მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი რუსი მეცნიერის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტიდან განტევებული პროფესორის - ანდრეი ზუბოვის წერილს, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე https://www.obozrevatel.com/russia/putin-brosil-30-tyisyach-rossiyan-za-granitsej.htm . წერილი დაწერილია პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, რომლის თანახმადაც 4 აპრილიდან შეჩერებულია ყველა საერთაშორისო ავიამიმოსვლა, განკუთვნილი თანამემამულეთა სამშობლოში დასაბრუნებლად.
ანდრეი ზუბოვი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
როგორ ჩატოვა პუტინმა 30 ათასი რუსი უცხოეთში
გული გასკდომაზე მაქვს,როდესაც ვკითხულობ საზღვარგარეთ ჩარჩენილ რუსეთის მოქალაქეთა მიმართვებს ქვეყნის ხელისუფლებისადმი.
ჩემთვის გასაგებია, რომ ხელისუფლება შეპყრობილია შიშით. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების შიში. ჩამოვა 30 ათასი კაცი - იქნებიან მათ შორის ინფიცირებულებიც. აქ ვერ უპატრონებენ, მოხდება სნეულების გავრცელება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური კატასტროფა და დაუნდობელი ბუნტი. ხოლო ამ ბუნტისა და მოსალოდნელი სახალხო აჯანყების ხომ ხელისუფლებას მათ ჩამოუსვლელადაც ეშინია!
არადა, ხელისუფლებას რომ ესმოდეს - მათი პრესტიჟის აღდგენისათვის, რომელიც ახლა ისედაც მნიშვნელოვნად დაწეულია, სწორედ ხალხზე ზრუნვა იქნებოდა უებარი წამალი, მათ რომ: განეხორციელებინათ დახმარება მცირე ბიზნესისათვის რეალური ფულადი დახმარებით, გადასახადების გადავადებით, იძულებით უმუშევართა შემწეობით, აუცილებელი მედიკამენტებისა და სანიტარული საშუალებების შეძენით, ქარხნებისათვის პროფილის შეცვლით.
ჩვენი ხელისუფლება, მთელი თავისი ნეპოტიზმით, წლებია ყვლეფს რუსეთს. ვალს გადახდა უნდა. ახლა ის დროა, როცა საკუთარი და სახელმწიფო ფონდებიდან უნდა დაუბრუნოთ ხალხს მათი კუთვნილი. ხალხი კეთილია და გაპატიებთ, ხოლო თუ კიდევ კრუხივით დააჯდებით ნაპარავ სიმდიდრეს და გაამათხოვრებთ ხალხს, იმ ხალხის მსჯავრი იქნება ელვისებური და უმკაცრესი. გაქცევითაც ვერსად გაიქცევით ამ კორონავირუსის ეპოქაში. მოვიდა თქვენი დრო - რუსეთის ხელისუფლებისა: თქვენი ბედი თქვენს ხელთაა. მალე უკვე გვიანი იქნება. ეგ ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა აგეფცქვნებათ და მასთან ერთად -სიკეთის ქმნის საშუალებაც, წარსულში ჩადენილ ბოროტებათა წილ!
რაც შეეხება 30 ათას ადამიანს - გამოსავალი იაფიანი არ არის, მაგრამ - მარტივია. გამოყავით სანატორიუმები, სახელმწიფო რეზიდენციები, სამთავრობო დასასვენებელი სახლები, დღევანდელი მოხელეთა კერძო სასახლეები და დროებით, მხოლოდ დროებით გადაეცით ეს ნაგებობები საკარანტინოდ. ერთი თვის შემდეგ თქვენ მათ დაიბრუნებთ, ხალხის მადლიერებასთან ერთად.
ეს ნახევარი მილიარდი რუბლი კი არ დაგიჯდებათ, რომელიც თქვენ გამოგიყვიათ უცხოეთში ჩარჩენილი ხალხისთვის, მათი იქ დარჩენის საკომპენსაციოდ, არამედ 5-6-ჯერ უფრო ძვირი... მაგრამ განა ეს თანხა რა მოსატანია იმ პოლიტიკურ სარგებელთან და რეალურ სიკეთესთან, რასაც დასთესთ და თანაც არა საკუთარი, არამედ, სინამდვილეში ჩვენივე, ხალხისავე ხარჯით?
იჩქარეთ სიკეთის კეთება, ბატონო ხელისუფალნო, თქვენი არამად ნაშოვნი სიმდიდრით; ნუ იქმთ ახალ ბოროტებას, ნუ გახლეჩთ საზოგადოებას ამ საშინელ ვითარებაში, თორემ ახლო არს ჟამი თქვენი!
სარედაქციო მინაწერი: ხომ არაფერი გეცნოთ, ძვირფასო მკითხველო?
ნანახია: (1834)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას