logo.png

სამშობლო და ახალგაზრდები

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, შრომისუნარიანი თაობა ტოვებს საქართველოს და გარბის ქვეყნიდან, რაც ვფიქრობ, რომ უდიდესი შეცდომაა. განსაკუთრებით განსაცდელის და გაჭირვების ჟამს არ უნდა ტოვებდნენ ახალგაზრდები სამშობლოს. ყველამ საკუთარი კეთილდღეობის ძიებისთვის თუ დატოვა ეს ქვეყანა და სხვას დაუთმო უბრძოლველად, რა სიკეთეს მიიღებენ ღვთისგან?! ამ ხნის განმავლობაში სისხლით მოტანილი ეს ქვეყანა თუ ასე მარტივად დათმე, რას ეტყვით შთამომავლობას ან წინაპრებს როცა იქნება, მათ წინაშე რომ წარდგები? სამარადჟამოდ მხოლოდ ის მიიღებს ღვთისგან სიკეთეს, ვინც თავისი ქვეყნისთვის იბრძოლებს, მის ტკივილსა და წარმატებას გაიზიარებს.

დღევანდელი ტექნოლოგიებით ძალიან ბევრი ადამიანი ონლაინრეჟიმით საერთოდ სხვა ქვეყნებში მუშაობს, სულ არ სჭირდება ქვეყნიდან გასვლა და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც აქვთ. სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდინ საქართველოში და აქედან მუშაობენ ასეთი საშუალებებით განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენი ახალგაზრდები რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან, რატომ უთმობენ სხვას ასე მარტივად საქართველოს, იქნებ სამშობლოს სიყვარულსა და მის სამსახურში დგომას აღარ ასწავლიან, იქნებ წარმატებულ ადამიანად იმას სახავენ, ვინც უცხო ქვეყანაში ცდილობს საკუარი თავის დამკვიდრებას? იქნებ შრომისმოყვარეობა სათაკილო გახდა? იქნებ თავისუფლების, ეროვნულობის და დამოუკიდებელობის სულს მონობის სულზე გვაცვლევინებენ.

აბა, შეხედეთ როგორ იბრძვიან თითოეული გოჯი მიწისთვის ევროპაში უკრაინელები, ახლო აღმოსავლეთში – ებრაელები ან პალესტინელები. ჩვენ კი უბრძოლველად ვკარგავთ ქვეყანას... წმინდა ილია მართალი ასე მოგვიწოდებს: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ ქართულ ენაში სამშობლოდ იწოდება საკუთარი ქვეყანა, რომელიც მშობლებთან ასოცირდება და ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს. ე. ი. სამშობლო მშობლებივით უნდა გიყვარდეს, მისთვის ყველაფერს უნდა აკეთებდე, თავგანწირვამდე უნდა იხარჯებოდე.

უფალი მშობელთადმი განსაკუთრებულ პატივისცემას და სიყვარულს მოითხოვს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. თუ მშობლებს და სამშობლოს პატივს არ სცემ, მაშინ არც უზენაესს სცემ პატივს, რომელიც ამ მცნების დაცვით დღეგძელობას და კეთილდღეობას აღგითქვამს როგორც შენ, ისე შენს ქვეყანას. აბა, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს წინაპრებს დაეტოვებინათ თავისი ქვეყანა და არ ებრძოლათ, იქნებოდა დღეს საქართველო და იქნებოდნენ ქართველები? უამრავი განსაცდელი გადაუტანია საქართველოს, მაგრამ არასდროს ტოვებდა სამშობლოს ქართველი არაფრის ფასად. ხოცავდნენ, ყიდდნენ, ასახლებდნენ, ცდილობდნენ, სხვა ერებთან ასიმილაციით გაექროთ ერი, მაგრამ ჩვენი წინაპრები ბოლომდე იბრძოდნენ თავისი ქვეყანისა და ერის შესანარჩუნებლად. ყველა პერიოდში იბრძოდა ქართველი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის, როგორც მომხდურ მტრის, ასევე უკვე დამპყობელი ქვეყნის მიერ დადგენილი მმართველების წინააღმდეგ, იბრძოდნენ ბეგების, იმამების, ხანების, მეფისნაცვლების, საბჭოთა უშიშროების წინააღმდეგ. ვერაფერი აჩერებდა სულით მებრძოლ ქართველ კაცს. ადრინდელი აღზრდით თითო ქართველი კაცი თითო ჯარისკაცი იყო სამშობლოსათვის, რომელისთვისაც უმთავრესი იყო ქრისტეს სამკვიდრებელი უფლის ქვეყანა და ერი გაძლიერებინა. „იცოდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის“ – ასე მოძღვრავდნენ ეკლესიის მამები მრევლს. იცოდნენ, რომ ყოველი მათი ნაბიჯი და განზრახვა ღვთის წინაშე იდგმებოდა და იწონებოდა, იცოდნენ, რომ ღვთის წინაშე მოქმედებდნენ და პასუხსაც ღვთისგან ელოდნენ, აქაც და მარადიულადაც. ადამიანები გადიოდნენ ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ ესწავლათ, მაგრამ აუცილებლად ბრუნდებოდნენ და თავის ცოდნას, ნიჭს და გამოცდიელბას საკუთარ ქვეყანას ახმარდნენ, რადგან კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული: რომელ ქვეყანაშიც შემოჰყავს უფალს ერთი კონკრეტული ადამიანი, იმ ქვეყნის გაძლიერებისთვის არის იმ ადამიანის ნიჭი საჭირო, იმ ქვეყანას უნდა მოახმაროს უფლისგან მოცემული ტალანტი და შეძენილი ცოდნა. ასეთია უფლის ნება და განგება.

როდესაც მიდიხარ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ყველანაირად განვითარებულია და ცდილობ იქ დამკვიდრებას, მაშინ მხოლოდ შენი თავის კომფორტზე ზრუნავ, ეს ნიჭის გაბნევაა. სხვა ქვეყნის კეთილდღეობა შეიძლება ძალიან მოგწონს, მაგრამ ის სხვა ხალხის ძლიერებაა. შენ შენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის უნდა იბრძოლო, შენი უნდა ააშენო და მოაწყო, მაშინ გაქვს ჭეშმარიტი კმაყოფილებისა და მადლიერების განცდა, როცა შენი ქვეყანა გააძლიერე, ააშენე და მოაწყე, შენი ქვეყნის კეთილი მომავლისთვის იზრუნე. ამ შემთხვევაში შენც ერთი მებრძოლი ხარ შენი ქვეყნისა, შენი ერისა, შენც შენი წინაპრების მსგავსად აგრძელებ ესტაფეტას, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან მიმდინარეობს, შენც ქვეყნის სიცოცხლის, ცხოვრების, სხეულის ნაწილი ხდები და სამომავლოდ ფესვიც შენი შთამომავლებისთვის ამ უწყვეტ ჯაჭვში.

საოცარი განცდაა, როდესაც ხედავ, შენი ბრძოლისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგით როგორ იღებს უამრავ სიკეთეს და სიხარულს შენივე ახლობელი, ბავშვობის მეგობარი და ნათესავი, და საერთოდაც, უცნობი ადამიანი, მაგრამ შენი ქვეყნის მოქალაქე. ამ გამარჯვებისა და წარმატების განცდა უფლის წინაშე ენით აღუწერელია. სწორედ ეს არის ღირსეული ცხოვრება, სხვა შემთხვევაში ამ ყველაფერს აკლდება ადამიანი, იმ ღირსებას, რომელსაც სამშობლოს და მოყვასისითვის თავდადება ჰქვია. როგორც გვეუბნება უფალი: იესო ქრისტე „უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე 15,13). როცა ამ მადლსა და განცდას აკლდები, ბოლოს შეიძლება მიხვდე, რომ სხვა ქვაყანაში კომფორტულად მცხოვრები, ერთი უთვისტომო კაცი ხარ შენი ერისგან მოწყვეტილი, მისთვის დაკარგული, რომელმაც სამშობლოს სიყვარული, ყველა ღირებულება გაცვალე საკუთარი თავის კეთილდღეობაზე და აღარაფერი გრჩება ხელთ. ხოლო ის, ვინც თავისი ქვეყნისთვის იბრძვის, შეიძლება შედარებით შეჭირვებით, მაგრამ თავისი ქვეყნის და ხალხის სიყვარულით იკვებება, ასეთ ადამიანებს უფალი აქაც დააპურებს და მარადიულადაც, სწორედ ასეთი ადამიანი არის გამარჯვებული და წარმატებული, სწორედ ასეთი ადამიანების სახელი რჩება საუკუნეების მანძილზე, მისი თავდადება და ბრძოლის უნარი თაობების ასაზრდოებს. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ, ასეთი რწმენისა და სულისკვეთების ადამიანებმა მოიტანეს უფლის მადლით ეს ქვეყანა. სწორედ სამშობლოს ამგვარი აღქმისა და ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს უფალი ჩვენ იესო ქრისტე, რომელსაც შვენის დიდება პატივი და თაყვანისცემა, ამინ!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (61)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას