logo.png

ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად (ქართულად) წოდებული

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

1612-1617 წლებში ირანის ძლევამოსილი ხელმწიფე, შაჰი-აბას I ოთხჯერ შემოესია კახეთის სამეფოს და თითქმის სრულიად ააოხრა. კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, ორასი ათასამდე კი ტყვედ იქნა წაყვანილი, რომელნიც ირანის შიდა პროვინციებში ჩაასახლეს. ამ შემოსევების დროს ეკლესია-მონასტრები შემუსრეს და მათში დაცული სიწმინდეები ზოგი გარყვნეს და ზოგიც - ირანს გაიტაცეს. მათ შორის იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიც. ღმრთის განგებულებით ეს ხატი შაჰის კარის მოხელემ ისპაჰანს მყოფ რუს ვაჭარს, სტეფანე ლაზარევს, მიჰყიდა. იმავე დროს, იაროსლავში დიდვაჭარს, გიორგი (გრიგორი) ლიტკინს, რომლის სავაჭრო საქმეებზეც იყო სტეფანე სპარსეთში წასული, ძილში ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე ჩამოვიდო-და მისი მნე (ეკონომოსი) ძვირფასი ხატით, რომელიც უნდა წარეგზავნა არხანგელსკის ეპარქიაში, 1603 წელს დაარსებულ ჩერნიგორის მამათა მონასტერში. შემდგომში მონასტერს სახელი შეუცვალეს და კრასნოგორის მონასტერი უწოდეს. ამ ხილვით განცვიფრებულმა გიორგიმ ხატის მოსალოდნელი ჩამობრძანების ამბავი პატრიარქს აუწყა. 1623 წ. სტეფანე ლაზარევი რუსეთში დაბრუნდა და ძვირფასი ხატი პატრონს მიართვა. როდესაც გიორგიმ ხატი ჩერნიგორის სავანეში დიდი პატივით გადააბრძანა, ხატმა მაშინვე მოახდინა დიდი სასწაული: ბრმა და ყრუ ბერს, პიტირიმს, რომელიც ხატის წინ ლოცულობდა, თვალები აუხილა და სმენა აღუდგინა. პირველ სასწაულს სხვა მრავალიც მოჰყვა და ხატმა მთელ რუსეთში გაითქვა სახელი.

ალექსი მიხეილის ძის მეფობის დროს (1645-1676 წწ) ხატს მოსალოცად დააბრძანებდენ რუსეთის სხვადასხვა მხარეში. 1654 წელს მოსკოვში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. კრასნოგორის მონასტრიდან ხატი მოსკოვში წააბრძანეს და ახლადაშენებულ სამების ტაძარში დააბრძანეს. ხატის წინ ჩატარებული სავედრებელი ლოცვის შემდეგ გაბრიელ ევდოკიმოვის შვილი, რომელიც შავი ჭირისაგან დასნებოვნებული სიკვდილს ებრძოდა, სრულიად განიკურნა.

ამ სასწაულებრივი განკუნების სამადლობელოდ კრემლის ხატმწერებმა გააკეთეს ზუსტი ასლი, რომელიც სამების ტაძარში დარჩა. ამ ასლიდანაც ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. მოსკოველ ვაჭარს სტეფანოვს, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დროს მხურვალედ ევედრებოდა ღმრთისმშობელს ოჯახის გადარჩენას, სამჯერ გამოეცხადა ძილში და უთხრა: „წადი და ილოცე ღმრთისმშობლის ქართულ ხატთან, რომელიც სამების ტაძარშია და დაცული იქნებითო“. ამით დაიმედებულმა ვაჭარმა, ოჯახი მოსკოვიდან აღარ გაიყვანა და მხურვალე ლოცვა დაიწყო ქართულ ხატთან. მართლაც, მისი ოჯახი გადარჩა.

ყაზანის ეპისკოპოსმა ლავრენტიმაც დააწერინა კრასნოგორსკის ქართული ხატის ასლი და მით ახლად დაარსებული რაიფის მამათა სავანე დალოცა. შემდგომმა სასწაულებმა უბიძგა ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკონს (შემდგომში რუსეთის პატრიარქს), გამოეკვლია ეს სასწაულები და 1658 წელს ხატის დღესასწაულად, მისი რუსეთში ჩაბრძანების დღე, 22 აგვისტო დაადგინა. ამ დროიდან ყოველ წელს ხატს დიდი პატივით მიაბრძანებდენ არხანგელსკში ხალხის საკურნებლად, შემდეგ კი კვლავ მონასტერში მიაბრძანებდენ. 1698 წ. ხატის სადღესასწაულო განგება შეადგინა მოსკოვის ტიპოგრაფიის ზედამხედველმა ფეოდორ პოლიკარპოვმა. 1904 წელს სამების ტაძარში დაბრძანებულ ხატს ცალკე სამყოფელი აუშენეს, რომელსაც აგრეთვე ქართული უწოდეს.

1812 წ. რუსეთიდან საფრანგეთის არმიის განდევნის საზეიმო მსვლელობაში ქართულ ხატთან ერთად მონაწილეობას იღებდა ღმრთისმშობლის სამი ხატი: „ივერიისა“; „ვლადიმირისა“ და „დაშრიტე მწუხარება ჩემი“.

ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში რუსეთში ქართული ხატის ოცამდე ასლი დაიწერა, რაც მისდამი დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზე მეტყველებს. საქართველოშიც დაიწერა ქართული ხატის რამდენიმე ასლი და იმედია კვლავაც მრავალი დაიწერება.

(წყარო: http://www.orthodoxy.ge/khatebi/qartuli.htm)

ნანახია: (241)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას