logo.png

წმიდა ეფრემ ასურის ლოცვის განმარტება

(II ნაწილი)

შეიძლება იყოს text გამოსახულება

(ფოტოზე: წმიდა ეფრემ ასური)
,,ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომადლე მე, მონასა შენსა”.

სული სიწმიდისა სიწმიდის მოყვარული სულია, სიწმიდე თავად უფალია, სული სიწმიდისა არის დამტევნელი უფლის მადლისა, ეს კი მაშინ შეუძლია ადამიანს, როდესაც დღენიადაგ იღწვის ღვთის მცნებების აღსასრულებლად, ლოცვით და მარხვით განსწმენდს საკუთარ თავს და ცხოვრობს სიწმიდით. სულის ასეთი განწყობა გამუდმებული ლოცვითა და ვედრებით მიიღწევა. ეს საწინააღმდეგო მდგომარეობაა უქმობისა.

მეორე სათნოება, რომელსაც ჩვენ ვთხოვთ უფალს ამ ლოცვაში, არის სიმდაბლე. სიმდაბლე უდიდესი სათნოებაა. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია სიმართლითა და სიწმიდით ცხოვრება. ამ სათნოებას ადამიანი მაშინ შეიძენს, როდესაც კარგად ხედავს თავის ცოდვებს, ნანობს მათ, სხვა ადამიანებზე უკეთურად მიიჩნევს საკუთარ თავს. ჩვენ ყველანი ყოველ წუთს ვცოდავთ ღვთის წინაშე - საქმით, სიტყვით, გულისთქმით, გონებით. ყოველთვის სიმდაბლითა და სინანულით უნდა ვთხოვდეთ უფალს შენდობას. მაცხოვარმა განკაცებით გვანახა, თუ რა არის სიმდაბლე და მოგვიწოდა: ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით! სიმდაბლე ამპარტავნების საწინააღმდეგო სათნოებაა. ამ სათნოებას გამუდმებით უნდა ვითხოვდეთ ღვთისგან.

შემდეგი სათნოება, რომელსაც ვითხოვთ ამ ლოცვაში, მოთმინებაა. მოთმინება მეტად საჭიროა ყველა კაცისათვის, ქვეყანაზე არ არის ადამიანი, რომელსაც არ შემთხვევია რაიმე გასაჭირი და უკმაყოფილება. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ თუ მოთმინება არა აქვს ადამიანს, ვერ გაუძლებს სოფელს. ყველანაირი საქმის დროსაა მოთმინება საჭირო, ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, სამსახურში, სახლში. თუ მოთმინება არა გაქვს, ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებს შენთან ახლოს ყოფნას. მაგრამ უმთავრესი მოთმინება ქრისტიანს უნდა ჰქონდეს რჯულის აღსრულებაში. თუ დიდი მოთმინება და სიმტკიცე არა აქვს ქრისტიანს, ვერ აღუდგება ცოდვასა და განსაცდელს, ვერ იქნება კეთილი მოწაფე ქრისტესი. როდესაც შენ, საყვარელო ძმაო, ჩავარდები განსაცდელში და გაგიჭირდება ცხოვრება, გაიხსენე უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი... რა არ მოითმინა მან ჩვენი გულისთვის? განკიცხვა, გინება, შეურაცხყოფა, დევნა, ტანჯვა, ჯვარცმა. თუ მაცხოვარმა ამდენი მოითმინა შენთვის, შენ მცირედი მაინც მოითმინე მისთვის. თითქმის ყველა ჭირისა და უბედურების მიზეზი შენგან მოდის, მაგრამ თუ მათ სულგრძელად მოითმენ, უფალი ისე მიიღებს, თითქოს მისთვის დაგითმენია. მოთმინება სიამაყის საწინააღმდეგო სათნოებაა.

დასასრულს, ვისაუბროთ საყვარელნო ძმანო, მეოთხე სათნოებაზე - სიყვარულზე. სიყვარულის სული ყველაზე უდიდესი, უმაღლესი და საჭირო სათნოებაა. ესაა შეყვარება ღვთისა და მოყვასისა. მთელი ჩვენი სარწმუნოება ამ სათნოებაზე არის აგებული: შეიყვარე უფალი ღმერთი ყოვლითა გულითა და სულითა შენითა და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. თუ არ გვაქვს გულში ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მაშინ არ ვყოფილვართ ქრისტიანი. თუნდაც ყველა სათნოება შეიძინო, ყველა მცნება აღასრულო, მაგრამ არ გქონდეს მოყვასისა და ღვთის სიყვარული, ქრისტიანი ვერ იქნები. რაში გამოიხატება ღვთის სიყვარული? როდესაც ჩვენ ვისმენთ ღვთის სიტყვას, რომელიც განგვიცხადა უფალმა საღვთო წერილში, რომელსაც ჩვენ გვასწავლის წმიდა ეკლესია და აღვასრულებთ მას, სწორედ ამ დროს ჩანს სიყვარული ღვთისა. რაც შეეხება მოყვასის სიყვარულს, ასეთი სწავლება მოგვცა უფალმა: როგორც გინდათ, რომ მოგეცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათ. რა საკვირველია, შენ გსურს, ყველა ადამიანმა შეგიყვაროს, პატივი გცეს, გაჭირვებისას განიგეშოს. შენც ისე მოექეცი ყველა შენ მოყვასს. ვევედროთ ღმერთს, რათა მოგვცეს ჩვენ სული სიყვარულისა და ერთობისა, ამინ.

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

ნანახია: (529)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას