლის, ყველა ნაბიჯზე ამხელს ასეთ ცბიერ მოქმედებას.

ერთხელ უკვე გამოუტანა განაჩენი ჩვენმა ხალხმა, როცა იმ რენეგატი ქართველების ძვლები, რომელთაც საქართველოს სამოცდაათი წლის განმავლობაში გმირებად და თავდადებულებად აჩეჩებდნენ ხალხს, საფლავებიდან ამოიღო და წმინდა ადგილებს განაშორა, სხვაგან დამარხა, მათი ძეგლები მოანგრია და გადაყარა. ვისაც ამ პერიოდში არ უცხოვრია და არ შესწრებია ამ მოვლენებს, მათ ვურჩევ, თენგიზ აბულაძის „მონანიება“ აუცილებლად ნახოს. რა განაჩენიც აბელ არავიძეს გამოუტანეს, იმავეს გამოუტანს ასეთი ცნობიერების ხალხს თავისივე შთამომავლობა. იმავე წყალში მეორედ რომ არ შევიდეთ, მკაფიოდ უნდა მოხდეს გამიჯვნა პოლიტიკურ არჩევანსა და რელიგიურ არჩევანს შორის.

ცნობისთვის, ის ქვეყანა, სადაც ანტიქრისტეების ძეგლებისა და საფლავებისთვის ხელი არ უხლიათ, რუსეთია. ყველამ კარგად იცის რუსეთის სახელმწიფოს დამოკიდებულება ანტიქრისტიანების ბელად ლენინისა და მისი მავზოლეუმისადმი, სადაც საპატიო ყარაული დგას დღესაც, პატივს ასე მიაგებენ მათთვის ძვირფას ანტიქრისტე ლენინს და ყველა აღლუმს სახელმწიფო მმართველი მავზოლეუმის წინ, მუმიის სიახლოვეს, წითელ მოედანზე იბარებს. აი, აქ ყველაზე მკაფიოდ ჩანს რუსთის პოლიტიკური და რელიგიური პოზიცია.

დღეს რუსეთი საქართველოს არ აღიარებს 90-იანი წლების დასაწყისის სახელმწიფო საზღვრებში. მის ნაცვლად ამ ტერიტორიაზე ცნობს სამ სახელმწიფოს – საქართველოს, აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს. პირველ რიგში, როგორც სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნო სახელმწიფოებრიობა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და ვინმესთან ურთიერთობის დასამყარებლად იურიდიულად და ტერიტორიულად უნდა არსებობდე, როგოც ქვეყანა. ყველა ის, ვინც რუსეთის ორბიტაზე არაა, გვაღიარებს სწორედ ზემოდასახელებული წლებით აღიარებულ საზღვრებში. არ უნდა მოვჭრათ ის ტოტი, რომელზეც ვსხედვართ და ვებრძოლოთ ქვეყნებს, რომლებიც გვაღიარებენ, არიან ჩვენი მოკავშირე, ჩვენი მხარდამჭერნი.

საქართველო, განსხვავებით რუსეთისგან, ჭეშმარიტი რწმენას – მართმადიდებელ ქრისტიანობას ქადაგებდა 2000 წლის განმავლობაში და დღესაც ასე ქადაგებს. ქრისტეს ეკლესიას არასდროს არაფრის არ ეშინია, რაც უფრო მეტად შეებრძოლებიან მას, მით უფრო გაძლიერდება. ამიტომ საქართველოს გამთლიანების, ძლიერებისა და კეთილდღეობისთვის ვილოცოთ და უფალი აუცილებლად მოგვცემს გამარჯვებასა და დიდებას. დღეს დრო საქართველოს მხარეზე მუშაობს, საქართველო გაიმარჯვებს ქართველი ხალხის მონდომებითა და ქართველი წმინდანების მეოხებით.

ჩვენთან არს ღმერთი!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

 

ნანახია: (263)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას