logo.png

წმიდა თეოფანე დაყუდებული - თავის გამოძიება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ეპისტოლე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიმართ)

უკვე არაერთხელ მისაუბრია მართლმადიდებლებთან იმ უბრალო ჭეშმარიტებაზე, რომ ქრისტიანობაში მთავარი და არსებითი ადამიანის გულია - შინაგანი განწყობილება, ანუ ჩვენი შინაგანი ქმედებები. მაგრამ აქამომდე არ ვცდილვარ, მათთან (მართლმადიდებლებთან) ერთად ჩავკვირვებოდი ჩვენს შინაგან ადამიანს, გამოწვლილვით განგვეხილა ყოველივე მასში დამკვიდრებული, რათა ამის შედეგად ყოველი ადამიანი გაიწაფოს თავის თავში კარგისა და ცუდის გარჩევაში და ამის შესაბამისად მოეკიდოს თავს. მოდი, ამას ახლა შევუდგეთ.

თავი მოიზღუდეთ გარეგანი შეგრძნებებისგან, გონების თვალი მიაპყარით შინაგან ადამიანს და იხილეთ - რა არის მასში.

თავდაპირველად ვერაფერს ხედავთ, არა იმიტომ, რომ თქვენში არაფერია, არამედ იმიტომ, რომ თქვენში მეტისმეტად ბევრი რამ არის. მაგრამ ყოველივე ერთიმეორეში გათქვეფილა, შფოთავს და უწესრიგოდ რონინებს. თქვენ ისეთივე განცდა დაგეუფლებათ, როგორიც ეუფლებათ ხშირ ნისლში გახვეულთ. ნისლი კედელივით ფარავს ჩვენგან ყველა საგანს და გარემოიცავს. ზუსტად ასევე ისიც, ვინც პირველად მიაპყრობს თვალს თავის შინაგან ადამიანს, იხილავს, რომ ყოველივე შინაგანი თითქოს უკუნი საფარველითაა დაბურული. ამაში შეგიძლიათ მყისვე დარწმუნდეთ. მაგრამ ნუ შეწყვეტთ თავის გამოწვლილვის შრომას. ცოტა მოითმინეთ, და მალე ცოტცოტაობით გაარჩიეთ, რაც ხდება თქვენში, მსგავსად იმისა, სუსტად განათებულ ოთახში ეზოდან შესული კაცი ცოტა ხანს რომ შეყოვნდება და თანდათანობით აღიქვამს ოთახში მდებარე საგნებს.

მაშ, გააორკეცეთ ყურადღება და იხილეთ: აი, საგანი, რომელიც გიპყრობდათ, გცილდებათ, მის ადგილს სხვა იკავებს; მას მყისვე ენაცვლება მესამე; ის რიგიანად გამოჩენასაც ვერ ასწრებს, რომ მეოთხე ავიწროვებს; მისი ჯერიც დგება და ის მეხუთის მიერ იდევნება, და ასე შემდეგ. ერთი გულისსიტყვა საჩქაროთ იცვლება მეორით, და ისე სწრაფად, რომ თითქმის შეუძლებელია აღრაცხო - რამ გაიარა ჩვენს თავში. გულისსიტყვათა სწრაფი ცვალებადობა არ გვტოვებს არა მარტო თავისუფალ დროს, მაგალითად ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას, არამედ მაშინაც, როცა საქმით ვართ დაკავებულნი, რაგინდ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს საქმე: ტაძარში და შინ ლოცვის დროს, კითხვისას და ღრმა აზროვნებისა დროსაც კი. ჩვეულებრივ, ამას ფიქრს უწოდებენ, სინამდვილეში კი ეს გონების განბნევაა, ანუ გონებადაფანტულობა და მოკლება შემოკრებილი ყურადღებისა, რაც მეტად საჭიროა თავის მართვისათვის. აი, სწორედ ეს ჩათვალეთ ჩვენი შინაგანი ადამიანის პირველ თვისებად. გონებსი განბნევა ქარბუქსი დროს განქრეული ფიფქის კორიანტელს მოჰგავს, ან მწერების შექუჩებას ჰაერში ზაფხულის საღამოს. წინააღმდეგ ამისა, წმინდანებს შემოკრებილი გონება აქვთ და ამიტომაც უნებლიედ თავში არც არაფერი შედის, და არც მისგან გამოდის, არამედ თავისუფლება და გულისხმისყოფა ხელმწიფებენ მასში. ყოვლად მეცნიერი და თავისუფალი კი არის მხოლოდ ღმერთი და პიროვნება, რომელიც მას ჭვრეტს. გონებადაფანტულთა და გონებაშემოკრებილთა შორის დგანან სხვადასხვა სულიერ საზომს მიღწეული სულები, გულის ზრახვებს რომ ებრძვიან და მათ დამშვიდებას ეშურებიან.

კიდევ უფრო ყურადღებით ჩაუკვირდით თავს, და თქვენს გონებაში გულისსიტყვათა მღელვარების ფონზე შენიშნავთ, რომ თქვენს ნებას საკუთარი ცხოვრების მოწყობისათვის დაუცხრომელი ზრუნვა იპყრობს. ის ნიადაგ ღრღნის სულს მატლივით, ადამიანს - მშრომელს ერთი საქმისგან მეორისკენ უბიძგებს, სულ წინ-წინ მიმართავს - არაფერი აკმაყოფილებს, რაც აქვს. ადამიანი ერთ საქმეს რომ ადგას, მუდამ წარმოუდგებს ათას სხვა საქმეს, ვითომც აუცილებელს. გაღვიძებისთანავე მოიცავს სულს მზრუნველობა და არც ადგილზე დაჯდომას გვაცდის, არც ვინმესთან რიგიანად დალაპარაკებას, მშვიდად ჭამასაც კი არ გვაცდის მანამ, სანამ დაქანცულებს არ მოგვცელავს გვიანი ღამე, რომლის მყუდროებასასც ხშირად სიზმარში საზრუნავის ხსენება აშფოთებს. ამ ავადმყოფობას მრავლისათვის მზრუნველობა ჰქვია და იგი ისევე ჭამს სულს, როგორც ჟანგი რკინას. სწორედ ეს არის ჩვენი შინაგანი ადამიანის მეორე თვისება. ამის საპირისპიროდ, წმინდანებს უზრუნველობა ამკობთ, ოღონდ ეს არის არა დაუდევრობა, არამედ სიმდაბლით განზავებული, სწორი შრომა. ის გულისხმობს საკუთარი თავისა და საკუთარი ხვედრის მინდობას ღვთის ყოვლისგანმგებელი მზრუნველობისადმი. საშუალი მათ შორის არის ბროლა თვითგანგებულებასა და ღვთის

განგებულისებისადმი მინდობას შორის შეძლებისამებრ შრომის დროს.

კიდევ მეტად ჩაუკვირდით თავს, და თქვენს შინაგან ადამიანში უსათუოდ დაინახავთ ხელფეხშეკრულ ტყვეს, თავისი ნების წინააღმდეგ, ხან იქით რომ მიიზიდება, ხან აქეთ; თუმცაღა ხიბლშია და იმ ოცნებით იტყუებს თავს, რომ სრული თავისუფლებით განცხრება. ამ ტყვის ბორკილი ხორციელი სწრაფვაა სხვადასხვა პიროვნებებისა და ნივთებისადმი. მათგან განშორება გულს გვტკენს, როცა თვითონ ვშორდებით მათ, და სალმობიერად განვიცდით მათთან გაყრას, როცა მათ სხვები გვართმევენ. ანკესზე წამოგებული თევზი თუმცაღა დაცურავს, მაგრამ ვერასგზით გაცურავს იმაზე შორს, სადამდეც ანკესზე დამაგრებული ძუა აძლევს გასაქანს. ან კიდევ, გალიაში ჩიტი თუმცა დაფრინავს და დაგოგავს, გალიის საზღვრებს მაინც ვერ სცდება. ასევე, ადამიანებსა და ნივთებზე მიჯაჭვა სულს სურვილისამებრ მოქმედების თავისუფლებას უტოვებს მანამ, სანამ ის ამ პიროვნებებს და საგნებს არ ეხება. მაგრამ როგორც კი სული მათ შეეხება, ის ვეღარსგზით ვერ ფლობს თავს; და რაც მეტია ვნებიანი მიდრეკილება, მით უფრო მცირეა თავისუფლების სივრცე. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ადამიანი ყოველმხრივ შებოჭილია. მას ძალა არ შესწევს, ერთ მხარეს იმოძრაოს ისე, რომ თავს ტკივილი არ მიაყენოს მეორე მხრიდან. სადღაც ტყეში მიმავალი კაცის მსგავსად - ხელებითაც, ფეხებითაც და კაბითაც ჯაგებში რომ გახლართულა და სხეულის რომელი ნაწილიც არ უნდა აამოძრაოს, თავს შებოჭილად იგრძნობს - ზუსტად ასევე გრძნობს თავს ბევრი ქმნილების სიყვარულით შებორკილი კაცი. ჩვენი შანაგანი ადამიანის მესამე თვისებად სწორედ კაცთა და ნივთთა ხორციელი და უსარგებლო სიყვარული ჩათვალეთ. ამის საპირისპირო თვისება წმინდანებისა ყველაფრისგან განშორება, გულსი თავისუფლება და შინაგანი დამოუკიდებლობაა. მათ შორის საშუალო ეტაპი არის შრომა გულის განთავისუფლებისათვის ხორციელი მისწრაფებებისგან.

მხოლოდ გონების განბნევა, მრავლისათვის მზრუნველობა და კაცთა და ნივთთა ხორციელი სიყვარული როდია ჩვენი ხვედრი. ჩვენში მკვიდრობს ყოველივე ეს, მაგრამ მაინც ჩვენი გულის ზედაპირზეა თითქოს. კიდევ უფრო ღრმად ჩავუკვირდეთ ჩვენს გულს და ყური მივუგდოთ, რა ხდება მასში. სათქმევს ვუსწრებ შედარებით: მოგზაური მთაშია, ხედავს გამოქვაბულს, რომლის შესასვლელიც შამბნარს დაუფარავს; შიგნით უკუნეთია. მოგზაური მიაყურებს; გველების სისინი, მხეცების ყმუილი და კბილთა ღრჭენა ისმის შიგნიდან: ეს ჩვენი გულის ხატია! ოდესმე მიგიქცევიათ ყურადღება თქვენი გულის მოძრაობისთვის? დააკვირდით მას თუნდაც ცოტა ხნის განმავლობაში და იხილეთ, რა ხდება მასში: უსიამოვნება შეგხვდათ - განრისხდით; მარცხი მოგივიდათ - მწუხარებამ შეგიპყროთ; მტერს გადაეყარეთ - შურისძიების ალი წაგეკიდათ; დაინახეთ თქვენი თანასწორი, რომელმაც თქვენზე მაღალი ადგილი დაიკავა - შეგშურდათ; გაიხსენეთ თქვენი სიკეთე - სიამაყითა და ქედმაღლობით დაავადდით. ამას გარდა, კაცთმოთნეობა, ამაო მედიდურობა, ხორციელი გულისთქმა, გემოთმოყვარება, მცონარება, სიძულვილი და სხვა ვნებები ერთიმეორის მიყოლებით სერავენ თქვენს გულს, და ეს ხდება სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ყოველივე ეს გულიდან გამომდინარეობს და გულშივე ბრუნდება. გონების სიფრთხილით შემკული ერთი მოღვაწე ადამიანის გულს სამართლიანად ჭვრეტდა სავსედ შხამიანი გველებით, ანუ ვნებებით. რომელიმე ვნება რომ აღბორგდება, გეგონება, გულიდან გველი გამოცოცდა და, ისევ გულისკენ შემართული, მას თავისი საწერტელით სწყლავსო. გველის ამოცოცებაც მტკივნეულია და მისგან დაგესვლაც... ქვეწარმავალი გულს რომ დაშხამავს, გულის სისხლით იკვებება და ჩათქვირდება; ჩათქვირებული ქვეწარმავალი უფრო ბოროტი და შხამიანი ხდება და კიდევ უფრო ულმობლად იპყრობს გულს, რომელშიც ბუდობს. ასე ხდება არა მარტო ერთი რომელიმე ვნების აღძვრისას, არამედ ნებისმიერი ვნების მძვინვარებისასა. ვნებები კი ცალ-ცალკე როდი ბინადრობენ, არამედ ყოველთვის ყველა ერთადაა დაბუდებული. ისინი თუმცა კი ეფარებიან ერთიმეორეს, მაგრამ ერთმანეთს არ სპობენ. ასეთია გული ცოდვის მსახური ადამიანისა, ვინც უნდა იყოს. ამის საპირისპიროდ, წმინდანის გული ვნებებისგან თავისუფალია, ანუ უვნებელობითაა განშვენებული. მათ შორის, მოღვაწეთა ზედამდგომელი უფლის ნიშის ქვეშ დგანან მისი ყოვლად საჭურვლით შემოსილი მებრძოლნი ვნებათა და გულისთქმათა წინააღმდეგ.

რას იტყვით, ხომ არ გამეჩხერდა წყვდიადი, ჩვენს შინაგან ადამიანს რომ ფარავდა? თუ გამეჩხერდა, ამან სიხარული მოგგვარათ, თუ ვაება? ვაება - გონებადაფანტულებს, მრავლისათვის მზრუნველთ, ადამიანესა და ნივთებს მიჯაჭვულებს და ვნებათაგან ღელვაგვემულთ!.. ნეტარ არია, წინააღმდეგ ამისა, შემოკრებილი გონებით, ღმრთისამიერი მყუდროებით აღმკული, ყველაფრისგან განშორებული და ვნებებისაგან განწმენდილი სულები. კურთხეულია მათი დაშვრომაც, რომელიც, განეშორნენ რა პირველთა წარწყმედას, მეორეთა ნეტარების მიღწევას ესწრაფვიან!

( წყარო: https://www.orthodoxy.ge/tserilebi/teofane_gamodzieba.htm )

ნანახია: (232)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას