logo.png

ნუ გვექნება ანტიქრისტანული საბჭოთა იმპერიის აღდგენის სურვილი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

"დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს

საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

ამონარიდი კათალიკოს–პატრიარქ ამბროსის (ხელაია)

მიმართვიდან გენუის კონფერენციისადმი

დღეს, სამწუხაროდ, ბევრს ისევ აქვს ნოსტალგია ანტიქრისტანული, უფლის მოძულე, ღვთისმგმობელი საბჭოთა იმპერიისა. თითქოს გაუჩნდათ იმედი და ელოდებიან აღდგენას იმ იმპერიისა, რომელიც ქრისტეს ეკლესიის განადგურებას ცდილობდა, ანგრევდა ტაძრებს, შეურაცხყოფდა სიწმინდეებს, ასახლებდა და ხოცავდა მორწმუნეებსა და პატრიოტებს, როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს, რომელთა სისხლსა და გვამებზე დაშენდა სახელმწიფო, რომლის აღდგენასაც დღეს პუტინი ცდილობს. უკრაინასაც ხომ დეკომუნიზაციის გადაწყვეტილების გამო დაემუქრა, რომ აჩვენებდა, რა არის „დეკომუნიზაცია“ და გამოუცხადა ომი...

ამ კატეგორიის ადამიანებს ვერაფრით წარმოუდგენიათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს ბოროტება თავად მათ დაატყდებათ თავს, ვინც მის აღდგენას ელოდება და ამის სურვილი აქვს.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საბჭოთა ანტიქრისტიანული, აგრესიული წარმართობიდან გამოყვანა ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლას ჰგავს, რომელიც უფლის ძალმოსილებით მოხდა თავის დროზე ებრაელთათვის და დღეს ქართველებისთვის ხდება. ებრაელებში ვინც კი რწმენის ნაკლებობას უჩიოდა, უფალზე სასოებისა და მისი მფარველობის ნაცვლად ისევ ფარაონისა და ეგვიპტის იმედად რჩებოდა, ვისაც ისევ ეგვიპტე ენატრებოდა, იქ მონობაში ცხოვრება ერჩივნა, ვიდრე უფალთან ერთად ღვთის ერად, თავითმყოფად ერად ცხოვრება: „ჭრელი ბრბო, მათ შორის რომ იყო, აჰყვა გულისთქმას. ატირდნენ ისრაელიანებიც და ამბობდნენ: ვინ გვაჭმევს ხორცს? გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა“ (რიცხვთა 11, 4-6). უფლისდმი ასეთი უმადურობისთვის ისრაელი დაისაჯა – ორმოცი წელი ატარა უფალმა უდაბნოში ებრაელები და აღთქმულ, ღვთისგან ბოძებულ ქვეყანაში მხოლოდ ისინი შეიყვანა, ვინც ამ ორმოცწლიანი მსვლელობის განმავლობაში დაიბადა უდაბნოში – მონობისა და წარმართობისგან თავისუფალ გარემოში, ღვთის წიაღში ათი მცნებით გაიზარდა და ჩამოყალიბდა, ასევე, ისინი, ვინც ღვთის ნებას აღასრულებდა...

ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს დღესაც უფალთან ერთად თვითმყოფად, თავისუფალ ქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრებას ანტიქრისტიანულ, ღვთისმგმობელ იმპერიაში საქართველოს შეთრევა ურჩევნია, რასაც ქართველი ხალხის ახალი, რუსული მუჰაჯირობა და ასიმილაცია მოჰყვება. გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ ამის თავიდან ასაცილებლად. რუსეთის მოქმედება, როგორც ვხედავთ, სასტიკად აგრესიული და ტირანულია, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებას, ვისაც მისწვდება და შეეხება. პუტინის წარმოდგენით, საბჭოთა იმპერია უნდა აღდგეს ისე, რომ იქ მცხოვრებ ერებს აღარ გააჩნდეთ ეროვნული თვითმყოფადობის არანაირი მახასიათებლი და განახლებულ საბჭოთა იმპერიაში შემავალი ყველა ხალხი რუსად უნდა გამოცხდდეს. უკრაინის დენაციფიკაცია, როგორც თავად ამბობს, სწორედ ამას ნიშნავს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ისაუბრა და გააკრიტიკა ლენინი (ვისი ნაშიერიც თვითონ არის): ლენინმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ერებს ეროვნული თვითგამორკვევის მექანიზმი დაუტოვა ანტიქრისტიანული იმპერიის შექმნის დროს საბჭოთა რესპუბლიკების სახით. ღმერთმა ნუ ქნას და თუ შეძლეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეთრევა რუსეთის ფედერაციაში, მაშინ ისღა დაგვრჩება, რომ ავირჩიოთ როგორი გვქონდეს გვარის რუსული დაბოლოება – სუბარსკი თუ სუბარენკო, დავიდოვი თუ ერისტოვი და ა. შ. მე, პირადად, არ მინდა მქონდეს გვარად მჟედლოვი, როგორც ეს ჩემი დიდპაპის სემინარიის გამოსაშვები ალბომის სურათს აქვს მიწერილი, რომელიც შემდეგ კაპელანად მსახურებდა, ხოლო წითლების შემოსვლის შემდეგ იძულებით მღვდლობა დაატოვებინეს.

და არც კუზნეცოვი მინდა ვიყო! არ უნდა მივცეთ არავის ამის უფლება.

ნუ ოცნებობთ ანტიქრისტეს იმპერიის ფეხზე დადგომას, რაც საშინელ განსაცდელად დაატყდება თავს ჩვენს ქვეყანას. უფლის წინაშე ვითხოვოთ საქრთველოს აღდგენა-გამთლიანება და გაძლიერება, რაც სურს უფალს და რისი ძალიან დიდი შესაძლებლობაც აქვს დღეს ამ ქვეყანას უზენაესთან ერთად მოქმედებით. სწორედ საქართველოა დღეს კავკასიასა და მთლიანად ამ რეგიონში, თურქეთისა და ირანის ჩათვლით, ქრისტიანობის დამცველი და მქადაგებელი, თავისი მრწამსით, კულტურით, ტრადიციით, მოყვასისადმი სიყვარულით, მიმტევებლობით, სტუმარ-მასპინძლობით, რაც წარმოადგენს ცხოვრებით ქრისტიანობას და არამხოლოდ სიტყვით. აი, ეს არის ჩვენთვის უფლის განგება და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ბრძოლის არსებითი მიზანი. აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ჩვენი დიდი წინაპრების ტკივილიანი გამოცდილება, ჩვენი დიდი მოღვაწის, წმინდა პატიარქ ამბროსის (ხელაია) გამოცდილება და სულისკვეთება, რათა ისევ ის შედეგი არ მივიღოთ, რის გამოც მან გენუის კონფერენციას მიმართა ზემომოყვანილი სიტყვებით.

ღმერთმა სიბრძნე მოგვმადლოს, გვაშოროს ის დამანგრეველი შედეგი, რაც მაშინ საქართველომ მიიღო!

შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენთან არს ღმერთი!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (278)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას