logo.png

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ვნებისა“

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

სოფელ პალიცში, ნიჟეგოროდის გუბერნიაში ცხოვრობდა გლეხი ქალი ეკატერინე, რომელიც გათხოვებისთანავე ეშმაკეულმა ძალამ შეიპყრო. ის სრულიად შეშლილი იყო, ადამიანებს ერჩოდა, ტყეში დაეხეტებოდა, არაერთხელ თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ კეთილი ადამიანების მეშვეობით უფალი ყოველ ჯერზე შეეწეოდა მას. ამგვარ მდგომარეობაში 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ერთხელ ის გრძნობაზე მოვიდა, ცრემლით შეევედრა ღვთისმშობელს, ამ უბედურებისაგან გაეთავისუფლებინა და აღთქმა დადო, რომ გამოჯანმრთელებისთანავე მონასტერში განმარტოვდებოდა. მალე ის მართლაც განიკურნა, მაგრამ თავისი აღთქმა დაივიწყა და ქმართან და შვილებთან ერთად კეთილდღეობით ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც ლოცვაზე იდგა, აღკვეცის შესახებ დადებული პირობა გაახსენდა. ისეთმა შიშმა შეიპყრო, რომ სულიერად დაუძლურებული ლოგინად ჩავარდა. ღამით გაიგონა, რომ მისი ოთახის კართან ვიღაც მიმოდიოდა და ლოცვას კითხულობდა. კარი გაიღო და ოთახში მეწამულით მოსილი, გამოუთქმელი ოქროსფერი სინათლით გაბრწყინებული ქალწული შემოვიდა. მას მეორე, ასევე ნათლითშემოსილ ქალწული ახლდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თქვა: „ეკატერინე, რატომ არ ასრულებ შენს აღთქმას, მონაზვნად რომ უნდა აღკვეცილიყავ და ჩემი ძისა და ღმერთისათვის გემსახურა. წადი ახლავე, ჩემი გამოცხადების შესახებ იქადაგე და უთხარი ყველას, ვინც ერში ცხოვრობს, რომ ბოროტების, შურის, ლოთობის და ყოველგვარი არაწმიდენისაგან თავი შეიკავონ. უმანკოებით და ერთმანეთისადმი გულწრფელი სიყვარულით იცხოვრონ. ნუ დაივიწყებენ კვირა დღეს და დღესასწაულებს, რომლებიც უფლისა და ჩემდამი არის მოძღვნილი“. შიშით მოცული ეკატერინე ღვთისმშობლის ბრძანების შესრულებად აყოვნებდა. გამოცხადება ორჯერ განმეორდა. მაგრამ ეკატერინე შიშობდა, რომ არ დაუჯერებდნენ და ბრძანება კვლავ შეუსრულებელი დარჩა. ამ ურჩობისთვის ის მკაცრად დაისაჯა, თავი ერთ მხარეს გაუშეშდა, პირი მოეღრიცა და ძალიან დაუძლურდა. მალე ყოვლადწმიდამ კვლავ შეიწყალა იგი. ერთხელ სიზმრად ეკატერინემ საიდუმლო ხმა გაიგონა, რომელიც ავალებდა, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო ხატმწერ გრიგორთან - ნიჟნი-ნოვგოროდში, მისთვის თავისი ხილვის შესახებ მოეთხრო, ღვთისმშობლის სახელზე შეგროვილი შვიდი ვერცხლის მონეტა მიეტანა და მის მიერ დაწერილი ოდიგიტრიად წოდებული ღვთისმშობლის ხატი შეემკობინებინა: „როდესაც შენ ამ ხატის წინაშე სარწმუნოებით ილოცებ, გამოჯანმრთელდები და შენთან ერთად სხვაც ბევრი განიკურნება“. ეკატერინემ ბრძანება შეასრულა. ხატმწერთან ოდიგიტრიის ხატი იპოვა და მის წინაშე მხურვალე ლოცვის შემდეგ განიკურნა. ამის შემდეგ ხატმა მეორე სასწაული აღასრულა. საოცარი მოვლენების შესახებ ხმები სწრაფად გავრცელდა შემოგარენში. ამ ხმებმა თავად ბორის მიხეილის ძე ლიკოვის ყურამდეც მიაღწია. მან მრავალრიცხოვანი სამღვდელოება შეკრიბა, ხატის წინაშე პარაკლისი იგალობეს და ამის შემდეგ ის ნიჟეგოროდის გუბერნიაში, სოფელ პალიცში - კოსმა და დამიანეს ეკლესიაში გადააბრძანეს. 1641 წელს მეფე ალექსი მიხეილის ძის სურვილით ეს ხატი მოსკოვში გადაიტანეს და ტვერის კარიბჭესთან - მისი მიგებების ადგილას, ეკლესია ააშენეს. 1654 წელს აქ დედათა მონასტერი დაარსდა, რომელსაც ვნებისა ეწოდება. ვნებისა ამ ხატს ჰქვია იმიტომ, რომ ღვთიმსშობლის სახესთან გამოსახულ ორ ანგელოზს ხელთ უფლის ვნების იარაღები უპყრიათ. ხატის დღესასწაული აღესრულება აღდგომიდან მე-6 კვირას.

(ფოტოზე: http://www.orthodoxy.ge/khatebi/vnebis.htm)

ნანახია: (406)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას