logo.png

103-ე ფსალმუნის განმარტება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება (მინიატურის ფრაგმენტი), "დავითნი" - დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)

103-ე ფსალმუნი

აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად.

დავით მეფსალმუნე მადლობს უფალს და ადიდებს მისი შემოქმედების მიუწვდომლობისათვის.

აღსარებაი და დიდად შვენიერებაი შთაიცუ. შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი.

იგი უფალს ნათლით მოსილს და მშვენიერს ხედავს, რადგან უხილავია მისი არსება.

გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.

როგორც ხატვის დროს მხატვარი გაშლის სახატავ ტილოს და არარსებული მარტივად გადმოაქვს თავის ქმნილებაში, ასევე ღმერთი - შემოქმედი ქმნის ცას, როგორც კარავს, საცხოვრებელს ანგელოზებისა და ადამიანებისთვის.

რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი. რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა.

უფალმა განსაზღვრა წყლის ადგილი ცაშიც, რომელიც ღრუბლის სახით, ჰაერთა მასების დინებით გადაადგილდება და მის განგებულებას ემორჩილება.

რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

უფალმა შექმნა ანგელოზები ფიზიკურ სხეულს მოკლებულ არსებებად, ღვთაებრივი ცეცხლის მსგავსად, ანუ სულებად და ზეცის სამკაულად დაადგინა ისინი.

რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თვისსა. არა შეიძრას იგი უკუნითი_უკუნისამდე.

უფალმა ქვეყნიერება თავის ძალმოსილებაზე დაამყარა და ასევე მისი ნებით წარიმართება სამარადჟამოდ ყველაფერი.

უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დასდგენ წყალნი.

დასაბამიდან დედამიწა წყლით იყო დაფარული. მთის მწვერვალებს ფარავდა უღმესი წყალი.

შერისხვითა შენითა ილტვოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.

წყალი ღვთის ბრძანებასა და მის განგებას დაემორჩილა, დაბლა დაიწია და მობიბინე ველს დაემსგავსა.

საზღვარი დასდევ, რომელსა არ გარდახდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქვეყანისა.

უფალმა წყალს ისეთი ზღუდე დაუდო, რომ მისი ნების გარეშე ვერ გადავა მასზე და ვერ წარღვნის ქვეყანას.

რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.

უფალმა წყალი ხევთა შორის წყაროებად აღმოადინა, ხოლო მთათა შორის - მდინარეებად, რათა ყოველმა ცხოველმა მოიკლას წყურვილი.

მათ ზედა ფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი. დაათრობს მთათა ზეკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქვეყანაი.

აქ დაბუდებულ ფრინველთა ყიჟინა აყრუებს გარემოს. უფალი მთებს უხვი წვიმით დაალბობს. მისი ნაღვაწით აღივსება ქვეყანა და მიწა განაძღობს ყოველ სულდგმულს.

რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყვთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქვეყანით. და ღვინო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

პირუტყვისთვის უფალმა ბალახი აღმოაცენა, კაცისთვის - არსობის პური - ხორბალი და ღვინო, ადამიანის გულს რომ ახალისებს.

განძღენ ხენი ველისანი და ნაძვნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.

ხისა და მცენარის ყველა სახეობა ღვთის მიერ შეიქმნა და მისი ძალმოსილებით აღმოცენდა.

მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთა შერაცხილ მათდა. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებლად ყურდღელთა.

უფალმა ხეებზე ფრინველთათვის ბუდობა განისაზღვრა.

ირმებს თავშესაფრად მთები მისცა, ხოლო კურდღლებს - ხვრელი კლდისა.

შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასვლისა თვისისა.

უფალმა განაწესა მზისა და მთვარის მონაცვლეობა და დრო განუსაზღვრა დღის და ღამის ცვალებადობას.

დასდევ ბნელი და იქნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი, ლეკვნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.

ღამით მრავალი მტაცებელი საზრდოობს, რომელიც ასევე ღვთის განგებით სულდგმულობს.

აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომას თვისსა მიმწუხრამდე. ვითარ განდიდნენ საქმენი შენი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.

ყოველივე, უფლისგან სიბრძნით შექმნილი და ღვთის განგებულებით განსაზღვრული, მის შემოქმედს ემორჩილება. ეს სამყაროს შემოქმედის უსაზღვრო ძალმოსილებაზე მეტყველებს.

აღივსო ქვეყანაი დაბადებულითა შენითა. ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქვეწარმავალნი, რომლისა არა არს რიცხვი, მხეცნი წულილნი დიდთა თანა; მას ზედა ნავნი ვლენან.

ზღვები, ოკეანეები და მათში მცურავი სხვადასხვა ზომის ურიცხვი სახის თევზი ღაღადებს უფლის დიდებულებაზე.

ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა. ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა; მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.

ვეშაპიც თავისი არსებით ღაღადებს შემოქმედზე; ყველა სულდგმულის დაპურება ღვთის განგებულებაზეა დამოკიდებული, რომელთაც სიყვარულით განაძღობს უფალი.

ხოლო გარე თუ მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღო სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.

თუ უფალი არ იზრუნებს მათზე, ყველაფერი დასრულდება, რადგან ყოველივე მისით საზრდოობს.

გამოავლინო სული შენი და დაჰბადე იგინი და განაახლო პირი ქვეყანისა. იყავნ დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.

დავით მეფსალმუნე კაცობრივი ბუნების განახლებაზე, სულიწმიდით ადამიანთა მოდგმის მეორედ შობაზე წინასწარმეტყველებს, რომლითაც ხარობს უფალი.

რომელი მოხედავს ქვეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.

მეფსალმუნე საყოველთაო სამსჯავროს გვახსენებს, რომლის დროსაც შეძრწუნდება მთელი კაცობრიობა, ღვთის განგების მოწინააღმდეგე კი წარწყმდება, თუნდაც თავისი ძალმოსილებით მთებზე დიდი ჩანდეს.

ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

მეფე დავითი აქებს ცხოვრების მომცემელ უფალს და გალობით ჰმადლობს სამარადჟამოდ ცოდვათაგან გამოხსნისათვის.

წმ. ათანასე ათონელისა და ექვთიმე ზიღაბენის მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

 

ნანახია: (76)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას