logo.png

ტაძრებთან პირუტყვის სისხლის დაღვრა ეკლესიის შეურაცხყოფაა თუ პატივის მიგება?!

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

საბჭოთა პერიოდში უამრავი მანკიერი ტრადიცია ჩამოყალიბდა, მათ შორის, ქრისტიანული ტრადიციების შეცვლა, რელიგიური რიტულების არსებითი მნიშვნელობისგან დაცლა, პაგანიზაცია და აღრევა ძველი და ახალი აღთქმის მსახურებებისა, ანუ გახალხურება. ერთი მათგანი ე. წ. დეკანოზების მიერ შესრულებული რიტუალია მთაში, როდესაც საკლავს კლავენ და ამ დროს ზეპირად გადმოცემულ ლოცვებს კითხულობენ. რეალურად ეს მღვდლის საიდუმლო ლოცვებია, დამახიმჯებულად წარმოთქმული, რომელსაც მწირველი მღვდელი ლიტურგიის დროს კითხულობს, ხოლო უსისხლო მსხვერპლშეწირვის ნაცვლად ე. წ. დეკანოზი ხარს ან ყოჩს კლავს, თითქოს ღმერთს სწირავს საკლავს, ღვთისმსახურებას. ეს უფლისა და მის მიერ დადგენილი ღვთისმსახურების შეურაცხყოფაა, საღვთისმსახურო საიდუმლოს პროფანაციას წარმოადგენს. ქრისტეს განკაცებითა და აღდგომით ადამიანის გამოხსნა და მისი უმანკო სისხლით კაცობრიობის გამოსყიდვა მოხდა; მაცხოვრის მიერ აღსრულებული მსხვერპლშეწირვით ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვრპლშეწირვა დასრულდა; სოლომონის ტაძარში, სადაც ყოვლადდასაწველი მსხვერპლი იწირებოდა, ორი ათას ოცდაოთხი წელია აღარ სრულდება სისხლიანი მსხვეპლშეწირვა, რადგან უფალმა ახალი მსახურება დაადგინა: „და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა ა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვს მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე არს სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული“ (ლუკა 22, 19-20). პავლე მოციქული გადმოგვცემს: „რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთვს განტეხილი: ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“ (I კორ. 11, 23-24).

თუმცა დღეს გარკვეულ ხალხში ეს ყველაფერი აღრეულია და რას ასრულებენ და რას არა, მნიშვნელობა აქვს, არსებითად არ ესმით. მიაჩნიათ, რომ ეს მათი ტრადიციაა ძველი დროიდან და მისი დათმობა ტრადიციას თვიდმყოფადობას დააკარგინებს, ეს კი მათთვის შეურაცხმყოფელია. სინამდვილეში სწორედ ასეთი მოქმედება არის ქრისტეს ტაძრისა და მისი საიდუმლოს შეურაცხყოფა, ტრადიციების გაუფასურება, გაუკუღმართება. უფალმა აზიარა მოწაფენი და მცნებად დაუდო: „ამას ჰყოფდით... ჩემდა მოსახსენებლად“. და ეს მსხვერპლშეწირვა უნდა სრულდებოდეს „ვიდრემდის მოვიდეს“ უფალი (I კორ. 11, 26), ანუ პავლე მოციქულის დარიგების მიხედვით, უფლის მეორე მოსვლამდე. ეს მაცხოვრის სიტყვებიდანაც ჩანს: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა“ (ინ. 6, 53). ეკლესიამ დაარსების პირველი დღეებიდანვე მიიღო ევქარისტია, როგორც უდიდესი საიდუმლო და მისი დადგინება უდიდესი ზედმიწევნითა და კეთილკრძალულებით არის დაცული. იგი სრულდება და აღესრულება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელი ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,16-17). ქრისტიანულ ტაძრებთან პირუტყვის დაკვლა და სისხლის დაღვრა, ცხვრისა და ხარის თავ-ფეხის ტაძრებთან მიტანა ეკლესიის შეურაცხყოფაა, ქრისტეს მსახურების უპატივცემლობა და შესაბამისად, უმძიმესი ცოდვა. ასეთი სცენები საშინელებათა ფილმების კადრების ასოცირებას ახდენს. ღვთის მიერ დადგენილი ამ მისებრ უღმესი და მიუწდომელი საიდომლოს წინაშე ადამიანების მიერ ცხოველთა სისხლით უფლისთვის მსხვერპლის შეწირვა ქრისტიანობის არსის სრულ აღუქმელობას და სიბეცეს ნიშნავს, რომელიც წარმართობისკენ გადადგმული ნაბიჯს წარმოადგენს.

უფალი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების პირით აცხადებს, თუ რას იწირავს ებრაელებისგან და რა სურს მას. ყოვლადდასაწველი მსხვერპლიც წინასახე და სწავლება იყო ადამიანისთვის, არ დავიწყნებოდა მესიის მიერ სისხლის დაღვრის შესახებ – პასექის კრავის დაკვლა შეახსნებდა მას ხსნელი მიერ დაღვრილ სისხლს, რომელიც ცათა სასუფეველში დააბრუნებდა და ცოდვისგან გაათავისუფლებდა კაცობრიობას, რაც აღსრულდა ქრისტეს ჯვარცმითა და აღდგომით. ძველი აღთქმის პერიოდშიც უფალი სულიერ მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა ადამიანისგან, უპირატესი სულიერი სიმდაბლე იყო. ახალი აღთქმა ხომ აბსოლუტური სულიერებაა, აქ რაიმეს დაკვლა და სისხლის დაღვრა სრული დაშორებაა ქრისტეს მცნებებისგან. „არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა; რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყვი. ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შეუნიერებაი ველთაი ჩემ თანა არს. შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი. ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა? შეჰსწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი. და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე“ (ფსალმ. 49, 9-15); „რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაწყოს“ (ფსალმ. 50,18- 19). ე. ი. სიმდაბლეს, სასოებას, სადიდებელ ლოცვას და მადლიერებას ითხოვს უფალი. სწორედ ასე ცხოვრობდნენ და ამას იცავდნენ ჩვენი წინაპრები, მარხულობდნენ ყველა მარხვას, აუცილებლად ესწრებოდნენ წირვას, ეზიარებოდნენ ღვთის მიერ დადგენილ საიდუმლოს, ქრისტეღმერთს, რადგან იცოდნენ და სწამდათ, რომ არსებითი და უმთავრესი უფალთან თანაზიარყოფაა. ხოლო უღირსად ზიარების შემთხვევაში მასთან მიახლება სასჯელად იქცეოდათ: „რამეთუ რაოდენ-გზისცა სჭამდით პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცთა და სისხლთა უფლისასა. გამო-და-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელსა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,26-30). მხოლოდ წირვის შემდეგ საუფლო და დიდ დღესასწაულებზე ტაძრიდან მოშორებით ტრაპეზობდნენ ზომიერად, სახლში გამზადებული და ადგილზე მიტანილი საკვებით. ეს იყო ზომიერი შეკრება, რომელიც ზედმეტ ხმაურსა და ღრეობაში არ გადადიოდა; იცოდნენ, რომ უფლისა და წმინდანთა პატივსცემა სიმთვრლითა და ნაყროვანებით არ გამოიხატებოდა. არ ნაგვიანდებოდა ტაძრის ეზო და მისი შემოგარენი, პირიქით, დიდი კრძალულებით იქცეოდნენ ტაძრების, მონასტრების სიახლოვეს, თითო კენჭსა და ხის ნაფოტსაც კი არ უცვლიდნენ ადგილს, ყოველთვის სისუფთავეს ინარჩუნებდნენ, რომელიც სიწმინდესთან და პატივსცემასთან არის დაკავშირებული. ფრინველს, ცხვარს ან საქონელს მონასტერს თუ ჩუქნიდნენ, როგორც შენაწირს ეკლესიისადმი, მას ცოცხლად უშვედბენ, ან დამუშავებული, გასუფთავებული მიჰქონდათ. დღესაც სწორედ ასე უნდა მოქმედებდეს ქართველი ხალხი, ძველ ტრადიციას სწორედ ამ შემთხვევაში დავიცავთ.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (72)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას