ასტრონომებმა მაღალი გარჩევადობით დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს ჩვენგან დაახლოებით 62 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკა ვარსკვლავთაშორის სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას. ეს ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება ასეთ არეალებში სხვადასხვა ქიმიური ელემენტი, რომელთა მეშვეობითაც ახალი მნათობები წარმოიქმნება.
ამ სპირალურ გალაქტიკას NGC 4383 ეწოდება და მას მეცნიერები ძალიან დიდ ტელესკოპზე დამონტაჟებული ხელსაწყოთი MUSE დააკვირდნენ. ის გალაქტიკათა სისტემის ნაწილია, რომელიც ქალწულის შეჯგუფების სახელითაა ცნობილი.
ეს ობიექტი უცნაურ და ქაოსურ ევოლუციას გადის, რაც აირის ნაკადის გაფრქვევასაც გულისხმობს, რომელიც 20 000 სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. მასში დიდი ოდენობითაა წყალბადი და უფრო მძიმე ელემენტები, რომლებიც სივრცეში დაახლოებით 1 079 870 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.
ეს ნათელს ჰფენს რთულ პროცესებს, როცა წყალბადი მეტალებს ერევა. ნაკადში დაფიქსირებულია ჟანგბადი, აზოტი, გოგირდი და სხვა ელემენტები, რომლებიც კოსმოსის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათგან ვარსკვლავთა ახალი პოპულაციები, პლანეტები და ბუნებრივი თანამგზავრები ფორმირდება. ასევე, შესაძლოა, ისინი სიცოცხლის გაჩენასაც დაედოს საფუძვლად.
რაც შეეხება NGC 4383-ს, ავტორთა ვარაუდით, მის მიერ გამოფრქვეული ნაკადი გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავთა აფეთქებებითაა განპირობებული. იქ არსებული ყველაზე მასიური მნათობები მატერიას მძლავრი ვარსკვლავური ქარის გამო კარგავს და, საბოლოოდ, ფეთქდება.
ამ მოვლენას სუპერნოვა, იგივე ზეახალი, ეწოდება. ეს და ზემოხსენებული ქარი აირს გალაქტიკისგან მოშორებით უბიძგებს, რის გამოც მსგავს სისტემებში ახალი ვარსკვლავების წარმოსაქმნელად საჭირო რესურსი ნელ-ნელა იწურება და ბოლოს ქრება.
NGC 4383-ის ნაკადს მეცნიერები პროექტს MAUVE-ს ფარგლებში დააკვირდნენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
წყარო: Space.com
მთავარი ფოტო: ESO/A. Watts et al.
ნანახია: (271)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას