logo.png

ღმერთი სიყუარული არს

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

წმინდა მამათა სწავლებით, ღმერთი ყოვლად სამართლიანია, მაგრამ ის, ამავდროულად, სრული სიყვარულია და ამ სიყვარულით მოქმედებს თავის ქმნილებასთან − ადამიანთან. ასე რომ არ იყოს, მაშინ ადამიანის ცხონებაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან თუ უფალი ყოვლად სამართლიანობით მოგვიდგებოდა და არა სიყვარულით, ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა სამოთხეში დაბრუნება. მხოლოდ მისი უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინებით, განკაცებით მოხდა ადამიანის გამოსყიდვა და ცხონება. „ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ“ (1 იოანე, 4, 9).

სწორედ ეს არის მასაზრდოებელი ეკლესიისა, ეს არის მადლი მაცხონებელი, რაც ადამიანს ქრისტიანად გარდაქმნის, ქრისტესმიერ სიყვარულს ასწავლის: „და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა“ (1 იოანე, 4, 10).

ყველა მამა, ყველა ღვთივგანბრძნობილი ადამიანი სიმდაბლითა და მოწიწებით საუბრობს მაცხოვრის სიკეთეზე, სიყვარულზე, მოწყალებასა და სახიერებაზე, ჰმადლობს მას, უღირს და უხმარ მონას უწოდებს საკუთარ თავს, რადგან როგორ სიწმინდესა და სულიერებასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, მაინც ვერ გახდება ისეთი თავგანწირული, მიმტევებელი, კაცთმოყვარე, როგორსაც უფალმა შეასხა ხორცი ადამიანთათვის ცხონების მიმნიჭებელი განკაცებით. ამით კაცობრიობას გეზით დაუდგინა და ასწავლა − სიყვარულით, სიმდაბლითა და კაცთმოყვარეობით ცხოვრება არის საღვთო მოწოდება.

ქრისტიანი სწორედ ასეთ სიყვარულს უნდა ბაძავდეს, მაღლდებოდეს და მიილტვოდეს ღვთისკენ. ამას კი მაშინ მოახერხებს, როდესაც დაინახავს საკუთარ სულში ცოდვის შედეგს, უძლურებას, რასაც შედეგად მოყვება სინანულის აღძვრა, საკუთარი უძლური მდგომარეობის აღქმა და შეფასება. სწორედ აქედან გამომდინარე მიხვდება სხვის სისუსტესა და უძლურებასაც, გულისხმასჰყოფს სხვათადმი მიმტევებლობის საჭიროებას და ასე დაიწყება მასში ღვთიური სიყვარულის აღქმაც − რომ არა უფლის უსაზღვრო მოწყალება და მიმტევებლობა, თავს ვერ დააღწევს ადამიანი საკუთარ უძლურებას. და თუკი გვინდა გვეპატიოს დაუძლეველი მანკიერი, ცოდვილი მდგომარეობა, ჩვენსავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვისაც უნდა გვინდოდეს სიკეთე, რადგან, თუ აპატიებ, შენც გეპატიება: „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა” (ლუკა, 11, 4); „ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“( მარკოზი 2, 17).

მაცხოვარი ჩვენგან სინანულს ითხოვს, სინანულს კი სიყვარული მოჰყვება, რადგან პატიება მხოლოდ დიდ სიყვარულს შეუძლია. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს თუ ამ გზით არ მიდის ადამიანი, მაშინ ყველაფერი ამაოა: „ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არავერაჲ ვარ. და შეღათუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა“ (პირველი კორინთელთა 13, 1-3.) ღვთის მადლისა და სიყვარულის აღქმა და დატევნა სიყვარულითვე არის შესაძლებელი, სულიწმიდის მადლით. ამ დროს კაცი თავადაც უფალს ემსგავსება თავისი სიმშვიდით, მიმტევებლობით, სიყვარულით. თუ ქვეყანაში უმრავლესობა ასეთი სიყვარულით საზრდოობს, მაშინ ერი და ქვეყანაც გარდაიქმნება ზეცად დედამიწაზე, რადგან სულიწმიდა მოქმედებს მათში, ხოლო იქ, სადაც სულიწმიდა ივანებს, მკვიდრდება ზეცაც. პავლე მოციქულის სიტყვით, „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ“ ( პირველი კორინთელთა 3, 16-17.) ტაძარი ღვთისა კი არის ზეცა დედამიწაზე. და თუკი აკლდება ადამიანი ასეთ სიყვარულს და უარს ეუბნება უფალს, მაშინ თავადვე იცლება სიყვარულისგან, ხელს უწყობს ბოროტების დამკვიდრებას და მისი მოქმედება მთელ ქვეყანაზე ვრცელდება. ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი წმინდა მამათა ბაგეებით ერთმანეთის სიყვარულისკენ: „უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი“ (1იოანე,4, 20-21.)

ქრისტიანობის მიღების შემდეგ ასეთი სიყვარულისკენ ილტვოდა ქართველი ერი, მისი ცხოვრების არსიც საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეს იყო, ამით სულდგმულობდა და ცხოვრობდა. სამწუხაროდ, დღეს ამ სიყვარულს ვაკლდებით და ვკარგავთ, არაფრით არ ვისმენთ სიტყვას უფლისას, რომელსაც ასე ვუყვარვართ. თუ გვინდა რომ უფალი გვმფარველობდეს და კვლავაც მისი კალთის ქვეშ ვიყოთ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველს ვუსმინოთ: „და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იოანე,4, 16).

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (358)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას