logo.png

წმიდა ეფრემ ასურის ლოცვის განმარტება

(I ნაწილი)

შეიძლება იყოს text გამოსახულება

(ფოტოზე: წმიდა ეფრემ ასურის ფრესკა)


დიდი მარხვის განმავლობაში იკითხება წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა. ეს მოკლე, მაგრამ მეტად მნიშვნელვანი ლოცვაა ყველა ქრისტიანისთვის. ვინც კარგად გაიგებს ამ ლოცვის არსს, შეითვისებს და შემდეგ თავის ცხოვრებაში განახორციელებს, დიდ სულიერ სარგებელს მიიღებს. ლოცვა ასე იწყება:

,, უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო”

პირველი სიტყვებიდანვე წმიდა მამა მისი ცხოვრების მეუფედ უფალს ასახელებს, რითაც აცხადებს, რომ ყოვლისმყრობელი ღვთის მორჩილია. მისი ცხოვრების წარმმართველად მხოლოდ ღვთის მცნებებს მიიჩნევს. იგი სთხოვს უფალს, იმის დაძლევაში შეეწიოს, რაც დამარკოლებელია ამ მცნებათა აღსასრულებლად.

,,სულსა უქმობისასა ნუ მიმცემ მე”

სული უქმობისა ის არის, როდესაც ადამიანს არ უყვარს შრომა და უსაქმურობაში ატარებს დროს. ამგვარი სული აქვს ზარმაც და მცონარე ადამიანს. დროის ცუდად ფლანგვა მძიმე და საშინელი ცოდვაა, რადგან უსაქმური ადამიანი ადვილად ვარდება ყველანაირ ცოდვაში. როგორც გამოცდილი, ღვაწლმოსილი ადამიანები ამბობენ, უქმობა დედაა ყველანაირი ცოდვისა. ის ადამიანი, რომელიც მოუცლელად შრომობს, მუშაობს, მსახურობს ყოველდღიურად, ვერ მოიფიქრებს ცუდ საქმეს და ვერც აღასრულებს, რადგან ამისთვის დროს არ გაფლანგავს და სულსაც არ წარიწყმედს. უქმი, უსაქმური ადამიანი ადვილად ვარდება ცოდვაში, ადვილად აცდუნებს მას სულიერი მტერი და ადვილად უჩნდება გულში ცოდვისმიერი აზრები, ადვილად ვარდება ცოდვაში, რაც მას უფალისაგან განაშორებს. სწორედ ამისგან დაცვას ითხოვს წმიდა ეფრემ ასური. მეორე ცოდვა რომელიც მოიხსენიება პირველ მუხლში არის ,, მიმოწვლილველობა”. ეს სიტყვა ნიშნავს კარდაკარ სიარულს, ხეტიალს, ამაო ყოფით გატაცებას, როდესაც გაურბიხარ უფალთან ურთიერთობას, ეპოტინები წარმავალ ცხოვრებას და არსებითად არაფერს აკეთებ. ადამიანი, ეშმაკის მანქანებით, ამ ცოდვაში ხშირად ვარდება, რაც შემდეგ იწვევს მწუხარების შემოსვლას, ვერ ჩერდება ლოცვაზე, ვერ ინახავს მარხვას, ვერ ხედავს ეკლესიაში სიარულის აზრს, ეწყება დრტვინვა ღმერთზე, ეკარგება სასოება, იწყებს მიმოწვლილვას - ეჭვის თვალით დაწვრილებით ძიებას უფლის მოქმედებასა და მის შემწეობაზე, მცირედმორწმუნეობის გამო ეწყება გულის აცრუება და სულიერად ტყდება. ასეთი ცუდი და მავნებელი ცოდვაა მიმომწვლილველობა და მწუხარება. თუკი ის შემოვა შენს გულში, მაშინვე განაგდე ამ ლოცვით. ქრისტიანი ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე და ღმერთის მსასოებელი.

,,მთავრობის მოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე” ძალაუფლების სიყვარული, ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თვლის, რომ ესა თუ ის ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს, საკუთარი თავს სხვაზე მაღლა აყენებს, ეს ამპარტავანი ადამიანის მდგომარეოობაა, ასეთი ადამიანები არც ღვთის მცნებებს ითვალისწინებენ, უმეტესად, საკუთარი შეხედულებით იღებენ გადაწყვეტილებებს და სხვებსაც აიძულებენ მათი შეხედულება მიიღონ. რის გამოც ღვთის სიყვარულს, სიმდაბლესა და მორჩილებას კარგავენ. კარგავენ ცხონების შესაძლებლობასაც. ,,ცუდად მეტყველება” არის ყველანაირი უქმი, უსარგებლო, ბილწი სიტყვა, რომელსაც ადამიანი იტყვის. ღმერთმა ენა და მეტყველება იმისთვის მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ, ვილოცოთ მისი მეშვეობით. დავლოცოთ, დავარიგოთ ადამიანი. ამის მაგივრად, ჩვენ ხშირად მეტყველებას ვიყენებთ ცოდვისათვის: ვიგინებით, ვცრუობთ, ცილს ვწამებთ. სიტყვა ან აცხონებს ადამიანს, ან წარწყმედს. ვთხოვოთ ღმერთს, რათა შეგვეწიოს და განაშოროს ჩვენგან სული უქმობისა, მოწყინებისა, მთავრობის მოყვარებისა და ცუდადმეტყველებისა, ამინ.

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის(ქიქოძე) მიხედვით მოამზადა 

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

 

ნანახია: (276)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას