საუკუნის წინ დაწერილ ღვთისმშობლის საძმოს ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ: „ქრისტეანო დედანო, მაგალითი იმისა, თუ რა უნდა იყოს მიზანი თქვენი ცხოვრებისა, არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრება. კეთილი აღზრდა შვილთა სარწმუნოებით და კეთილმსახურებით, ეს არის თქვენი ვალი, რომელიც მოგცათ ღმერთმა. ნუ დაივიწყებთ ამ წმინდა ვალდებულებას. თქვენი ზნეობრივი გავლენა შვილებზე, ყველა სხვა გავლენაზე ყველაზე უფრო ძლიერი და სასიკეთოა. დედის სწავლა-დარიგება ღრმად იბეჭდება ბავშვების გულში და სიკვდილამდე რჩება მასში. და რა სჯობია, სიმშვიდეს, მეგობრობას, მოწყალებასა და სიყვარულს, რომელსაც კეთილი, ღვთივსათნო დედები ჩაუნერგავენ შვილებს გულებში ბავშვობიდანვე და რომლებიც წარუხოცელ კვალს ტოვებენ ბავშვის გულში!
დღეს ჩვენი ერი ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას. ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახების შემცირებაა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ერში იკლებს ღვთის მადლი და წყალობა, არის სწორედ ის, რომ მშობლების გადაწყვეტილეით თავისივე შვილების მოწყვეტა ხდება. არც ერთ ომს იმდენი ადამიანი არ შეუწირავს, რამდენიც აბორტებმა შეიწირეს. ამას დემოგრაფიული სერიოზული პრობლემაც მოჰყვა, რამაც მთის რეგიონების დაცლა გამოიწვია, რომ ჩვენს მიწებს ვტოვებთ; უზარმაზარი ქართული რეგიონების, სადაც ქართველები უკვე აღარ ცხოვრობენ, ავტომატურად უბრძოლველად მიაქვს მტერს ჩვენი ტერიტორიები.
ადამსა და ევაზე უფლისმიერი კურთხევა ყველა ოჯახზე ვრცელდება: „და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ“. ამ კურთხევას არავინ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მისი დარღვევის შემთხვევაში ოჯახი და ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება. როდესაც ადამიანი თავისი შეხედულების მიხედვით საზღვრავს, თუ რამდენი შვილი უნდა იყოლიოს, ის ამ დროს არ ფიქრობს იმაზე, რომ ღმრთის ნების წინააღმდეგ მოქმედებს. რამდენ ახალ სიცოცხლესაც შობს დედა, იმდენჯერ იღებს მონაწილეობას ღვთის განგების განხორციელებაში და უფრო მეტად უახლოვდება მას. ამ გზით ადამიანი უფალს სიყვარულში ემსგავსება, რადგან სიცოცხლის დაბადება შეგნებულად და ნებაყოფლობით მხოლოდ ღმრთისა და ადამიანისთვისაა შესაძლებელი. ამავდროულად ახლად მოვლენილი სიცოცხლე სიყვარულით აღავსებს ადამიანს და ქრისტიანად ღვთის შვილად აღზრდა კიდევ უფრო სრულყოფს ადამიანს სიყვარულსა და სიკეთეში. მრავალშვილიან ოჯახში უფროსი და ყოველი მომდევნო ბავშვი თავიდანვე ეჩვევა მზრუნველობას, მფარველობას თავისზე უმცროს დედმამიშვილზე, რის გამოც ასეთ გარემოში აღზრდილები გაცილებით მოსიყვარულენი, კეთილნი და მიმტევებლები არიან, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ოჯახისა და ერისათვის.
სამწუხაროდ, ადამიანთა შეგნება მრავალი მანკიერებითაა დაავადებული, რაც მის ცხოვრებაზე აისახება. ერთ-ერთი გამოვლინება საკუთარი შვილის კვლაა. და ეს ისე ხდება, რომ ამის ჩამდენი ყველანაირად ცდილობს თავისი მოქმედების გამართლებას, უფრო მეტიც, ადამიანთა ერთი კატეგორია დაბეჯითებით ითხოვს - არ შეილახოს აბორტის მკეთებელ ქალთა უფლებები, მათ არჩევანსა და გადაწყვეტილებას არავინ შეეხეოს... სამწუხაროდ, ამ დროს არავინ ფიქრობს იმ ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე, რომელიც ღვთისგან მიეცა, მის მშობელს კი მასზე ზრუნვა დაეკისრა... აი, ასეთ დროს კი ადამიანი ღვთისა და საკუთარი შვილის წინააღმდეგ მოქმედებს. ნაყოფის მოცილების შემდეგ მისი სურვილი - ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება, ყოვლად მიუღწეველია, რადგან ამ შეცოდების შემდგომ მისი ცხოვრების გზას იმგვარი სულიერი ტკივილი სდევს თან, რომ ხშირად ვერ იაზრებს რატომ არის ამ მდგომარეობაში. ცოდვა ისეთი სახით უბრუნდება ერთ კონკრეტულ ადამიანსა, ოჯახს თუ ქვეყანას, რომ იმ ტკივილს განაცდევინებს, რაც აბორტის საშუალებით მოწყვეტილი შვილის შემთხვევაში უნდა განეცადა.
მცირედმორწმუნეობა ყოველთვის ყველაფრის სათავეა. ამ დროს ადამიანი თავის კეთილდღეობას ყველაფერზე წინ აყენებს, თვლის, რომ მრავალი შვილის ყოლის შემთხვევაში ვერ მისცემს მას სათანადო აღზრდას, განათლებას, რადგან ძალზე დიდი ენერგია ესაჭიროება თუნდაც ერთი შვილის სწორ აღზრდას. ცოლ ქმარი თუ მარხვას იცავს და თავშეკავებით ცხოვრობს ამ პერიოდში ისეთი სიმრავლე შვილერებისა არ ეძლევა ოჯახს რომ მისი უზრუნველყოფა რაიმეს მხრივ ვერ შეძლოს. მაგრამ დღევანდელ დღეს ეს ყველაფერი სხვაგვარად აღიქმება სამწუხაროდ... მოდით, სხვაგვარად წარმოვიდგინოთ ყველაფერი: რომელიმე ჩვენგანისთვის რომ ეთქვათ, ამ ყოველივეს სანაცვლოდ, სიცოცხლეს გართმევდნენო, რამდენად მტკივნეული და მიუღებელი იქნებოდა ეს ჩვენთვის... გამოდის, რომ ეს თითიდან გამოწოვილი, უსაფუძვლო მიზეზია; გასულ საუკუნეებში ცოდნის მიღების საშუალებაც ნაკლები იყო და ეკონომიკური უზრუნველყოფაც, მაგრამ დიდი ადამიანები თავიანთი ნიჭითა და შესაძლებლობებით არ მოკლებია ქვეყანას.
ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ქალი მოძღვარს მიმართავს, ვიდრე აბორტს გაიკეთებს, ღვთის მადლი არ უშვებს, რომ ასეთ ცოდვაში ჩააყენოს. ასეთ შემთხვევაში ცდილობენ რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან და მოძღვარს დააკისრონ მისგან მიიღონ კურთხევა ან ისეთი რამ მოისმინოს მოძღვრისგან რომ მის საფუძველზე გადადგას ეს ნაბიჯი და ღვთის წინაშე როგორც ადამიანის და ამავდროულად შვილის მკვლელად არ განიცდიდეს თავს. ყველა მოძღვარი ასეთ დროს იბრძვის რომ ცდომილ სულს ამგვარი განზრახვა გადააფიქრებინოს და როცა უფლის წყალობით, ამას აღწევს, მაშინ მოდის ბედნიერებაც. გადაივლის განსაცდელი და მადლიერ ქალს ასე გადარჩენილი შვილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდება, რადგან იაზრებს, თუ რისთვის იმეტებდა მას და საკუთარ თავსაც რამხელა სასჯელს ადებდა, ასეთ დროს მოძღვარიც განსაკუთრებული სიყვარულს განიცდის ამ ბავშვის მიმართ, მადლიერებით ივსება რვთისგან რომ ერთ ღვთისშვილს კიდევ შეუნარჩუნე სიცოცხლე.
ღვთის განგებით ისახება ადამიანი და იმავე განგებით მიეცემა მას ამა თუ იმ ქვეყანაში მოქალაქეობა. მისთვის იმ თავითვე განსაზღვრულია მიწის გარკვეულ მონაკვეთზე დამკვიდრება იმ ქვეყანაში, სადაც უნდა მოხდეს მისი დაბადება, არსებობს ყველანაირი საშუალება, რომ მან თავისი შრომით იცხოვროს თავისი ნიჭირაც მას უფალმა მოჰმადლა თავის ქვეყანას და ოჯახს მოახმაროს. ამ დროს საკუთარი შვილისა და გენის მომწყვეტი მშობელები გამრავლებას უშლის ხელს და ასეთ ვითარებაში ამ ტერიტორიაზე უცხო ტომი იწყებს დამკვიდრებას. უფალი უშვებს ამას, რომ ერი მიხვდეს: თავისი უგუნური გადაწყვეტილებით სპობს მისი გენის შემდგომში არსებობას. უფრო მკაცრი სასჯელიც მოწეულა ზოგიერთი ერის თავს: საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე ეს ხალხი სიმრავლის ნაკლებობის გამო სხვა ერის მონა გამხდარა.
დღეს გასაჭირისა და ფინანსურად ნაკლები შემსავლის გამო ქალთა უმეტესობა ოჯახს აკლდება, ეს მძიმე შედეგს იძლევა, რადგან ბავშვი განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენს დედის მიმართ და მისგანაც მოითხოვს სითბოსა და ყურადღებას რომელშიც უნდა იზრედებოდეს კიდეც. თუ პატარა აკლდება ასეთ ურთიერთობას, სიყვარულის ნაკლებობას განიცდის, ყალიბდება საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილ ადამიანად და ცივი დამოკიდებულება უვითარდება ოჯახურ გარემოშიც და მის გარეთაც, რაც მომავალში მრავალ ტკივილს, დაუნდობლობას, სისასტიკეს შობს რასაც დღეს სამწუხაროდ ჩვენი ერიც აწყდება. ამიტომ არის, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ამგვარი ურთიერთობის მაგალითი გადავსებული საპატიმროებია, მძიმე დანაშაულებია. ყოველივე სწორედ საზოგადოების ეკლესიას მოკლების, ქრისტეს მადლზე უარის თქმის შედეგია, ამ ყოველივეს გამოსასწორებლად სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ზრუნვა და ყურდღებაა საჭირო, ბავშვებს ბაღიდან, სკოლიდანვე უნდა ჰქონდეთ ეკლესიასთან შეხება, დედას უნდა შეექმნეს პირობები, რომ მაქსიმალურად მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს ოჯახს, შვილების აღზრდას, რაც მრავალმხრივ განაპირობებს ქვეყნის სიძლიერეს. ერის სულიერად აღზრდას შემდგომ ქვეყნის მატერიალური კეთილდეობა და სიძლიერეც მოჰყვება, თუ არა, მაშინ ყველაფერი უკუშედეგს იძლევა, რასაც, როგორც ვხედავთ, რაც დრო გადის უფრო და უფრო თვალნათლივ ჩანს. ამიტომ აღვასრულოთ უფლის სიტყვა და და მისგანაც არ დააყოვნებს პასუხი: „ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მთ. 6,33).
საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (259)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას