logo.png

მოზარდებთან სწორი ურთიერთობის შესახებ

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: მირქმა - სინას მთის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი)

როცა ადამიანს შვილიერების მადლი ენიჭება, ფაქტობრივად, ის ღმრთის შემოქმედებაში ერთვება. შვილის გაზრდა კი არ არის მთავარი, არამედ მისი სწორად აღზრდა. მშობელი ბოლომდეა პასუხისმგებელი შვილის ცხოვრებასა და ცხონებაზე. ადამიანის არასწორი ჩამოყალიბება უპირველესად ოჯახური გარემოს ბრალია, რადგან ბავშვისთვის პირველი მაგალითი სწორედ მშობელია. გზასაცდენილი ახალგაზრდების ახლობლები დღეს საკუთარი არაეკლესიური ცხოვრებისა და არასწორი აღზრდის შედეგს იმკიან. დღეს ამგვარი ტენდენციაა ტაძრებში - მოჰყავთ პატარები, აზიარებენ, რაც მეტად სასიხარულოა, მაგრამ თავად მშობლები არ ეზიარებიან. იმისთვის, რომ ბავშვი ქრისტიანულად აღზარდო, თავად უნდა იცხოვრო ღვთის მცნებებით. ბავშვი პირველ მაგალითს სწორედ დედისგან იღებს. იგი იზრდება და აცნობიერებს, რომ რასაც მისგან მშობელი მოითხოვს, იგივე მშობელი ამ წესს არ იცავს, ამიტომ მოზარდი გაორებული რჩება, რასაც ხშირ შემთხვევაში მისი ეკლესისგან განშორება მოჰყვება. თუ დედა არსებითად არაა ურთიერთობაში უფალთან, არ ლოცულობს შვილებისთვის, არ მიმართავს მას დასახმარებლად, ეს განწყობა ბავშვზეც გადადის. ამიტომაა, რომ შედეგი არ მიიღწევა. აუცილებელია, რომ დედა იღწვოდეს შვილების. ამის უპირატესი მაგალითი თავად დედაღვთისაა, რომელიც ისეთი ღვთივსათნო იყო, რომ თავად მაცხოვრის დედად გამოირჩა.

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ქართულ ცნობიერებაში გინება არ არსებობდა. ჩვენში ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა ოდითგან ,,ურჯულო” იყო. ეს უკიდურესი ზნედაცემულობა მონღოლთა ბატონობის შედეგია. საკუთარი დედის მაგინებელი თაობისთვის ყოვლად შეუძლებელია ღვთიური მადლის მიღება; უმადლო, უმადურ მდგომარეობაში ყოფნით ადამიანი ამძიმებს გარემოს, რადგან თუ მშობლის მიმართ იჩენ ამგვარ უსიყვარულობას, მაშინ სხვებისადმი როგორღა განეწყობი?! ასეთი ყოფა უკვე სასჯელია. უფალი ამბობს, რომ ვისაც რწმენა არა აქვს, ,,აწცა უკუე დასჯილ-არს.” მეხუთე მცნებაში მაცხოვარი გვასწავლის: ,,პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაითა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.” საკუთარი მშობლის მაგინებელი ადამიანი ამ მცნების დარღვევით სიკეთესა და დღეგრძელობას აკლებს საკუთარ თავს. ეს ცნობიერების გაუკუღმართების შედეგია, რომელიც უღმერთობიდან მომდინარეობს. სხვამ რომ მიაყენოს დედას შეურაცხყოფა, ადამიანმა შესაძლოა სიცოცხლე გაწიროს; ამ დროს კი თავადვე ბილწავს საკუთარ მშობელს. ადამიანი იმდენად დაცემულია, რომ ვერც კი ხვდება, რამხელა სიბინძურე ამოსდის ბაგეებიდან. ამავდროულად, ერთი ადამიანის თითოეული მოქმედება მეორისადმი ღვთისადმიცაა მიმართული, რადგან ყველა ღვთის შვილია. დედის გინებით უფალს შეურაცხვყოფთ, რაც უმძიმესი მდგომარეობაა. ეს, ფაქტობრივად, ღვთის გმობაა.

თითოეული ადამიანი პიროვნება, ინდივიდია. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენგანს სამყაროს მიმართ თავისებური დამოკიდებულება გვაქვს. ყველა ერთნაირად არ აღიქვამს არსებულ ყოფას და არც ერთნაირი რეაქცია ექნება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ყოველივე ეს ბავშობიდანვე შეიგრძნობა. ამიტომ ხშირია, როცა ბავშვებს ერთი და იმავე საკითხთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. გარდატეხის ასაკის დადგომასთან ერთად ადამიანში პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბება იწყება, მატულობს ღირსების გრძნობა. ამ დროს უფრო რთული ხდება მოზარდი. ყოვლად დაუშვებელია ასეთ ვითარებაში დასჯის პოლიციური მეთოდის გამოყენება. უფროსმა, მშობელი იქნება ის, პედაგოგი, თუ სხვა, საუბრით, შეგონების საშუალებით უნდა აუხსნას ყველაფერი. ხშირ შემთხვევაში უფროსი თაობა ამგვარ განმარტებას თავს არიდებს, ამ საკითხს სიყვარულით არ უდგება, რაც მათ შორის გაუცხოვებას იწვევს. ჩვენმა პატრიარქმა არაერთხელ მიუთითა იმაზე, რომ ქალი გამოვიდა სახლიდან და ჩაება აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მან ფაქტობრივად იტვირთა ოჯახში მარჩენალის ფუნქცია. ბუნებრივია, რომ დედას აღარ სცალია თავისი უპირველესი დანიშნულებისათვის - აღზარდოს შვილი, მისცეს მას სათანადო განათლება. ამაში, რა თქმა უნდა, მარტო ქალი არ არის დამნაშავე. ,,მათ დღეთა შინა დამდაბლდა მამაკაციო”, - ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი. ეს მეტად მძიმე შედეგს იძლევა, რადგან ბავშვი განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენს დედის მიმართ და მისგანაც მოითხოვს სითბოსა და ყურადღებას. თუ მოზარდს ეს აკლდება, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილ ადამიანად ყალიბდება და ცივი დამოკიდებულება უვითარდება ოჯახურ გარემოშიც და მის გარეთაც.

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ეს თაობა სამოქალაქო, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების პირმშოა. რეალურ ყოფაში მრავალი სახის ძალადობას შეჯახებიან, რასაც ტელეეკრანიდან მომდინარე აგრესიაც ემატება. ამგვარი ურთიერთობა მათთვის ჩვეულებრივი გახდა. მოზარდის ცნობიერებაში განმტკიცდა აზრი, რომ მოასწროს სხვისი დაჩაგვრა, რათა თავად არ აღმოჩნდეს დაჩაგრული. ასეთ ასაკში საკუთარი საქციელის შედეგს ნაკლებად აანალიზებენ. მოზარდის დასჯითა და დაშინებით დამორჩილება ხშირად სამაგიეროს გადახდის სურვილს შობს და სიძულვილს თესავს. ყმაწვილი უკეთურ სურვილს მაშინვე განახორციელებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამ თაობის მდგომარეობიდან გამოსაყვანად დიდი სიყვარულია საჭირო. მოზარდმა რომ სიყვარული ისწავლოს, ამას, უპირველესად, უახლოესი გარემოსგან უნდა გრძნობდეს. გარემო კი, სამწუხაროდ, ამ სიყვარულისგან დაცლილია. დღევანდელ ცხოვრებაში ამგვარი ურთიერთობის მაგალითი გადავსებული საპატიმროებია, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა და მოზარდთა. ყოველივე ეს ოჯახის არასწორი ცხოვრების შედეგია. დედა უნდა დაუბრუნდეს ოჯახს, შვილების აღზრდას, რაც მრავალმხრივ განაპირობებს ქვეყნის სიძლიერეს. ერის სულიერ აღზრდას შემდგომ ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობა და სიძლიერე მოჰყვება.

დღევანდელი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა მატერიალისტურია, რომელიც მხოლოდ აწმყოს ცნობს და მიღმურ ცხოვრებას, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს, გამორიცხავს. თანამედროვე ყოფა დიდ ზეწოლას განიცდის ადამიანის მორალურ-ზნეობრივ ღირებულებებზე. უზნეობა ინიღბება ე.წ. თავისუფლებით. ღირებულებათა ცვლასთან ერთად იწყება ადამიანის გაორება. ასეთ ვითარებაში თავისუფალ არჩევანს უკავშირებენ შეცვლილ ფასეულობებს, რათა ამ გზით გადაფარონ მისი არსი და სიმცდარე. მეძავობა, რომელსაც უძველეს პროფესიად მოიაზრებენ და გამორიცხავენ ზნეობრივ სფეროს, ანდა მამათმავლობა, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციად რომ საღდება, სინამდვილეში სულიერი გაუკუღმართება და უზნეობაა. ამ დროს კი გვეუბნებიან, რომ ადამიანს უფლება აქვს სურვილისამებრ იცხოვროს და მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. თუმცა ერთია არჩევანი და მეორეა, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება. ადამიანი ხატებაა ღვთისა, მისთვის არსებითია სიყვარული, სამართლიანობა, ზნეობა. ბუნების საწინააღმდეგო არჩევანი ღირსებას შეულახავს ადამიანს და იგი რჩება პატივაყრილი, თუმცა შესაძლოა თავად ასე არ თვლიდეს. ავაზაკი, ნარკომანი, მეძავი, მკვლელი, მამათმავალი, აზარტულად მოთამაშე არ არის ღირსების აღმნიშვნელი სიტყვები. დამცირებული და ღირსებაშელახული თავისუფალი ვერ იქნება. დოსტოევსკი ერთ თავის პერსონაჟს ათქმევინებს: ,,თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია.” დღეს, სამწუხაროდ სწორედ ეს იდეოლოგია ხორციელდება. ამგვარ აზროვნებას შველა და მკურნალობა სჭირდება. თანამედროვე იდეოლოგია თავის ,,მართებულობას” ადამიანი უფლების დაცვით ხსნის, მაგრამ ავიწყდება, რომ თითოეული ადამიანის ყოველ ნაბიჯი მოიცავს არა მარტო უფლებრივ, არამედ ზნეობრივ და მორალურ სფეროს. ადამიანი არ უნდა შემოიფარგლოს ცხოვრებისადმი უფლებრივი და სამართლებრივი დამოკიდებულებით. თუ იგი მოკლებულია ზნეობასა და რელიგიურ მცნებებს, მაშინ ხდება მისი დეგრადაცია. ქართული კულტურა და ტრადიცია მთლიანად ქრისტიანობაზეა დამყარებული. დეგრადირებული ადამიანი ამ გარემოში თავს უცხოდ გრძნობს. სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევა არ არის, ლამის მთელ ერზე ვრცელდება. ამიტომაც ჩვენ ნელ-ნელა ამორფულ სახეს მივიღებთ და სულ უფრო მეტად დავემსგავსებით ბრბოს, რომელსაც არავითარი კულტურული, ისტორიული და შემეცნებით ფასეულობები აღარ გააჩნია. აქ ისე მიდის ცხოვრება, როგორც გარემოება მოითხოვს და ბოლომდეა დამოკიდებული უცხო აზრსა და კულტურაზე, უფრო ზუსტად, უკულტურობაზე, რაც საზოგადოებას პირდაპირ გადმოაქვს. თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, სულ მოკლე ხანში ქართველობა თავისთავადობას დაკარგავს. კარგად უნდა გავაანალიზოთ, რას ვკარგავთ და რას ვიძენთ, გავაცნობიეროთ, რას ვესწრაფით. დავფიქრდების შემთხვევაში მივხვდებით, რომ ეს სწრაფვა წარმავალი ცხოვრებით ტკბობაა, რომელიც ღირებულს არაფერს ტოვებს. ერი უცილობლად უნდა დაუბრუნდეს თავის ღირებულებებს, რადგან ყოველი ღირებულება უფლითაა ნასაზრდოები და ჭეშმარიტებასთან მივყავართ.

ამ საქმეში ეკლესიის მხარდამხარ უნდა იბრძოდეს მთელი საზოგადოება, უპირატესად კი ოჯახი და სკოლა. რაც უფრო მეტად მოინდომებს საზოგადოება ეკლესიის ჩართვას მათი ცხოვრების უკეთ წარმართვასა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში, რაც უფრო მეტად მოინდომებს მოძღვრებთან ახალგაზრდების სიახლოვეს, მით უფრო უკეთეს შედეგს მიიღებს ქვეყანა. ეკლესია ყოველთვის მოქმედებდა საამისოდ და ყველანაირი შესაძლებლობით კვლავაც განაგრძობს ღვთის სიტყვის ქადაგებას, მის მიტანას საზოგადოების თითოეული წევრის გულამდე.

მოამზადა საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმადეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა.

 

ნანახია: (396)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას