ქრისტეს სწავლებით, მხილება სიყვარულიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ადამიანის სულის ხსნაა. ეს გახლავთ მცდარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შეგონება საკუთარი თავის აღსაქმნელად, მათი ფერიცვალების მიზნით. ამასთან, მხილებელი უნდა ატარებდეს დიდ სულიერებასა და სიყვარულს, რომელიც ქრისტიანული მრწამსი საფუძველია.
კაიაფასგან მაცხოვარის განსჯისას,როდესაც მღვდელმთავარი ეკითხება იესოს, ვინ არიან მისი მოწაფეები და რას ასწავლიდა იგი, მაცხოვარი პასუხობს: „მე რას მეკითხები? მსმენელებს ჰკითხე, რას ველაპარაკებოდი მათ. აი, მათ იციან, რასაც ვამბობდი“ (იოანე 18, 20). ამ დროს ერთ-ერთი მსახურთაგანი გაარტყამს იესოს სახეში, რაზედაც მაცხოვარი მოსთხოვს პასუხს: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რადა მცემ?“ (იოანე 18, 23). მისი ნათქვამი – რადა მცემ? – მოწოდებაა იმ მსახურისთვის, რომ უსამართლოდ მოქცევა შეურაცხოფაა, ფიზიკური ჩაგვრა კი ღვთის მცნების დარღვევა და უსამართლობა. თუ არ შეინანებდა, ამისთვის პასუხს აგებდა, სამარადჟამო სასჯელს დაიტეხდა თავს, ამიტომ ჰკითხა, შენ რატომ გამარტყიო. არც მისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, არც მღვდელმთავრისთვის, მით უფრო, რომ ეს ადამიანი იუდეური სარწმუნოებისა და ეროვნებისა არ იყო. სახელიც კი ცნობილია მისი – მალქოზი ერქვა. ეს კი არც რომაული წარმომავლობის სახელია. სავარაუდოდ, ისიც რომელიმე დაპყრობილი ერიდან იყო, ამიტომ ამგვარი დამოკიდებულება არ უნდა გამოეხატა, მაგრამ მაინც ასე იმოქმედა.
მაცხოვარს თავისი ძალმოსილებით რომ მოეთხოვა პასუხი, მყისიერად ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებდა ჯარისკაცი, მაგრამ საღვთო სიყვარულიდან გამომდინარე, ის შეგონებას ცდილობს, უქადაგებს, რომ დაინახოს თავისი შეცოდება და სინანული აღეძრას. თუ შეინანებდა, აპატიებდა და ეტყოდა, როგორ უნდა გამოესყიდა თავისი ცოდვა ცხოვრებით, ღვთისა და ამვდროულად, განღმრთობილი კაცის, მართალი კაცის შეურაცხყოფა, რადგან სინანული შეგნებული მდგომარეობაა ღვთის წინაშე საკუთარი თავის განცდისა, თუ რა მდგომარეობით დგას, როგორ უნდა იცხოვროს შემდეგ, რომ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს. შესატყვისი სინანულის შემთხვევაში მაცხოვარი მოწყალეა ადამიანის მიმართ, მისი განკაცებაც ხომ სწორედ მიტევება და ადამიანის ცოდვისგან გამოხსნაა!
უფალმა იესო ქრისტემ სწავლებაც დაუტოვა მის მორწმუნეებს, როგორ იმოქმედონ ყველა ასეთ შემთხვევაში: „ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი“ (მათე 18, 15-17).
ამ მრწამსით ცხოვრობდა ქართველი ერი, დღესაც ამავე სარწმუნოებით, ამავე ქრისტიანული შეგნებით ვმოქმედებთ და ეს თუნდაც რუსებთან მოქმედებითაც ჩანს. მიუხედავად იმ სამსაუკუნოვანი სისაძაგლისა, რომელიც ჩვენდამი გამოიჩინეს, დღეს ისევ მივიღეთ, იმ წარმოუდგენელი შეურაცხყოფების შემდეგ, ჩვენს ერს და ქვეყანას რაც მიაყენეს, წაგვართვეს ძირძველი კუთხეები, ეთნოწმენდა მოაწყეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გამოგვყარეს სატვირთო თვითმფრინავებით თავისი ქვეყნიდან!
კი ბატონო, შეგვეძლო, არ მიგვეღო, მით უმეტეს, რომ დღესაც საომარ პირობებში არიან ჩვენთან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უარი გვეთქვა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლაზე, ვერც ვერვინ გვისაყვედურებდა ჰუმანურობის კუთხითაც, მაგრამ მაინც მივიღეთ. და რაკიღა მივიღეთ, მათთვის სიმშვიდით ქრისტიანობის ქადაგება მოგვიწევს, რადგან თქმაც აუცილებელია, როგორც უფალმა გვასწავლა, რომ მიხვდნენ თავის დანაშაულს ჩვენდამი.
„ერთმორწმუნეებს“ ყველა მცნება აქვთ დარღვეული ჩვენთან მიმართებით. ამ ხალხს ზესახელმწიფოდ და განსაკუთრებულ ერად მიაჩნია თავისი თავი, რომ მთელი სამყარო მათ ირგვლივ ტრიალებს, ასე თვლის და ასე მოქმედებს. მაგრამ უფალი, რომელიც მათ აღარ ახსოვთ, სულ სხვანაირად მოქმედებს! მისი განგებით სწორედ ერთ-ერთი მათგან დაჩაგრული მცირე ერის წინაშე მოუწიათ მუხლის მოყრა და თავშესაფრის თხოვნა. ასე მოქმედებს უფალი, როცა ვერაფრით აგებინებს და ახვედრებს ვისმეს ამპარტავნულ მდგომარეობას და მოქმედებას სხვა ქრისტიანული ქვეყნების მიმართ.
როგორც მაცხოვარი ასწვალის, „რასაც შენს თავს არ უსურვებ, სხვას ნუ გაუკეთებ“. თუ არ შეისმენ ღვთის სიტყვას, ყველაფერს, რასაც სხვას უკეთებედი, იმავე ბოროტებას გამოგცდევინებს საკუთარ თავზე... ამიტომაც ჯერ კიდევ ბევრი რამის გამოცდა მოუწევთ თავისსავე ქვეყანაში, რაც დიდხნიანი და გარდაუვალი პროცესია. ისეთ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ, რომ მხოლოდ სიბრალულს იწვევდეს მათი მდგომარეობა. ჩრდილოკავკასიელთა ნაწილიც გვებრძოდა აფხაზეთში, მაგრამ მერე ისევ ჩვენ შევიფარეთ, როდესაც რუსებმა განდევნეს და ხოცეს საკუთარ ტერიტორიებზე, ასე რომ, დიდია უფალი და მისი განგებულება.
მაცხოვარს ეკითხება პეტრე: „უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“ (მათე 18, 21-22). ქრისტეს მცნებების დაცვით უნდა ვიცხოვროთ, ყველას უნდა მიუტევოთ, ოღონდ სინანულის განცდაც უნდა ჰქონდეთ, უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ წინაშე დამნაშავეები არიან, რომ ქრისტიანული ცხოვრება ადმიანის ცხონებაზეა ორიენტირებული და არა მის განადგურებაზე, რომ ჩვენ ვიქცევით ქრისტიანულად და არა ისინი.
ვითხოვოთ უფლისგან ძალა და სიბრძნე, რომ ჩვენი მოქმედებიდან გამომდინარე, მათ სინანული გაუჩნდეთ. მაგრამ დიდი სიფრთხილეც გვმართებს ამ კატეგორიის ხალხთან ურთიერთობის დროს. ამ ხალხის ცხოვრებას ვინც იცნობს, კარგად იცის, როგორი სიმთვრალისკენ არიან მიდრეკილები, დალევენ და მერე აუცილებლად ჩხუბობენ. ეს ჩვეულებრივი ყოფაა მათთვის, როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისთვის. გოგოებისა და ქალების მიმართ შეურაცხყოფა, „მატერშინით“ ლაპარაკიც მათთვის ასევე ჩვეულებრივია, როგორც საკვების მიღება. ამიტომ ქალებიც ხშირად თავდაცვის მიზნით იმავეს უბრუნებენ, რაც ხელჩართულ ბრძოლაში გაგადის. ასეთი ყოფა აქვთ, ამგვარი შეგნება. სიმთვრალეში არც სასულიერო პირებს ერიდებიან და უსწორდებიან, ამიტომ ძალიან ფრთხილი და სწორი მოქმედებები არის საჭირო. ალბათ პოლიციასაც მოუწევს უფრო მეტი მუშაობა კვების ობიქტებთან, რესტორნებთან, გასართობ კლუბებთან პატრულირებაც აუცილებელი იქნება. მათ ქვეყანაში ასეთი საშუალებებით ხდება ბრბოს კონტროლი და მართვა, გამოსაფხიზლებლების დაბრუნებაც გახდება საჭირო, რადგან ასეთ მოქმედებას საპასუხო ქმედებებიც მოჰყვება, რაც შეიძლება დაპირისპირებებში გადაიზარდოს. აკიღა კიდეც ვხედავთ დროდადრო ამგვარ დაპირისპირებებს.
ამავდროულად, ეს ხალხი ბრბოს პრინციპით მოქმედებს, რაც მეტნი არიან, მით უფრო მატულობს თავდაჯერებულობა და შეეცდებიან ყველაფერი თავის თავზე მოირგონ, ამიტომ „თითქოს არც არაფერი მომხდარა“ პრინციპით არ უნდა შეხვდეს არც ერთი ადამიანი მათ გამოჩენას, ყოველთვის ღირსეული მოქმედებაა საჭირო, რომ მიხვდნენ – სამოწყალად არიან შემოშვეული ამ ქვეყანაში. თუ ჩვენი დამოკიდებულება იქნება „ბედნიერი ვართ თქვენი სტუმრობით“, მაშინ ჩათვლიან, რომ მათი მოქმედება ჩვენი ქვეყნისა და ერისადმი სამართლიანი იყო, პროტესტი თუკი არაფერზე გვაქვს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო და მაშინ აქვე, ჩვენს ქვეყანაშივე გაგვხდიან მონებად (აკი ხდიან კიდეც უკვე). ასე რომ, ქრისტიანული რწმენითა და ღირსებით უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც სულაც არ ნიშნავს ყველაფერზე თავის ქნევას და ქედიც მოდრეკას, „ყველის ვაჭრის“ ღიმილით ყველაფრის მიღებას. მრავალი ერისთვის გვიქადაგია და გვისწავლებია სიტყვით და საქმით ქრისტეს სიტყვა, მათ შორის მათთვისაც, მაგრამ ღვთის განგებით, მოგვიწევს მათთვის სრულიად სხვა, თავის ქვეყნიდან ლტოლვილ მდგომარეობაში შემოსულთათვის ქრისტიანობის ქადაგება ისევ ღვთის სიყვარულის გამო, რათა მიხვდნენ რომ ქრისტიანობა უფალთან ერთად მისი მცნებებით ცხოვრებაა და არა მართმადიდებელი ქრისტიანი ხალხის დევნა.
ჩვენთან არს ღმერთი!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (481)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას