(ფოტოზე: ნათლისღება, სვანეთის ტაძრის ფრესკული გამოსახულება)
„მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5).
ქრისტეს განკაცება კაცობრიობისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინება, თავდადება, ქრისტეში ახალი ადამიანის დაბადება, ცოდვის შედეგეისგან განთავისუფლებაა, რომლის გამოც თავად ქრისტეს სისხლის დაღვრა გახდა საჭირო, რათა ადამიანისთვის მარადიული, სამოთხისეული ცხოვრება დაებრუნებინა. თუმცა დღეს ადამიანი არაფრად მიიჩნევს ამ სიკეთეს, ვერ აფასებს ღვთის წყალობას, რომელიც გვათავისუფლებს ცოდვის შედეგის, ბოროტების, სიძულვილის, კაცისკვლის, სიკვდილის, სიკვდილისგან გამოწვეული შიშის, შურის, პარვის, ჩაგვრის, უსიყვარულობის, მრუშობის, ყველანაირი ვნებისა და მანკიერებისგან, არამარტო ხორციელ ცხოვრებაში, არამედ აზროვნებასა და ზრახვაშიც.
რამხელა ტვირთის მოხსნაა ადამიანისთვის ცოდვის შედეგისგან სრული თავისუფლება, რამხელა მადლია მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულის განცდაში – ღვთის წიაღში ცხოვრება! ასეთი სიკეთის შემდეგ უფლისადმი მადლიერების ნაცვლად თავს ესხმიან უზენაესს თავად ქრისტიანები და ეკლესიას სხვა კონფესიების მიმართ დამაკნინებელ და შეურაცმყოფელ მოქმედებად უთვლიან სწავლებას, რომ თუ არ დაიბადება ქრისტეს მადლით, წყლითა და სულიწმიდით ეკლესიის წიაღში, ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა ცხონებისა.
„მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ“ (იოანე 3, 3.) ნათლობის მეშვეობით ხდება ადამიანის მეორედ შობა, სულიწმიდის მადლით ამ დროს ადამიანში სულიწმიდა ღმერთის მიერ ღვთის ხატების აღდგენა ხდება და სულის ისეთ მდგომარეობაში აყვანა, როგორიც მაცხოვარს ჰქონდა აღდგომის შემდეგ, რომელიც ქრისტეში ადამიანის ბუნებამ მიიღო.
ღვთის ხატების აღდგენა უნართა აღდგენას, უფლის დამტევნელობის შესაძლებლობას ნიშნავს, სწორედ ეს არის ის დიდი წყალობა, ქრისტეს განკაცებამ რომ მოიტანა. თუ ადამიანი არ იღებს ხატების აღბეჭვდას (ნათლობას), რომელიც ღვთის განკაცებით დაუბრუნდა მას, მაშინ უფალთან არსებითი შეხება და მისი მადლის მიღება არ შეუძლია, რაც არის ადამის დაცემული მდგომარეობა. ამიტომ ეს შეურაცხყოფა კი არა, გამოფხიზლებაა და ადამიანთა გადარჩენისთვის ბროძოლა, რადგან სწორედ ქრისტეა ცხონება.
ვინც ქრისტიანს უხმობს თავს, მან უნდა იცოდეს, რომ ქრისტიანობა განცხადებითი რელიგიაა, ის ადამიანის გონების ნაღვაწი კი არა, თავად ღმერთის განკაცებით მოტანილი ცხოვრება და სწავლებაა. თუ ამის რწმენა აქვს ადამიანს, მაშინ წმინდა წერილი უნდა მიიღოს სრულ ჭეშმარიტებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ღმერთს ეწინააღმდეგება, როგორც ერთ დროს ადამი. ქრისიტანობა ღმერთის მიერ ნაქადაგებია, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს. „ის ზუსტად ისე უნდა იქნას გაგებული, როგორც ის არის ნათქვამი და დაწერილი“.
„მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5) – აი, ეს არის ჭეშმარიტება. თავად უფალი გვეუბნება, რომ ვერვინ ვერ შევა ცათა სასუფეველში ნათლისღების გარეშე, ვერვინ აუვლის გვერდს მას, რადაგან თავად არის კარი ცხოვრებისა. თუკი ეს შესაძლებელი იყო, მაშინ რატომ მკვიდრდებოდნენ მართალთა სულები, მამამთავრები აბრაამის წიაღში, ჯოჯოხეთში, რატომ ამბობს დავით მეფსალმუნე: „ჯოჯოხეთს მიეახლა სული ჩემი“, თუკი მათთვის შესაძლებელი იყო სამოთხეში დაბრუნება ქრისტეს განკაცების გარეშე, რისი რწმენა და მოლოდინიც იყო მათი სასოება და საზრდო მათი სულებისთვის, რომლის გამოც არ განიცდიდენ ტანჯვას აბრაამის წიაღში?! მაშინ დღეს როგორ შეიძლება, ვინმე ნათლობის გარეშე ცხონდეს? ეს მხოლოდ ეშმაკის ცდუნებაა ადამიანთა სულების წარსაწყმედად.
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ადამიანს შეუძლია ზიარება უფალთან, რომელიც არსებითი შეხებაა ღმერთთან. „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (იოანე 6, 53-54).
ყველა ნათელღებულს შეუძლია სრულყოს თავისი თავი ეკლესიის წიაღში, მიემსგავსოს ქრისტე ღმერთს. წმინდა მამები ადამიანზე ამბობენ, რომ ის ქმნილი ღმერთია. ამიტომ ადამიანს შეუძლია განიღმრთოს. განღმრთობა კი აქ იწყება, დედამიწაზე და მარადიულად გრძელდება, თუ ადამიანი თავად არ იტყვის უარს უფალთან ურთიერთობაზე, ცხონებაზე და არ დაასრულებს მას, როგორც ეს ადამის შემთხვევაში მოხდა. ეს იყო კიდეც უფალთან კავშირის გაწყვეტა, ურწმუნოება, დასჯა ადამიანისა: „რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდშობილისა“ (იოანე 3, 17-18).
ურწმუნო, მოუნათლავი ადამიანი აწვე დასჯილია, რადგან ძველი ადამიანის, ადამის, დაცემის შედეგში რჩება, მასში ბუნების განახლება (ქრისტემ რომ მოუტანა კაცობრიობას) არ აღსრულებულა, ამიტომ უარს ამბობს ცხონებაზე საკუთარივე ნებით. უფალი დღემდე იბრძვის ყველა ჩვენგანის გადასარჩენად, ეს არის ეკლესიის მისია, რომელსაც ბოლომდე შეასრულებს, იქადაგებს და მოუწოდებს ცხონებისაკენ ადამიანებს. ჩვენ კი ვადიდოთ უფალი და ვმადლობდეთ მას ამ წყალობისათვის, ცხონებისათვის, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (277)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას