logo.png

ეფრემ ასურის ლოცვის განმარტება

(III ნაწილი)

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: წმიდა ეფრემ ასურის მიცვალება)

,,ჰე, უფალო და მეუფეო! მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა” .

წმიდა ეფრემ ასური ლოცვის ბოლოს შეჰღაღადებს უფალს და სთხოვს, რომ გააძლიეროს ის, რათა შეძლოს დანახვა და განცდა საკუთარი ცოდვებისა, არ განიკითხვადეს ძმას, მოყვასს, სხვა ადამიანს. განცდა თვისთა ცოდვათა საკუთარი თავის დანახვა, შემეცნებაა საკუთარი მდგომარეობისა. კარგად იქცევა ღვთის წინაშე თუ ცუდად, წმიდა მამა ითხოვს უნარს, რათა შეძლოს საკუთარი უკეთურების დანახვა, რაც ცოდვაში მყოფ ადამაიანს ძალიან უჭირს. ჩვენ გვიჭირს საკუთარი ცოდვების დანახვა, ჩვენი მდგომარეობის გაანალიზება.

ჩვენი თავის აღქმა-შემეცნება ქრისტიანული ცხოვრების საფუძველია. თუ ადამიანი საკუთარ თავს ვერ აღიქვავს, ვერ გებულობს, ვერ ხვდება, რა ცოდვა ჩაიდინა, თუ რა უკეთურება აქვს გულში, მაშინ ის როგორ გამოასწორებს საკუთარ თავს, რანაირად მოინანიებს და როგორ გახდება უმჯობესი?! ნუ ფიქრობ, საყვარელო ძმაო, რომ ეს ადვილი გასაკეთებელია: ძალიან ბევრი უნდა იღვაწოს ადამიანმა საკუთარ თავზე, რომ შეძლიოს თავისი მდგომარეობის დანახვა, აღქმა. ყველა ადამიანს ინდივიდუალური ჩვევა, ხასიათი, თვისება აქვს. ზოგი გულფიცხია და ამით ხშირად სცოდავს ღვთის წინაშე; ზოგიც ზარმაცი, მცონარეა და ამით განარისხებს ღმერთს; ზოგიც ამპარტავანია და ამის გამო მრავალ ცოდვას ჩადის; ერთი სიტყვით, ყველა ადამიანს გარკვეული ცოდვის მიმართ აქვს მეტ-ნაკლები მიდრეკილება. დიდი მადლი და სიკეთე გვეძლევა, თუკი კარგად ჩავიხედავთ ჩვენს თავსა და გულში, ვიტყვით: მე ამ ცოდვაში მიდგას ფეხი, ღვთის წინაშე დამნაშავე ვარ. თუკი ასე მოიქცევი, სინანული აღიძვრება შენში და გულით მოინანიებ ცოდვას, აუცილებლად გახდები ღვთისნიერი, ხოლო თუ კარგად ვერ შეიმეცნებ თავს და არ გექნება სინანული, ვერც სულიერებაში წარემატები და ღვთის წინაშეც დაიმძიმებ თავს, ვერც ადამიანებთან გექნება კარგი ურთიერთობა.

ვინც სინანულშია, ის სხვას აღარ განიკითხავს. ამიტომ ითხოვს წმიდა ეფრემ ასური: ,,მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”. განკითხვა მძიმე ცოდვაა, მისით ყველა ადამიანი სცოდავს, მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები, სულიერებაში გაზრდილი მორწმუნეები არ განიკითხავენ სხვას, არამედ საკუთარი თავის განქიქებასა და განკითხვაში არიან დღემუდამ, რადგან მსჯავრის გამოტანა ღვთის საქმეა და არა ცოდვილი ადამიანისა.. თუკი ადამიანი გულით ნანობს, მაშინ უფლის მოწყალება ძალიან დიდია. საკუთარ თავს რომ განიცდიდე და განაქიქებდე, სხვას კი არ განიკითხავდე, - ამ ძალმოსილების მოცემას ითხოვს წმიდა მამა, ამიტომაც ბოლო მუხლის დასასრული არის მადლიერების გამოხატვა: ,,რამეთუ კუთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე ამინ.“ რადგან ღვთის გარეშე ყოველივე ამის შესრულება შეუძლებელია, ეფრემ ასურის ლოცვა მთავრდება მეზვერის ლოცვით: ,, ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე..“ მეზვერე ტაძარში სულ უკან, თავდახრილი იდგა და ამ სიტყვების გარდა არაფერს ამბობდა. იგი იმდენად განიცდიდა თავის ცოდვებს, იმდენად იყო დამძიმებული, რომ თავის აწევასაც ვერ ბედავდა, ოღონდ უფლისგან პატიება მიეღო. აი, ასე უნდა განვიცდიდეთ ცოდვებს.. იმიტომ კეთდება მეტანიებიც, რომელიც გამოხატავს როგორც სინანულს, ასევე დაცემას. თუკი ასეთი განცდა გვექნება ჩვენი ცოდვებისა, მაშინ ჩვენც გაგვამართლებს უფალი, როგორც მეზვერე გაამართლა და ჩვენც მივაღწევთ სულიერების იმ საფეხურს, რომელსაც წმიდა ეფრემ ასური მისწვდა, ამინ.

 

ნანახია: (237)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას