logo.png

იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში - სადღესასწაულო სახარების განმარტება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - მე-17 ს-ის ანჩისხატის გულანის მინიატურა, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)
 

,,ხოლო იესო პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა ბეთანიაში, სადაც მოკვდა ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით...და მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, და სცხო ფეხებზე იესოს და შეუმშრალა თავისი თმით მას ფეხები; და სახლი აივსო ნელსაცხებლის სურნელით. და თქვა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა სიმონისამ, ისკარიოტელმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა მისი გაცემა: რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და არ მიეცა გლახაკებს?”

ისკარიოტელის ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ უფალმა დაიცვა მარიამი და უთხრა იუდას: აცადე მაგას, რადგან ჩემი დამარხვის დღისთვის შეინახა იგი, რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან, ხოლო მე ყოველვის არა ვარ თქვენთან.

როგორი მსგავსებაა თანამედროვეობასთან! როცა ღვთის მოწინააღმდეგენი გულმოდგინებითა და მოშურნეობით გაღებული საუფლო შესაწირის გამო კეთილმსახურ ადამიანებს განიკითხავენ. განა ეკლესიისგან გაუცხოვებული ჩვენი თანამოძმენი, იუდას მსგავსად, იმავე სიტყვებს არ იმეორებენ, როცა ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად და შესამკობლად გაღებულ შეწირულობას ხედავენ?! დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ ღმერთს არ სჭირდება სიმდიდრე, ეს თანხა შეიძლებოდა ბავშვთა და მიუსაფართა თავშესაფრისთვის გამოგვეყენებინა, საქველმოქმედო დაწესებულებისთვის შეგვეწირა. ამ სიტყვების მოსმენამ არ უნდა დაგვაბრკოლოს, საყვარელო ძმანო. დღეს წაკითხული სახარების ეს ნაწილი გვიჩვენებს, რომ უფალ ღმერთს სათნოეყოფა მსხვერპლი, რომელიც შემწირველის მისდამი სიყვარულისა და გულმოდგინების გამომხატველია. ისიც მოვისმინეთ, რომ იუდამ ეს თქვა არა იმიტომ, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ სულ სხვა მიზეზით: ქურდი იყო და იმ საერთო ფულს იპარავდა, რომელსაც ხალხი უფალსა და მის მოციქულებს სწირავდა საჭიროებისთვის. სწორედ ამ მიზეზით ბრაზობენ ჩვენი თანამედროვე ღვთის მოწინააღმდეგენიც, იუდასთან მსგავსება ალაპარაკებს მის დღევანდელ მემკვიდრეებს. მათ სწყინთ, რომ თავად ვერ სარგებლობენ იმ შენაწირით, რომელსაც უფალს უძღვნიან ღვთისნიერი ადამიანები. მათ ბაგეებს ხორცი და ვნება ამეტყველებს მხოლოდ, რომელსაც აღმერთებს და ემსახურება ჩვენი დღევანდელობა. ვნება კი იუდას მსგავსი ცნობილი ქურდია, რომელიც ყველა ქრისტიანული სათნოებისგან ძარცვავს ადამიანს. სწორედ იგი გვართმევს სიყვარულს განათლებისადმი, რომელზედაც ვითომცდა ვზრუნავთ. სინამდვილეში შეძლებულ ადამიანს უბიძგებს, საერთო სარგებლობის სკოლების ნაცვლად სრა-სასახლეები მოიწყოს თავისთვის, განათლებული და სიკეთის მომტანი ადამიანების ხელშეწყობის ნაცვლად ყოველგვარი კომფორტისა და ქვეყნიური შვების მომწყობთათვის გაიღოს ფული, წყნარი ოჯახური საქმიანობისა და მყუდროების მაგივრად იქ ეძიოს განცხრომა, სადაც მას არც სინდისი ამხელს და არც ქრისტიანის კეთილი რჩევა შეარცხვენს.

გვახსოვდეს, საყვარელო ძმაო, რომ მხოლოდ ღვთის სიყვარული, მის წინაშე უზაკველი მსახურება და ლაზარეს დის – მარიამის მსგავსი მსხვერპლშეწირვაა ხორცთან და ვნებასთან ბრძოლის უტყუარი საშუალება.

,, გაიგო იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა, რომ იესო იქ არის, და მივიდნენ არა მხოლოდ იესოსთვის, არამედ რათა ლაზარეც ენახათ, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. და მოითათბირეს მღვდელმთავრებმა, რომ ლაზარეც მოეკლათ, რადგან იუდეველთაგან მრავალნი მივიდნენ მის გამო და ირწმუნეს იესოსი”.

მღვდელმთავართა მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, თუ რა სახიფათო და დამღუპველია ცრუ რწმენა, მზაკვრული აზრი, თუკი ის გაბოროტებულ გულთანაა შეერთებული. აბა სხვა რით შეიძლება აიხსნას ჯიუტი ურწმუნოება მაცხოვრისადმი, თუ არა გონების დაბნელებითა და გულბოროტებით? მიუხედავად იესო ქრისტეს სასწაულმოქმედებისა, იუდევლები და განსაკუთრებით კი მღვდელმსახურნი, ისეთ მესიას ელოდნენ, ქვეყნიური დიდებითა და ძალმოსილებით რომ იქნებოდა მოსილი. შეუძლებელი იყო, მშვიდი და მორჩილი ხატით მოსილ იესო ქრისტეს მათი პატივმოყვარეობით სავსე იმედები გაემართლებინა! იგი ხომ სიღარიბეში ცხოვრობდა, თავის მისადრეკი ადგილიც კი არ ჰქონდა... ამიტომაც იუდევლებმა უარყვეს იგი, ხალხის მაცდუნებლად, გამხრწნელად ჩათვალეს და ღვთისმგმობი უწოდეს. ასეთ მდგომარეობამდე მარტო ცრუ რწმენით ვერ მივა ადამიანი, თუ მისი გულიც ღვარძლით არაა სავსე. როცა მხოლოდ გონებაა შეცდომილი, გული კი ჯერ არ წამხდარა, მას ადვილად შეუძლია ჭეშმარიტების შეცნობამდე მივიდეს. მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა, როცა ცრუ შეხედულებებთან ერთად ადამიანის გულიც წახდენილია! ასეთ დროს მისი ნება ჯიუტად ეწინააღმდეგება სიკეთეს. ასეთი ადამიანი ვერ იტანს ჭეშმარიტებას, რადგან იგი მისი ვნებების საწინააღმდეგოა. მოდით, საყვარელო ძმანო, ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ: ჩვენი გონების სიბრმავითა და გულბოროტებით სულის წარწყმედისაკენ ხომ არ მივექანებით? თუ რომელიმე ჩვენგანი საკუთარ თავს ამ გზაზე აღმოვაჩენთ, ვისწრაფოთ, რომ ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს, უარი ვთქვათ მასზე. ყოვლადმოწყალე უფალი ყველა გზააბნეულს დაგვეხმარება ჭეშმარიტების შეცნობასა და სიმართლისკენ მოქცევაში, მთავარია, ეს ჩვენი სურვილი იყოს!

,, მეორე დღეს დღესასწაულზე მისულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო მოდის იერუსალიმში, აიღო პალმის რტოები და გავიდა მის მისაგებებლად, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა! და იპოვა იესომ ვირი და დაჯდა მასზე, როგორც დაწერილია: ნუ გეშინია, ასულო სიონისაო! აჰა, მეუფე შენი მოდის და ზის ვირის კვიცზე. და ეს ვერ გაიგეს მისმა მოწაფეებმა თავიდან, არამედ როცა განდიდდა იესო, მაშინ გაახსენდათ, რომ ეს იყო მასზე დაწერილი და ასე მოექცნენ მას”.

მაცხოვრის იერუსალიმში საზეიმო შესვლის დღეს ყველა ისეთი განწყობით იყო გამსჭვალული, თითქოს იუდეველნი სამარადჟამოდ ირწმუნებდნენ იესო ქრისტეს და ჭეშმარიტ მესიად აღიარებდნენ მას. რეალურად კი, სულ რამდენიმე დღეში, სიხარულით სავსე საზეიმო შეხვედრა საშინელი და გაბოროტებული შეძახილებით შეიცვალა: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე! არა გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!

შემცდარია ის, საყვარელო ძმანო, ვისაც საზოგადოებრივი აზრი შეუმცდარი ჰგონია, ვისაც ღმერთის უცდომელი ხმა ესმის მასში!

აბა, ყურადღებით მიმოიხედეთ თქვენ გარშემო, განა ახლაც ასე არ ხდება? რა ხშირად აგვიყვანია ვინმე ცაში და მალევე დაგვინარცხებია მიწაზე. ზოგჯერ რა მოკლე დროში გაგვიკეთებია ორივე ეს მოქმედება. უმრავლესობა, როგორც მაშინ, ისე ახლაც ბრმად მიყვება ჩვენს მცირერიცხოვან წინამძღვრებს. დავუკვირდეთ, როგორ ყალიბდება ე.წ. უმრავლესობის აზრი. როგორც არ უნდა მოჰქონდეთ ადამიანებს თავი ჩვენს საუკუნეში, ვითომდა დამოუკიდებელი შეხედულებები გვაქვსო, სინამდვილეში ისინი სხვისი თვალით უყურებენ სამყაროს, საგნებს და ადამიანისთვის განაჩენიც ასევე სხვათა სიტყვის მიხედვით გამოაქვთ. რაც უფრო მკაცრია ეს განაჩენი, მით უფრო მეტი რწმუნებით ღებულობს მას უმრავლესობა. ამ გზით უფრო ადვილადაც იქცევა ხოლმე იგი საზოგადოებრივ აზრად. თუკი ასეთი ცვალებადია უმრავლესობის აზრი ადამიანთა მიმართ გამოტანილ განაჩენში, განა შეიძლება მასზე დაყრდნობა საღვთო საკითხზე მსჯელობისას?! ზოგადად, ყველა დროსა და ქვეყანაში საღად მოაზროვნე ადამიანათა რიცხვი გაცილებით ნაკლებია ვიდრე გზაშეცდომილთა. ლამაზად შეფუთული სიცრუე უფრო ადვილად იზიდავს ადამიანს, ვიდრე სიმართლე და ჭეშმარიტება, რომელიც უბრალო, მარტივი, მკაცრი და მამხილებელია.

უფალმა ჩვენმა იერუსალიმში შესასვლელად ცხენი კი არ აირჩია, რომელიც ბრძოლისთვის გამოიყენებოდა, არამედ ვირი, რითაც გაცხადდა, რომ იგი კაცობრიობასთან მიდიოდა არა როგორც დამპყრობელი და ტრიუმფატორი, არამედ როგორც მშვიდობისმყოფელი. იუდევლები მას გზაზე საკუთარ შესამოსელს უფენდნენ, მოციქულებმა კი ვირზეც დაუგეს სამოსი, რითაც გამოაცხადეს, რომ მათ მთელი თავისი სიცოცხლე გაიღეს უფლისთვის. წმინდა კირილე ალექსანდრიელის განმარტებით, სამოსლის გახდა დაცემული კაცობრივი ბუნების განძარცვისა და ქრისტეს შემოსილებას ნიშნავს. სახარების ამ მნიშვნელოვანი მონაკვეთიდან ჩვენ მაცხოვართან შეხვედრის სიხარული უნდა ვისწავლოთ. სიყვარულით უნდა მივეგებოთ მაცხოვარს, რომელიც ჩვენი ხსნისთვის განკაცდა და ევნო, ჩვენც შეველიოთ ცოდვებისგან დაბინძურებულ სულიერ შესამოსელს და მადლით შევიმოსოთ.

მაცხოვრისთვის გზის გასაკაფად ელეონის მთაზე ხალხი ზეთისხილის ტოტებს ჩეხდა, რომლის ნაყოფიც, ძველთგანვე ცნობილი იყო, როგორც ჭრილობათა მაკურნებელი. მოციქულები და ებრაელები მონდომებით უგებდნენ მაცხოვარს გზად პალმისა და ბზის ტოტები – მარადმწვანეობისა და უბერებლობის, ანუ სასუფევლის სიმბოლოს. ჩვენც მონდომება გამოვხატოთ მარადიულობაში დასამკვიდრებლად, სიყვარულით მივყვეთ ჩვენც ჭეშმარიტ მეუფეს. ეს სიყვარული არ უნდა დაჭკნეს, არ უნდა დაბერდეს, არ უნდა შესუსტდეს, წახდენასა და ლპობას არ უნდა დაექვემდებაროს. ფსალმუნში ვკითხულობთ: მართალი, ვითარცა ფინიკი აყვავდეს. ღვთის წინაშე გამართლებული სულის სიმბოლოდ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსშიც ფინიკია გამოყენებული, როცა იგი ღვთის საყდრის წინაშე მდგომი ღაღადებს: ოსანა ღმრთისა ჩვენისა!

მაცხოვარის იერუსალიმში დიდებით შესვლით წმინდა ზაქარიას წინასწარმეტყველება აღსრულდა: აჰა, მეუფე შენი მოდის და ზის ვირის კვიცზე. რომელი მეუფების გამომხატველია ეს სიტყვა? ეს სულიერი მეუფებაა, რომლის განსხვავება ქვეყნიური მეფობისგან ყველა ჩვენგან ადვილად შეუძლია. ამა სოფლის სამეფოში ურჩთა დასამორჩილებლად ძალისმიერ სასჯელს მიმართავენ, ქრისტეს მეუფებისას კი მოქმედებენ მხოლოდ შინაგანი, ძნეობრივი ძალები, მთავარი იარაღი აქ შეგონება და დამოძღვრაა. წმინდა პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: ,, ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულით წმიდით”.

როგორც წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე ბზობის ქადაგებაში აღნიშნავს, ჩვენ დროში ბევრი არაა ლაზარესა და მისი დის - მარიამის მსგავსი უფლის ერთგული. არადა მაცხოვარი დღემდე ეძიებს ჩვენ შორის მისდამი მსასოებელ, მოყვარულ და ერთგულ მეგობრებს. ახლაც სანუგეშოდ ეჩვენება მას, როცა ჩვენ გულში ლაზარესა და მარიამის მსგავს მხურვალე სიყვარულს ხედავს. ჩვენ ვამბობთ, რომ მორწმუნენი ვართ, მაგრამ მაცხოვარი არ კმაყოფილდება ნელ-თბილი სარწმუნოებითა და გრძნობით. ახლაც შესაძლებელია მისდამი პატივისცემისა და სიყვარულის განცხადება, რადგან იგი ჩვენ შორისაა! ნელსაცხებლის ნაცვლად, ძვირფასო ძმაო, შენი გულწრფელი ცრემლით დაბანე მისი უხრწნელი ხატი, ხმის ნაცვლად კი გულით უღაღადე: ოსანა, კურთხეულ არს მომავალი მეუფე ჩვენი! მხურვალე გულითა და გრძნობით მიეგებე მაცხვარს იერუსალიმის კარიბჭესთან და განუშორებლად იყავი მასთან ვიდრე გოლგოთამდე, ამინ!

წმინდა მამათა სწავლებების მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭელდლიშვილმა

ნანახია: (252)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას