logo.png

წმიდა თეოფანე დაყუდებული - "სიყვარული - გვირგვინი ქრისტიანული ცხოვრებისა"

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

სჯულის მოძღვარი ვინმე მივიდა უფალთან და ჰკითხა: როგორ დავიმკვიდრო მარადიული სიცოცხლე? სჯულის მცოდნეს, ე.ი. იმ ადამიანს, რომელიც სწავლობდა და ემყარებოდა ღვთისაგან მოცემულ კანონს, თავადაც უნდა სცოდნოდა ამის შესახებ; ამიტომაც ჰკითხა მას უფალმა: როგორ სწერია ამის შესახებ კანონში, წაიკითხეო. მანაც წაიკითხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელითა გულითა შენითა და მთელითა სულითა შენითა და მთელითა ძალითა შენითა და მთელითა გონებითა შენითა“. მაშინ უფალმა უთხრა მას: „სწორად მიპასუხე, ჰქმენი ასე და გექნება სიცოცხლე“, და ამით დაუმოწმა ანუ დაუდასტურა მისი პასუხი, რომ სხვა გზა მარადიული სიცოცხლისა და სხნისაკენ არ არის და არც შეიძლება იყოს. გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი - მორჩა და გათავდა!

რა მოკლე კატეხიზმოა! როგორი მარტივი კანონისდება! მხოლოდ ორი სიტყვა: გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მოყვასი, უფრო ცოტაც კი - გიყვარდეს, რადგან ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, მას ღმერთში უყვარს მოყვასიც, და ვისაც ჭეშმარიტად უყვარს მოყვასი, მას უკვე უყვარს ღმერთი. რა საჭიროა, - იტყვიან მავანნი, - ასეთი გართულება ღვთისაგან და ხალხისაგან? რა საჭიროა ეს წესები, განწმენდები, საიდუმლოებანი, მთელი ეს სისტემა მეცნიერებათა? რა საჭიროა ეს ვიწრო კარიბჭე და ვიწრო გზა? რა საჭიროა ღვაწლი, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ შევიდნენ ვიწრო კარიბჭეში, და მთელი ის საშუალებები, რომელნიც სიცოცხლეში მიმავალთ უნდა მოამარჯვონ, - ეს მარხვები, მღვიძარება, ლოცვები და სხვა? საჭიროა იმისთვის, რომ აგვამაღლოს სიყვარულამდე. სიყვარული ნათელია და ნაყოფია ჩვენს სულიერ, მხსნელ ცხოვრებაში. მრავალი შრომა და ღვაწლია საჭირო ამ ნაყოფის მისაღებად. როგორც ხის ნაყოფს უსწრებს წინ ყვავილი, ყვავილს - ფოთოლი და ტოტები, ტოტებს - ღერო, ღეროს - ფესვი, და ფესვს კი - თესლი, და რამდენი დრო უნდა გავიდეს, ვიდრე თესლისაგან ხე აღმოცენდება და ნაყოფს მოგვცემს, - ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: თავდაპირველად გულის ნიადაგზე მხსნელი სიტყვის თესლი ეცემა; ამ თესლიდან ვითარდება აღმონაცენი ტოტებითა და ფოთლებით, შემდეგ წარმოიქმნება ხე, რომელიც იძლევა ნაყოფს - ეს ნაყოფი კი სიყვარულია. მას აღმოაცენებს მთელი რიგი მხსნელი საქმეებისა და მოუღლელი შრომა, შემდეგ კი ყველაფერს თავად ასულდგმულებს და აცოცხლებს.

სიყვარული თავისი ჭეშმარიტი სახით სულიერ სამოთხეა. ეს არის თბილი, მშვიდი, კეთილმოსურნე, ცოცხალი, მარად მოძრავი და სიხარულისმომგვრელი მდგომარეობა, რომელიც სულს ჩვენსას ეწვევა არა დროებით, როგორც სტუმარი, არამედ იგია მდგომარეობა მუდმივი, მყარი, ღრმად ფესვგადგმული, არსებითად განუყრელი, როგორც, მაგალითად, სუნთქვა ან გულისცემა. და ვისშიც ეს ძალაა შთანერგილი, იგი ნეტარებს ღრმა, აღუშფოთებელი ნეტარებით. დაე, თუნდაც მუდმივად შრომობდეს, - ვერც შრომას, ვერც მწუხარებას, ვერც წინააღმდეგობებს ვერ ხედავს და ვერ გრძნობს; რამეთუ თავად სიძნელეები ამ სიყვარულის გზაზე კი არ ამცირებენ, არამედ ამაღლებენ მას, როგორც ქარი კი არ აქრობს, არამედ მეტად და მეტად აძლიერებს და აგიზგიზებს ცეცხლის ალს.

დიახ, სიყვარული სამოთხეა, - მაგრამ სამოთხე დაკარგული. ჩაუღრმავდები საკუთარ თავს და ვერ პოულობ მას იქ, ხედავ, რომ არ ხარობს გულში სიცოცხლის ხე; რატომ? იმიტომ, რომ გული მთლიანად დახლართულია ვნებების ბოროტი ხეებით, რომლებიც აშთობენ სიყვარულს. სადაც ვნებაა, იქ სიყვარულისთვის ადგილი აღარ რჩება. სიყვარული გულმოწყალეა, - მაშ, როგორ აავსებს იგი გულს, რომელშიც სხვათა სატანჯველების მიმართ გაქვავებული გულგრილობა სუფევს? სიყვარულს არ შურს, - მაშ, როგორ დაივენებს იგი გულში, რომელშიც შური ბინადრობს? სიყვარული არ იმაღლებს თავის თავს და არ ამაყობს, - მაშ, როგორ ეწვევა იგი გულს, რომელშიც სიამაყე და პატივმოყვარეობაა გაბატონებული? სიყვარული თავისას არ ეძებს, - მაშ, როგორ ესტუმრება იგი გულს, რომელშიც ყოველგვარი ქმედების საწყისი თავმოყვარეობა გამხდარა? სიყვარული უღირსი არ არის, - მაშ, როგორ აღმოჩნდება იგი გულში, რომელიც უღირსი ვნებებით ავსებულა? სიყვარული არ ხარობს უსამართლობის გამო, - მაშ, როგორ დაიბუდებს იგი გულში, რომელიც ბოროტისმეტყველებისაკენ, განკითხვისა და წყევლა-კრულვისაკენაა მიდრეკილი? ამიტომ თავადპირველად ამოძირკვეთ ვნებათა ეს ბოროტი ხეები. მათ ადგილზე კი ერთი მრავალტოტიანი ხე გაიხარებს, რომელიც იძლევა ყვავილსაც და ნაყოფსაც სიყვარულისა. მაგრამ დაიწყებთ თუ არა ვნებათა ამოძირკვას, უცილობლად აღმოჩნდებით ვიწრო და მწუხარებებით სავსე გზაზე, წააწყდებით აუცილებლობას, აღიჭურვოთ ღვაწლით და თავშეკავებით, იძულებული იქნებით გაიაროთ ყველა განსაწმენდელი, გამოსასწორებელი და სახელმძღვანელო კანონი ღვთის ეკლესიისა; ანუ ვიდრე სიყვარულის ერთობას მოიპოვებდეთ, ბევრი შრომა და ღვაწლი მოგიწევთ, მოგიწევთ, გაიაროთ ტყე, ვიდრე მიაღწევდეთ შვებისმომგვრელ, ყვავილებით მოფენილ ველს სიყვარულისას.

აშაკარაა, რომ აქეთკენ მავალი გზა მოკლე და იოლი არაა. ამიტომ როცა თანამედროვე ფილანტროპთა მომხიბლავ ლოზუნგს მოისმენთ: „ყველაფერი სისულელეა, საკმარისია მხოლოდ სიყვარული“, - ქარაფშუტულად ნუ აჰყვებით მას. მოიცადეთ, სანამ ყველაფერს სისულელედ მიიჩნევდეთ. ჯერ მოთმინებით გაიარეთ ყოველივე, რასაც წმიდა ეკლესია გთავაზობთ კეთილმსახური ცხოვრების წესების სახით, ყველაფერი - მცირედან დიდამდე. მხოლოდ ამ გზით მიაღწევთ ჭეშმარიტ სიყვარულს. და როცა ჭეშმარიტი სიყვარული მოვა, თავად გასწავლით, როგორ მოეპყრათ ყველაფერ იმას, რასაც საჭიროდ არ თვლის უმწიფარი და გამოუცდელი ფილანტროპია. კარგი იქნებოდა, ჩვენი სიტყვა რომ ასეთი ძალის მქონე იყოს საკუთარი თავის მიმართ. მაშინ მხოლოდ ვიტყოდით: ამიერიდან მეყვარება ღმერთი და მოყვასი, - და სიყვრულიც გამეფდებოდა ჩვენს გულებში. მაგრამ საქმით მეტწილად სხვაგვარდაა. აზრი და ენა ამბობენ - მეყვარებაო, მაგრამ გული ეწინააღმდეგება ამ სიტყვებს, და როცა სიყვარულის საქმე წარმოგვიდგება, იგი უარს ამბობს მასზე, თვით ფილანტროპიული იდეებით გატაცების წუთებშიც კი. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ასეთი გული გაქვავებულია ეგოიზმით, სიამაყით, მგრძნობიარობით, ანგარებით, რომელთაც მხოლოდ ახალმოდური ფრაზებით ვერ განდევნი. ამიტომაც ამბობს მოციქული, როცა სიყვარულზე წერს: „მისდიეთ სიყვარულს“ (1 ტიმ. 6, 11) - ე.ი. გაძლიერებულად ისწრაფეთ სიყვარულისაკენ, ან „მოიხვეჭეთ სიყვარული“ (კოლ. 3, 14) - ე.ი. დაძაბული შრომა გასწიეთ მის შესაძენად და ილოცეთ, რათა ღმერთმა მოგმადლოთ სული სიყვარულისა (2 ტიმ. 1, 7), რადგანაც „სიყვარულის ღვთისგანაა“ (იოან. 4, 7) და ჩვენს გულებში სულიწმიდის მიერ იღვრება (რომ. 5, 5), ხოლო ნიჭი სულისა უნდა დაუმსახუროთ და მიიტაცოთ, და მხოლოდ სიტყვებით ამას ვერ მიაღწევთ.

( წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/teofane_sikvaruli.htm )

ნანახია: (321)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას