ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მურომის ხატი
წმიდა ხატი, რომელსაც მურომისა ეწოდება, კიევიდან მურომში წმინდა მთავარმა კონსტანტინე მურომელმა ჩამოიტანა. კონსტანტინე დიდხანს ცდილობდა წარმართების დარწმუნებას, რომ მათ ქრისტიანული რწმენა მიეღოთ. კერპთაყვანისმცემლების არა მარტო უარყოფდნენ ამას, არამედ შეთქმულება მოაწყვეს და მის მოკვლას შეეცადნენ. კეთილმორწმუნე მთავარმა ამის შესახებ შეიტყო, მხურვალედ ილოცა და ღვთისმშობლის ხატით ხელში წავიდა მათთან. წარმართებმა, რომლებიც რაღაც უხილავმა საშინელებამ მოიცვა, უცებ შეიცვალეს აზრი და თვითონვე ითხოვეს ნათლობა.
XIII საუკუნის ბოლოს მურომის ეპისკოპოსი წმინდა ვასილი იყო. ხალხმა, რომელიც ცილისმწამებლური ხმებით იყო დაბრმავებული, მის გარყვნილ ცხოვრებაზე მიიტანა ეჭვი და მისი მოკვლა გადაწყვიტა. მღვდელმთავარმა ვასილიმ ითხოვა, რომ დილამდე დაეცადათ. მთელი ღამის განმავლობაში, დღის 3 საათამდე იგი ტაძარში წმიდათა ტანჯვათა დამთმენელთა ბორისისა და გლების წინაშე ლოცულობდა. ლიტურგიის შემდეგ ხარების ტაძარში წავიდა და იქ ოდესღაც მთავარ კონსტანტინეს მიერ კიევიდან ჩამოტანილი ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულა. შემდეგ ამ ხატით ხელში, რომელზედაც ხსნის მთელ იმედს ამყარებდა, ეკლესიიდან მდინარე ოკაზე წავიდა, მანტია მოიხსნა, წყალზე დააფინა, თვითონ ზედ შედგადა ასე ხატთან ერთად ძლიერი ქარის ხელშეწყობით დინების საპირისპიროდ გასცურა. დილის ცხრა საათისთვის მან მიაღწია ძველ რიაზანს, ადგილს, სადაც მთავრები თეოდორე და კონსტანტინე ცხოვრობდნენ. ისინი სამღვდელოებასთან ერთად ჯვრებით ხელში მდინარის პირას გამოვიდნენ, რათა საოცარი სანახაობა ეხილათ და შეხვედროდნენ მას. ამ დროიდან მურომში საეპისკოპოსო კათედრა გაუქმდა და მის ნაცვლად ახალი - რიაზანში დაარსდა. აქვე დარჩა სასწაულთმოქმედი ხატი, რომელმაც კიდევ ერთი სახელწოდება - წმიდა ვასილის ვედრება მიიღო. სამი წლის შემდეგ წმიდა ვასილიმ საცხოვრებლად, როგორც მონღოლთათვის შედარებით მიუვალი ადგილი, ახალი რიაზანი აირჩია, აქვე 1291 წელს დაუდო საფუძველი ახალ კათედრას და მურომის ხატიც გადმოაბრძანა.
1810 წლის 12 აპრილს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით და მურომის მოსახლეობის თხოვნით ამ ხატის დღესასწაული დადგინდა.
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.
ნანახია: (278)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას