logo.png

„ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“(მათ. 11,29)

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: მაცხოვრის საუბარი სამარიტელთან, ჯრუჭის სახარების მინიატურა - დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)


სრულყოფა ადამიანისა ეს არის ღვთის მიერ ადამიანის მოწოდება, რომ სრულყოს საკუთარი თავი უფალთან ურთიერთობის გამოცდილებით. მხოლოდ გამოცდილების მეშვეობით შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა ამას... თუკი ვამბობთ, რომ „ღმერთი სიყვარული არს“, მაშინ მისი დატევნა, მისი აღქმა, მისი შემეცნება მხოლოდ სიყვარულით შეგვიძლია, სხვაგვარად ამას ვერ მივაღწევთ. სიყვარული ადამიანში სულ უნდა იზრდებოდეს, ყოველდღიურად აღემატებოდეს გუშინდელს. ამის შემდგომ შეუძლია ადამიანს უფლის განჭვრეტა, სრულყოფილი სიყვარულის მიღწევა, რომელზეც აგებულია ქრისტიანობა და, თავისთავად, მოყვასის სიყვარული. სწორედ ცალკეულ ადამიანთან ურთიერთობაში ვლინდება, რამდენად ამაღლებულია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რამდენად სწორად ვვითარდებით.

უფალი ამბობს, ისწავლეთ ჩემგან, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. ამ სიტყვებში საკუთარი თავის სრულყოფა იგულისხმება. სიმშვიდის მიღწევა მდაბალი გულის მეშვეობით ხდება. როდესაც ადამიანი ტოვებს ამპარტავნებას, გარკვეულ მიწიერ ყოფაზე კი აღარ აკეთებს აქცენტს, არამედ მარადიულზე და აქედან გამომდინარე უყურებს ყოველივე მიწიერს... როგორც თავად უფალმა გვითხრა, მთავარია, ვეძიებდეთ ცათა სასუფეველს და მერე ყოველივე მოგვეცემა. სწორედ აქედან იწყება ადამიანის სწორად განვითარება, ფერისცვალება. იცვლება გარემო ადამიანის გარშემო, რადგან სწორი ქრისტიანული შემეცნებით ცხოვრება საზოგადოებას აჯანსაღებს და რაც უფრო დიდი იქნება ასეთი მრწამსით მცხოვრებთა რიცხვი, თავისთავად, გარემოც სულ სხვანაირი გახდება. სამწუხაროდ, დღეს ადამიანების ცხოვრების წესი სულ სხვანაირია. ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მოქალაქენი, გვაქვს მრავალსაუკუნივანი ქრისტიანული კულტურა, მსოფლმხედველობა, ტრადიცია, მაგრამ, არსებითად, ქრისტიანული ცხოვრებით არ ვცხოვრობთ, ქრისტიანული სიმშვიდე და სიმდაბლე დღეს სრულიად დაგვკარგავს და, აქედან გამომდინარე, არა გვაქვს ის სიყვარულიც, რომელსაც ქრისტე ასწავლის. მართალია, ჩვენში შემორჩენილია ტრადიციით მოღწეული ქრისტიანული საფუძვლები, სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა, ნათესაური კავშირი, მეზობლობა, ის, რაც ქრისტიანული ღირებულებიდან მომდინარეობს, მაგრამ ესეც გარკვეულწილად იკარგება და ქრება იქედან გამომდინარე, რომ არა ვართ დაწაფულნი ქრისტეს სწავლებას. უნდა ვფლობდეთ არამარტო თეორიულ ცოდნას, რაც თავისთავად აუცილებელია, ქრისტეს სწავლება, უპირველესად, მისი ყოველდღიური განხორციელებით, გამოცდილებით უნდა შევიძინოთ. ჩვენ კი ამ დროს არ მივდივართ ეკლესიასთან ახლოს, და აქედან გამომდინარე, არ ვცხოვრობთ ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი. შეიძლება მცირე ნაწილი ცხოვრობს კიდეც ეკლესიურად, დადის ტაძარში, ცდილობს სრულყოს საკუთარი თავი, მაგრამ უმრავლესობა არ არის ასეთ დამოკიდებულებაში სამყაროს შემოქმედთან, რაც პირდაპირ აისახება ქართველი ერის საერთო სურათზე – კრიზისულ სულიერ მდგომარეობაზე.

აბა გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დამოკიდებულებას ადამიანთა შორის, ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებს, შეხედულებებს, მისწრაფებებს, დაპირისპირებებს, გულღვარძლიან სურვილებს... ფაქტობრივად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქრისტიანობასთან საერთო აღარაფერი გვაქვს. არადა, ქართველი ერი, დღიდან ქრისტიანობის მიღებისა, მიემართა ღვთის სამსახურისკენ, მიზნად დაისახა, ბოლომდე ებრძოლა ამ მრწამსის შესანარჩუნებლად, რაც უწყვეტად გასდევს ჩვენს ისტორიას. პირველი საუკუნეებიდანვე გაიაზრა ქართველმა, რომ მთავარი მარადიული ცხოვრებაა, რომ ის პასუხისმგებელია საკუთარი სულის ცხონებაზე: თუკი არ იცხოვრებ ქრისტეს სწავლებით, თუკი არ მოემზადები მარადიული ყოფისთვის აქვე, დედამიწაზე, ეკლესიის წიღში, ვერ მიიღებ ცათა სასუფეველს.

ვინც ხვდება ამას და ირჩევს ქრიატიანულ გზას, მას ისიც ესმის, რომ არამარტო თავისი ცხონებისთვის უნდა იბრძოლოს, არამედ სხვისთვისაც. ამის შემდეგ მისი ყოველი ცხოვრებისეული ნაბიჯი აბსოლუტურად სხვანაირია, იბრძვის ხილულად თუ უხილავად, ყველა შესაძლებლობით, რომ თვითონაც ცხონდეს და სხვაც აცხონოს. ყოველ ნაბიჯზე, ნებისმიერ მოქმედებას აკონტროლებს და საზღვრავს, ამა თუ იმ ადამიანს ხომ არ დააბრკოლებს, ხელს ხომ არ შეუშლის ცხონების გზაზე. ცდილობს, საკუთარი ცხოვრების მაგალითით ყველა შემოაბრუნოს და ეკლესიისკენ წამოიყვანოს.

მცირერიცხოვანი ქართველი ერის ცხოვრება, თუნდაც გადახდილი ომები თუ ბრძოლები, ყოველთვის მიზანმიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველო გადარჩენილიყო, როგორც ქრისტიანული მრწმასის მატარებელ ღვთის შვილთა ქვეყანა, სადაც ეკლესიის მოქმედებით ადამიანთათვის შესაძლებელი იქნებოდა ცხონება, რის გამოც ის შეინარჩუნა და ამ დრომდე მოიყვანა უფალმა. ხალხის შეგნება მძაფრი და მყარი იყო, ყველამ იცოდა, რომ თუკი ბრძოლა არ მოხდებოდა ბოლომდე, ვერც თვითონ ცხონდებოდნენ და ვერც მათი შთამომავლობა მიიღებდა ამის შესაძლებლობას მომავალში. ცხონებისთვის ბრძოლა ქართველთა უმეტესობისთვის უფლის ერთგულებასთან აღიქმებოდა. სწორედ ცხონებისათვის ბრძოლამ ჩამოაყალიბა ქართული ქრისტიანული კულტურა, რომელიც, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღესაც კი განსხვავებულია სხვა კულტურათა და მსოფლმხედველობათაგან. ამ ყოველივემ ჩვენამდე ერთეული ადამიანების მოქმედებით ხომ არ მოაღწია, ასე ქართველთა დიდი უმრავლესობა ფიქრობდა და ცხორობდა! გავიხსენოთ წმინდა დავით აღმაშენებლის ეპოქა. მისი ისტორიკოსის გადმოცემით, ჯერ კიდევ სრულიად ყრმა მეფეს ისეთი ტალანტები ჰქონდა ღვთისაგან მინიჭებული, რაც ნებისმიერ ადამიანს არ ეძლევა, მაგრამ თუნდაც ასეთი ადამიანი ყოფილიყო ქვეყნის მართვის სადავეებთან, თუკი მისი გარემოცვა, ხალხი არ იქნებოდა იმავე შემართების, ისეთივე სულიერების, იმავე მონდომების, რომ მიწასთან გასწორებული ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო და მერე განვითარებულიყო, მაშინ ვერაფერს განახორციელებდა დავით აღმაშენებელი.

ცნობილია, რომ ბრძოლის დროს წმიდა გიორგიც ეხმარებოდა დავით აღმაშენებელს და მის ჯარს, ამას არაქართული ცნობებიც ადასტურებს. მაგრამ წმინდანთა მეოხებაც არაფრისმომტანი იქნებოდა, თავად უფალიც ვერაფერს გახდებოდა, თუკი ადამიანთა დიდ უმრავლესობას არა ექნებოდა გათავისებული ის რეალობა, რომ მათი თავდადება გარკვეული შედეგის მომტანი იქნებოდა და ეს შედეგი იქნებოდა ღვთისთვის სათნო. ამგვარი შემართების, რწმენის მეშვეობით მოხდა იმ პერიოდის ქართველთა მიერ, დავითის ხელმძღვანელობით, უფალთან უშუალო, ცოცხალი ურთიერთობით ქვეყნის ქრისტეს წიაღში შენარჩუნება და მისი საზღვრების გაზრდა, სახელმწიფოს გაძლიერება – ეს იყო ქართველთა უმრავლესობის მთელი შეგნებით განსაზღვრული მომავალი.

ბოლო ორსაუკუნენახევარია, კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ ბრძოლაში არ გვაქვს გათავისებული ჩვენი ქვეყნის რეალური მოწოდება და მისია. ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენს ნებისმიერ მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს დადებითი ან ძალიან უარყოფითი შედეგები. იმიტომ ვამბობთ, რომ ქრისტესმიერი სიმშვიდე და სიმდაბლე არის არსებითი ჩვენთვის. ეს სიმშვიდე და ეს სიმდაბლე აკლია დღევანდელ ქართულ საზოგადოებას. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა თავისი სათქმელი თქვეს, თავისი ცხოვრება სწორი ნაბიჯებით განვლეს, რამაც აქამდე მოიყვა ეს ქვეყანა. ახლა ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ვწყვეტთ, როგორც ვიცხოვრებთ ამის შემდგომ, ისე გააგრძელებს ეს ქვეყანა არსებობას, ისე გააგრძელებს შთამომავლობა ცხოვრებას. კარგად უნდა გააანალიზდეს, თუ რას დავუტოვებთ ჩვენს შთამომავლობას.

თუ სერიოზულად მოვეკიდეთბით ამ საკითხს, შედეგსაც სერიოზულს მივიღებთ, თუ არასერიოზულად – შესაბამის ნაყოფს მოვიმკით და ძალიან მძიმე მემკვიდრეობას დავტოვებთ. ამიტომაა საჭირო, ვიყოთ მშვიდი, მდაბალი და გაწონასწორებული. ყველა მოქმედებით ამ ქვეყნის წინსვლას უნდა დავეხმაროთ და არა პირიქით. ჩვენ კი ბოლო 30 წელი სულ ერთმანეთთან ბრძოლაში ვართ. სამწუხაროა, მაგრამ უახლესი ისტორიიდანაც ვერ ვისწავლეთ, რომ ძმათამკვლელ ომს ძალიან მძიმე შედეგი მოაქვს.

რაც ღვთისგან ნაქადაგებია, ყველაფერი ჭეშმარიტებაა. უფალი გვეუბნება, რომ თუ არ ვიქნებით მასთან ახლოს, აუცილებლად მოწინააღმდეგის, ე.ი. ეშმაკის გარემოცვაში და მისი ზემოქმედების ქვეშ აღმოვჩნდებით. ეშმაკის მოქმედება არის დაპირისპირება, ცილისწამება, ერთმანეთის დასჯა, შუღლის ჩამოგდება. თუკი უფალისკენ მივდივართ, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ უფლის გვწამდეს აბსტრაქტულად და არ ვისმენდეთ მის სწავლებას, მის მცნებებს. ერთია თეორიული ცოდნა და მეორეა -- შედეგობრივი, გამოცდილებითი ქრისტიანობა. თუ ვიცხოვრებთ ასე, მალევე მივხვდებით, რომ ასეთი გამძაფრებული დაპირისპირებით ქვეყნის შიგნით, როცა ადამიანები საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებენ, და, ამავდროულად, ასე სძულთ თავისივე მოქალაქე, იმეტებენ მას საცემრად ან კიდევ უფრო მძიმე განზრახვისთვის, ამ შემთხვევავში, ჩვენ ქრისტესთან საერთო აღარაფერი გვაქვს. ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი მხოლოდ ეშმაკია! ამგვარი შემოტევების აცილება სიმშვიდით მიიღწევა და ამის მიღწევას ადამიანი ახერხებს ეკლესიის წიაღში სწორი ცხოვრებით, მადლის მიღებით. ისე, თავისთავად, ეს ვერ მოხდება. ეკლესიაში დღევანდელ დღემდე ღვთის მადლი უშრეტად გადმოდის, მაგრამ ადამიანის ურთიერთობა მასთან მაინც ზედაპირულია.

დღეს ყველაფერი აქ, ამქვეყნად გვინდა მივიღოთ, აქ გვინდა გვქონდეს, აქ უნდა დავიკმაყოფილოთ მოთხოვნები, სურვილები და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ასეთი მიდგომის გამო დასაწყისშივე მოტყუებულია ადამიანი, რადგან ამგვარი დამოკიდებულებით ვერასდროს მიაღწევ იმას, რაც ადამიანის სულს, პიროვნებას აკმაყოფილებს – ის მიწირებაში არ დევს, ის სულის მოთხოვნილებაა და, შესაბამისად, სულიერ სრულყოფაში მოიპოვება. თავად ადამიანიც არ არის მიწიერი ყოფისთვის შექმნილი, მარადიულ ყოფას კი თავისი მასაზრდოებელი ჰყავს საკუთარი ღვთიური კანონებით. სულიერებას ადამიანი ხელით ვერ ეხება, მაგრამ იმ წუთშივე გრძნობს მისგან დაცლას, როგორც კი მატერიალური კეთილდღეობა შთანთქავს. ეს ყველაფერი მას ვერ ასაზრდოებს და იწყება სულიერი კრიზისი. მატერიალიზმით გარემოცულ საზოგადოებაში ძნელია, დაუბრუნდე საწყის, სულიერ ყოფას. სწორედ ეს პროცესია ჩვენთან დღეს და ამიტომ თანამედროვე ადამიანისთვის უფალთან მისვლა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ძნელია, ხელი გაუშვა მატერიას, მასზე ასე არ იყო ჩაბღაუჭებული. მაგრამ როგორც კი დაიწყებ უფლისკენ მზერის მიმართვას, მისკენ გადადგამ ნაბიჯს, მაშინვე ხვდები, რომ სულიერებას მოკლებული ურთიერთობა ადამიანებთან და ცხოვრებათან, პირველ რიგში, შენთვის არის დამაზარალებელი, თანაც სამარადჟამოდ...

ლიდერები იმიტომ სჭირდება საზოგადოებას, რომ წარმართონ მისი ცხოვრება. მათში ხალხი უნდა ხედავდეს უფრო აღმატებულს, ვიდრე თვითონ არის. ის ზნეობრივ- მორალური მაგალითი უნდა იყოს. თუკი ზნეობას მოკლებულია, მაშინ ის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანს ადამიანებს და საზოგადოებაც ჩამოყალიბდება ქრისტეს მოწინააღმდეგედ. ფაქტობრივად, ქრისტიანულ ქვეყანაში იყო სახელმწიფოს მმართველი ნიშნავს მართავდე ქვეყანას ქრისტესთან ერთად მისი მრწამსით. ხელისუფალი მაგალითი უნდა იყოს ყველა მიმართულებით: სარწმუნოებით, ზნეობით, გამბედაობით, სიბრძნით და ა.შ.. მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს ქრისტესთან კავშირით. დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას რატომღაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. როგორც ვთქვით, რჩეულები უნდა ფიქრობდნენ როგორც თავის თავზე, ისე დანარჩენი ადამიანების ცხოვრებაზე (ცხონებაზე). უნდა გავითავისოთ, რომ სახელმწიფო მმართველობა და ლიდერობა არის მარადიულ ყოფასთანაც დაკავშირებული და ამაზე ადრე თუ გვიან ყველას მოეთხოვება პასუხი უფლისგან!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

 

 

ნანახია: (337)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას