logo.png

დიდიმარხვის მეხუთე კვირას წაკითხული სახარება - იესო ქრისტეს მესამედ უწყება სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: ალავერდის ოთხთავის ყდა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი)


მარკოზი 10, 32-45

,, ... და წამოიყვანა კვლავ თორმეტნი და დაუწყო მათ საუბარი იმაზე, რაც მას უნდა შემთხვეოდა: აჰა, ავდივართ იერუსალიმში და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და მიუსჯიან მას სიკვდილს და გადასცემენ მას წარმართებს; და დასცინებენ მას და გვემენ მას და აფურთხებენ მას და მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.”

მაცხოვარს ბევრჯერ შეუხსენებია მოწაფეთათვის თავისი ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მოციქულებს სიმხნევით გადაეტანათ ყოველგვარი განსაცდელი. უფალს შედგომილნი ჩვენც სიკვდილამდე უნდა ვატარებდეთ საკუთარ ჯვარს და ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში, მაცხოვრის ვნებათა ხსოვნით, მოთმინებით ვტვირთულობდეთ ყველა წუხილს. საკმარისია, გავიხსენოთ ჯვარცმული იესო ქრისტე, რომ მაშინვე ნუგეშს ვიგრძნობთ. მას ხომ ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე თავის მოსადრეკი ადგილიც კი არსად ჰქონდა, მას ხომ უკანასკნელი შესამოსელიც გახადეს და განძარცვეს, მას ხომ მწყურვალსა და ვნებულს ნაღველსა და ძმარს ასმევდნენ?! რისთვის და ვისთვის ითმენდა მაცხოვარი ამხელა ვნებას? იმისთვის, რომ მარადიულ სამყოფელში სიმშვიდე მიემადლებინა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც წუთისოფელში მორჩილებით აიტანს ყოველგვარ განსაცდელს.

გეთანხმებით, ძმანო, რომ ძალიან რთულია ცილისწამების ატანა, კეთილი სახელის დაუმსახურებლად შებღალვა, მაგრამ მიპასუხეთ, ვის დაუთმენია იმაზე დიდი შეურაცხყოფა ამქვეყნად, როგორიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაითმინა?! თითოეული ჩვენგანის უპატიო ყოფა მართლაც რომ ზღვაში წვეთია მის ვნებასთან შედარებით! მაცხოვრის ჯვარი ჩვენს მასწავლელად და ნუგეშინისმცემლად უნდა ვაქციოთ, რომელიც ყოველ წუთს გვიქადაგებს, დაგვამდაბლებს, გვანიგეშებს და წინ გაგვიძღვება ცათა სასუფეველში.

,, და მივიდნენ მასთან იაკობი და იოანე, ზებედეს ძეები, და უთხრეს მას: მოძღვარო, გვინდა, რომ რასაც გთხოვთ, გაგვიკეთო ჩვენ: ხოლო მან უთხრა მათ: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ თქვენ? და მათ უთხრეს მას: მოგვეცი ჩვენ, რომ ერთი შენ მარჯვნივ და ერთი შენ მარცხნივ დავსხდეთ შენს დიდებაში”.

ამ სიტყვების წარმოთქმისას იაკობსა და იოანეს მხოლოდ ის აინტერესებდათ, რომ მაცხოვრის გვერდით უპირველეს ადგილზე ყოფილიყვნენ, ამის გამგონე სხვა მოციქულები მძვინვარებდნენ მათზე, დავიწყებოდათ, რომ იაკობისა და იოანეს ეს სურვილი იმგვარი სნეულება იყო, რომლისგანაც თავის დაღწევა მხოლოდ სიყვარულსა და სიკეთეს თუ შეუძლია! ეს ეპიზოდი, ძმანო, ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ სახიფათოა პატივმოყვარეობა. მისით სნეულ ადამიანს სულიერი თვალისჩინი აქვს წართმეული, მის ყურადღებას ჭეშმარიტი სიკეთის ნაცვლად მოჩვენებითი სათნოებისკენ წარიტაცებს, რითაც მაცხოვრის მოწაფედ ყოფნის უფლებას ართმევს. ნურასდროს შეგშურდება იმ ადამიანებისა, ვინც ყოველივე ამით სარგებლობს, ნუ ჩაიდებ მათ მიმართ წყენას გულში, ნურც შეიძულებ ისეთებს, ვინც იღებს, ანდა სულაც შენ გართმევს ამგვარ უპირატესობას! მხოლოდ მარადიული ღირსების შესახებ იფიქრე და იმ უპირატესობაზე, რომ მთელი გულით გიყვარდეს სამყაროს შემოქმედი, მთელი შენი ძალებით აღასრულებდე მის მცნებებს.

,,ხოლო იესომ უთხრა მათ: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ, შესვათ სასმისი, რომელსაც მე ვსვამ, ან ნათელი მიიღოთ ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელს-ვიღებ?... ხოლო დაჯდომა ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ არ არის ჩემი მისაცემი, არამედ ვისთვისაც გამზადებულია”.

თითოეულ ჩვენგანს ჰქონია იმგვარი განწყობა, როცა ჩვენი ლოცვა-ვედრება წარუმატებლად ჩაგვითვლია. წმინდა ეკლესია დღიდან დაარსებიდან გვასწავლის, რომ მაცხოვარსა და ღვთისმშობელს მხოლოდ იმას ვთხოვდეთ, რაც უფლის ღვთაებრივ ნებას შეესატყვისება და არა იმას, რასაც ჩვენი ადამიანური ნება მოითხოვს. ლოცვა ღვთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა ჩვენი ვედრება ცხონების გზას წარუმართავს ჩვენსა და ჩვენი მოყვასის სულს, და არ მოემსახურება საკუთარი და მოყვასის სულის დაღუპვას, მტერიც რომ იყოს ჩვენი.

თუ საკუთარ სულზე ზრუნვას დავივიწყებთ და მხოლოდ სხეულს ვაამებთ, ამით ძალიან ვავნებთ თავს. ჩვენ ხომ უფლისგან მცნებად დაგვედო, მხოლოდ არსობის პურს ანუ საარსებო საჭიროებას ვითხოვდეთ. თუ იმით არ ვიქნებით კმაყოფილები, რასაც უფლის სიყვარული გვანიჭებს, მაშინ იმის თხოვნას დავიწყებთ, რაც სიმდიდრისადმი ჩვენს გაუმაძღარ მისწრაფებას დააკმაყოფილებდა! ჩვენ ხომ მცნებად მოგვეცა: იყავნ ნება შენი... რა მოხდება მაშინ, როცა ჩვენ ყველა იმის თხოვნას დავიწყებთ, რომ ყოველივე ჩვენი ნების თანახმად აღსრულდეს? მაშინ ხომ ღვთის ნების წინააღმდეგ მიმართული ჩვენი ლოცვა-ვედრება მისი რისხვის ღირსი გახდება და არა წყალობისა? ასეთ ლოცვას უცილობლად მოყვება მისი სიტყვები: წადით ჩემგან, არა გიცნობთ თქვენ!

,,ხოლო იესომ მოუხმო და უთხრა მათ: იცით, რომ ვინც მიაჩნიათ წარმართთა მთავრად, ბატონობს მათზე და მათი დიდებულები ხელმწიფობენ მათზე, ხოლო ასე ნუ იქნება თქვენ შორის, არამედ ვისაც უნდა დიდი იყოს თქვენ შორის, იყოს თქვენი მსახური... რადგან ძე კაცისა არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად”.

მართალთა ზეციური სავანის მკვიდრნი რომ გავხდეთ, საჭიროა ქვეყნიურ ცხოვრებაში სხვათა მსახურნი ვიყოთ, თავმდაბლობით, მორჩილებითა და ნების უარყოფით ვზიდავდეთ ღვთისგან ბოძებულ ჯვარს.

სულში მუდამ უნდა ვატარებდეთ სხვაზე მზურველობას. იმას კი არ უნდა ვცდილობდეთ, რომ სხვები გვაამებდნენ და გვემსახურებოდნენ, არამედ იმას, რომ მოყვასის გულწრფელი მსახურებითა და სიყვარულით უფლის მცნებას აღვასრულებდეთ! მორჩილების ამ ღვთისთვის სათნო გზაზე მოწყენის თავიდან ასარიდებლად მუდამ გვამხნევებდეს ჯვარცმული მაცხოვრის მაგალითი, გვახსოვდეს, რომ უფალმა ხორცი შეისხა არა მისდა მსახურებად, არამედ კაცობრიობის კეთილის საყოფელად და საცხონებლად. იგი თითოეული ჩვენგანის ხსნისთვის ევნო და ჯვარს ეცვა. ის იყო და არის ღმერთი, მაგრამ ადამიანებთან მონის სახით მოვიდა. მოვიდა არა დიდებითა და პატივით, არამედ როგორც უბრალო ადამიანი, რომელიც არ ითხოვდა მომსახურებოდნენ, როგორც მეფეებსა და დიდებულებს, იგი თავად ემსახურებოდა ყველას, ვინც კი მის შველას ითხოვდა.

ყოველი ქრისტიანი თავისი ცხოვრებით უნდა ცდილობდეს, რომ ყოველი მისი საქმე - აშკარაცა და დაფარულიც, ღვთის მცნებათა თანახმად აღესრულებოდეს, სათნო-ეყოფოდეს უფალს და ემსახურებოდეს მოყვასს. ნუ იფიქრებთ ძმანო, რომ ამით თქვენ ღირსებას დაკარგავთ. როგორც არ უნდა დაიმდაბლოთ თავი, მაინც ვერ შეძლებთ ისე დამდაბლებას, როგორც ჩვენი მხსნელი დამდაბლდა. სწორედ ამ დამდაბლებას მოყვა კაცობრიობის ამაღლება და მაცხოვრის დიდების განცხადება! ნუ შეგაშინებს პატივის დაკარგვა იმ მიზეზით, რომ მდაბლდები, რადგან თავმდაბლობა ის მეგზურია, რომელსაც მართალთა ზეციურ სავანეში მიყავხარ. აქამდე მისასვლელი გზა შენი მოყვასის გულისკენ მიმავალ გზაზე გადის, ანუ ზრუნვა მათ გადარჩენასა და ცხონებაზე საკუთარი თავის ხსნას ნიშნავს.

ჩვენ კი, საყვარელო ძმანო, კარგად დავუკვირდეთ საკუთარ თავს. ჩვენ არ ვცდილობთ სხვათა მსახურებას, პირიქით, ვინმემ დახმარება რომ ითხოვოს ჩვენგან, შეურაცხყოფად ვღებულობთ და ვმძივინვარდებით. და განა ასეთი მდგომარეობით შევძლებთ ღვთის გვერდით დგომას?! დღეს თითოეულ ჩვენგანს სხვაზე მმართველობა მიაჩნია ღირსებად, ყველას პირველობა გვსურს, ეს სხვა არაფერია, თუ არა თავის მოტყუება. რეალურად კი, როგორც მაცხოვარმა გვასწავლა, ,,ესე ნუ იქნება ჩვენ შორის, არამედ რომელსაც უნდა თქვენ შორის იყოს დიდ, იყოს თქვენი მსახური, და რომელსაც უნდა თქვენ შორის იყოს პირველი, იყოს თქვენდა მონა.” შეგვეწიოს უფალი, რათა შევძლოთ ამის შესრულება და დავსხდეთ მარჯვენით ღვთისა მარადიულად, ამინ!

წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

 

ნანახია: (92)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას