„როგორც ჩანს, ამ სამყაროზე ადრე იყო რაღაც, რომელიც ჩვენი გონებისათვის თუმცა მისაწვდომია, მაგრამ როგორც შეუფერებელი ახლად განსწავლულთა და გონებით ჩვილთათვის, გადმოცემაში შეტანილი მაინც არაა. სამყაროს დაბადებაზე ადრე იყო რაღაც ზეციური ძალებისათვის შესაფერისი მდგომარეობა: ზედროული, საუკუნო და სამარადისო. მასში ყოველთა შემოქმედმა და დამბადებელმა სრულყო ქმნილებანი: ნათელი, გონიერი, შესაფერისი უფლის მოყვარულთა ნეტარებისათვის, გონიერი და უხილავი არსებანი, ყოველმხრივ შემკობილნი და ჩვენს გონებაზე იმდენად აღმატებულნი, რომ მათთვის სახელების გამოგონებაც კი ვერ შევძელით. ისინი, როგორც ამას პავლე მოციქულიც გვასწავლის, უხილავი სამყაროს ყოფიერებას აღავსებენ: რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი (კოლ. 1.16), გინა თუ ანგელოზთა მჴედრობანი, გინა თუ მთავარანგელოზთა წესთმთავრობანი“ (ბასილი დიდის ჰომილიები).
დღევანდელი ტექნიკური პროგრესის დროს, ადამიანის მხრიდან საკუთარ თავზე ამბიციური შეხედულებიდან გამომდინარე, ბიბლიას ხშირად შესატყვისად ვერ აფასებენ, ვერ აღიქვამენ, რომ ეს ღვთისგან მათთვის საღვთო განგების განხორციელების შესახებ მოწოდებული ცოდნაა. ამ ცოდნის მიმღები, აღმქმელი და შემმეცნებელი ღვთისგან უდიდესი მადლის დამტევნელი ადამინები, რომელნიც გადმოცემის უდიდეს ნიჭსაც ფლობდნენ, თავისებურად წერდნენ ღვთის უწყებას, რათა ადამიანის გონებამდე და აღქმამდე მოეტანათ. მოწოდებულ ცოდნას, ინფორმაციის უსაზღვრო დამტევნელობით, და იმ ადამიანების ღვთიმინიჭებული აზროვნების სიღრმეს და შესაძლებლობას, ასევე, უნარს მისი გადმოცემისას, ვერაფრით აღიქვამენ და აფსებენ დღევანდელ დღეს, აქედან გამომდინარე თავად ღმერთს ამ ყოველივეს შემოქმედსაც ვერ აღიქვამენ რაც ადამიანის ცხოვრებას და ყოფას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს. მინდა ბიბლიის ერთი წინადადების გადმოცემის და განმარტების ირგვლივ მსჯელობისას გავიაზროთ უფალთან მყოფი, სულიწმიდის მადლით ღვთივგანბრძნობილი ადამიანის აღქმისა და აზროვნების შესაძლებლობა; ასევე უფალს დაშორებული, იმ პერიოდში ან თუნდაც, თანამედროვე ადამიანს შორის რამხელა სხვაობაა, რამდენად დიდია და მასშტაბური მათი აღქმა, რამდენად დიდია მათი აზროვნების შესაძლებლობა და საღვთო განგებულების, სამყაროს შექმნის წვდომა, რათა უფრო აღქმადი გახდეს, თუ რას ვერ ხვდება და ვერ წვდება თანამედროვე ადამიანი.
მოსე წინასწარმეტყველის მიერ გადმოცემული შესაქმის პირველ სიტყვებზე ბასილი დიდს და გრიგოლ ნოსელის განმარტების მიხედვით განვიხილოთ, თუ რას გადმოგვცემს და რამხელა ინფორმაციას გვაწვდის მარტო ამ სამი სიტყვის მეშვეობით, როგორ აღიქვამს მოსე უფლის მადლით სამყაროს შექმნას და მის არსს, როგორ გადმოსცემს ღვთის უწყებას მის შემომქმედებაზე და ამავდროულად, თავად შემოქმედზეც.
მოსე წინასწარმეტყველი ქრისტემდე 1460/1531 წლით ადრე ცხოვრობდა, ამ პერიოდში იწყბა ანბანური დამწერლობის ჩამოყალიბება. პირველ ხუთ წიგნს სათაურები ებრაულ დედანში დასაწყისი სიტყვების მიხედვით აქვს მიცემული:
პირველი – „დაბადება“ (ებრაულად „ბერეშით“ – თავდაპირველად)“;
მეორე – „გამოსვლა” („შემოთ – სახელები);
მესამე – „ლევიანნი“ („ვეიკრა“ – მოუწოდა);
მეოთხე – „რიცხვნი“ („ბემიდბარ “ – უდაბნოში);
მეხუთე – „მეორე რჯული” („ელლე ჰადევარიმ“ – აჰა სიტყვები).
ეს არის მოსეს ხუთწიგნეული ანუ ხუმაში, რომელშიც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, დედამიწის პირველ მკვიდრთა განფანტვის (განსახლების) და ებრაელი ხალხის ადრეული ისტორია იმ ხანამდე, ვიდრე პალესტინაში, „აღთქმულ ქვეყანაში” დასახლდებოდნენ. „მოსე, ვინც ანგელოზთა მსგავსად ღმრთის პირისპირ ხილვის ღირსი გახდა, იმას მოგვითხრობს, რაც ღმრთისაგან ესმა. მოვისმინოთ ჭეშმარიტების სიტყვები, რომელნიც არა რწმუნებით კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისაჲთა არიან თქმულნი (I კორ. 2.4-13) და მიზნად არა მსმენელთაგან შექება, არამედ იმათი გადარჩენა აქვთ, ვინც მათ შეისწავლის“ (ბასილი დიდის ჰომილიები). „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა“ (შესაქ. 1.1) – წმინდა მოსე წინასწარმეყველი ასე იწყებს პირველ წიგნს და ამით გვეუბნება, რომ სამყარო დასაბამიერია, ე. ი. ის არ არის მარადიული და ყოველთვის არსებული, ის ქმნილებაა, და მას ჰყავს შემოქმედი, ის არ არის შემთხვევითი და თავისთავადი. ქმნილის საწყისობა მარადიული არსების ღმრთის აზრში იბადება და ხორცს ისხამს, ხორციელდება დროში. „დროც მაშინ იწყებს არსებობას, როდესაც მატერიის განფენა და ფორმირება ხორცილედება სივრცეში, თუ მატერია და სივრცე არ არსებობს არც დრო არსებობს, სივრცეში მატერიის ფორმირებასა და განფენილობასთან ერთად იბადება დროც. მისი ათვლიდან არსებობს დღევანდელი სამყარო და მისი განგრძობადობა და სახეცვლილება. დროც სწორედ ამ ქმნადი სამყაროს საკუთრებაა და მხოლოდ აქედან იწყება მისი არსებობა, მანამდე მხოლოდ მარადიული ღმერთია, რომელსაც არ ესაჭიროება არაფერი, რადგან ის თვითკმარია. ამიტომ, რადგან ღმერთს არ სჭირდება მატერია, მას არც სივრცე არ სჭირდება, რადგან ეს ორი არ სჭირდება ღვითის არსებობას, მაშასადამე, არც დრო არ არსებობს მისთვის. სამყაროს შექმნამდე არ არსებობს მატერია, სივრცე და დრო. ქმნილი სამყარო უფლის ნების, მისი ყოვლადშემძლებლობისა და მისი სიყვარულიდან იღებს სათავეს. „დასაბამი", გრიგოლ ნოსელის განმარტებით, ნიშნავს მთლიანობასა და უდროობას. ბასილი დიდიც იმავე აზრს გამოთქვამს: „დასაბამი განუყოფელ არს და განუშორებელ". მართალია, ბასილი დიდი შესაქმის „დასაბამს“ („დასაბამად ქმნა...") დროის, ჟამიერების სათავედ მიიჩნევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „დასაბამს“, „ჟამის“, ანუ დროის ნაწილად თვლის. მისი თქმით, ისევე როგორც „დასაბამი გზისაჲ არ არს თავადი გზაჲ და დასაბამი სახლისაჲ არა არს თავადი სახლი, ეგრეთვე დასაბამი ჟამისაჲ არა თავადი ჟამი არს და არცაღათუ კერძოჲ მისი მცირე".
წმინდა გრიგოლ ნოსლის განმარტებით, „დასაბამი“, ანუ პირველი წამი, ე. ი. საკუთრივ საღვთო შესაქმე გულისხმობს ყოველი არსისა თუ საგნის წარმომშობი მიზეზების, მათი რაობის განმსაზღვრელი პრინციპების დაბადებას. „სამყაროს შექმნის დასაბამი იმას გულისხმობს, რომ ყველა არსის პირველსაფუძვლები, მიზეზები და ძალები ღმერთმა ერთბაშად და მყისიერად განსაზღვრა, როდესაც მისეული ნების პირველ აღძვრაში ურთიერთს თანხვდა თითოეული არსის არსება (საღვთო თვალი ყოველ მათგანს ჭვრეტდა, როგორც ძლიერების სიტყვით წარმოჩინებულს – იმ სიტყვით, რომელმაც თანახმად წინასწარმეტყველისა, "ყოველივე უწყის მათ შექმნამდე“ (დან. 13.42). „საფუძველზე, თუ რას ქმნის უშუალოდ ღმერთი, წმ. გრიგოლ ნოსელი გვაუწყებს: „ყოვლის შემძლე [ღმერთმა] თავისი ბრძნული და ძლიერი ნებით არსთა შექმნას საფუძვლად დაუდო ერთობლივად ყოველივე ის, რითაც წარმოიქმნება ნივთი, ესენია: სიმსუბუქე, სიმძიმე, სიმკვრივე, გაიშვიათებულობა, სირბილე, სიმტკიცე, სისველე, სიხმელე, სიცივე, სიმხურვალე, ფერ, სახე, გარეშემოწერილობა, მანძილი. „ყოველი მათგანი თავისთავად ცნებაა და შიშველი აზრი“ – სწორედ ხსენებული „ცნებები“ არის ღვთის უშუალო შესაქმე. და თუ როგორ იქმნება მათგან ნივთიერება, ამ პროცესს წმ. გრიგოლ ნოსელი შემდეგნაირად წარმოგვიდგენს: „არათუ რომელიმე მათგანი თავისთავად ნივთია უკვე, არამედ როდესაც ისინი ურთიერთს შეკავშირდებიან; მაშინ წარმოიქმნება ნივთი. ჰ. ჩერნისი შენიშნავს: „წმინდა გრიგოლ ნოსელი მიიჩნევს, რომ ღმერთმა შექმნა ჯერ იდეალური სამყარო რომელიც წამში შემოიცვა საღვთო თვალმა. მატერიალური სამყაროს შესაქმე მოსდევს მას განვითარების თანამიმდევრული კანონზომიერებით“. მკვლევარი ა. ბურნაკისი დასძენს, რომ წმინდ გრიგოლ ნოსელის აზრით, „მატერია შედეგია იმ თვისებებისა, რომლებსაც ჩვენ გრძნობადი აღქმით შევიცნობთ. ეს გრძნობადი თვისებები, რომლებიც თავისთავად არამატერიალურები არიან, წარმოადგენენ მატერიის კომპონენტებს". „ხსენებული თვალსაზრისი შეიცავს უმნიშვნელოვანეს იდეას, რომელიც მატერიალური არსებების ერთობლიობას აცნობიერებს. ჩვენ მატერიას აღვიქვამთ, როგორც გრძნობადობას და სხეულებრიობას, რომელიც განსაზღვრულია რაოდენობრიობით... განფენადობით, მასით, სახით. უფრო ღრმა ანალიზი ცხადყოფს, რომ გრძნობისმიერად აღქმადი თვისებები, რომლებითაც აღჭურვილია მატერია, წარმოადგენს შიშველ ცნებებს. ეს ცნებები თავისთავად გონისეულნი არიან და, ამდენად - არამატერიალურნი. აქედან გამომდინარე, ის, რასაც მატერია ანუ სხეულებრიობა წარმოადგენს, ესაა გონისეული პრინციპების შეკავშირება, მათი თანხვდომა. ხსენებულ თვისებათა ერთიანობა შეადგენს მატერიის არსებას".
ამგვარად, პირველქმნილი შესაძლებლობანი, ნოსელის სახისმეტყველების მიხედვით, კვეს-აბედთა მსგავსად არსებობენ და წუთიწუთზეა მოსალოდნელი მათი „დაკვესება" ანუ ურთიერთშეხება, შეკავშირება, „თანხვდომა", რა გზითაც წარმოიქმნება ნივთი. რადგანაც პოტენციურის განივთიერება, როგორც აღნიშნული იყო, დასაბამიერი შესაქმისაგან განსხვავებით ხდება არა მყისიერად, ერთბაშად, არამედ მოვლენათა კანონზომიერი, ბუნებრივი თანამიმდევრობით, ამდენად, პირველქმნილი პრინციპების ურთიერთშეკავშირებით ცალკეულ ნივთთა წარმოქმნა, ცხადია, გარკვეულ რიგს გულისხმობს.
ეგზეგეტის განმარტებით, განივთიერების პროცესს იწყებს ცეცხლოვანი, გამანათებელი ნივთის, ანუ სინათლის გაჩენა, დაბადება, რომელიც, თავის მხრივ, თანდათანობით ყველა სხვა დღეისათვის ხილვადი არსის გაცხადებას ასაფუძვლებს. ცეცხლოვანი ძალის უპირატესობა, მისი პირველობა იმითაა განპირობებული, რომ თუ საგანს ბუნებითი ხილვადობა არა აქვს, იგი უხილავია და ამდენად – არამატერიალური. მატერიალურობას სწორედ ბუნებით ხილვადობა ქმნის, ხილვადობის სათავე კი სინათლეა. სწორედ ამიტომ, ღმერთმა წინდაწინვე შთანერგა ნათების უნარი ყოველ არსში, როგორც მათი მომავალი ნივთადქცევის საფუძველი. ამგვარად, მართალია ღმერთმა უშუალოდ მხოლოდ პოტენციური არსებობა შეუქმნა სამყაროს, ეს პოტენციურობა თავის თავში ღვთისგანვე შეიცავდა გარდაუვალი რეალიზების, „საქმედ ქცევის", ანუ განივთიერების იმპულსს. ზედმიწევნით ზუსტია ა. ბურნაკასისეული განსაზღვრება: გრიგოლისათვის „მატერიალური სუბსტანცია არის აქტიური პოტენციურობა".
წმინდა ბასილი დიდის სიტყვებითვე რომ დავასრულოთ, „რომელი სასმენელია ღირსი ნათქვამის სიდიადის მოსმენისა? ან როგორ უნდა იყოს სული მომზადებული ამგვარ დიდთა საქმეთა ყურადსაღებად? ხორციელ ვნებათაგან განწმენდილი, ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან დაუბნელებელი, შრომისმოყვარე, გამომეძიებელი და მიმომხედველი ყოველ მხარეს, საიდანაც კი ღმერთზე შესაფერისი წარმოდგენის შეძენა შეიძლება. მაგრამ ვიდრე ნათქვამის სიზუსტეს გამოვიძიებდეთ და ამ რამდენიმე სიტყვის უდიდეს მნიშვნელობას განვიხილავდეთ, გულისხმავყოთ, ვინ გვესაუბრება ჩვენ“( ბასილი დიდის ჰომილიები).
მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ნაშრომის – „გრიგოლ ნოსელის თხზულების „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ გამოძახილი ძველ ქართულ მწერლობაში“ – მიხედვით.
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (261)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას